ქართული სამემკვიდრეო სამართალი მემკვიდრეობის მიღების ორ ფორმას იცნობს: სამკვიდროს მიღება განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით და სამკვიდროს მიღება სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით ან მართვით.
პირველ შემთხვევაში საჭიროა, კანონით ან ანდერძით მემკვიდრემ მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით. მეორე შემთხვევაში საკმარისია, მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგეს სამკვიდროს ფლობას ან მართვას. ამასთან, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ აღნიშნული უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
წინამდებარე ბლოგში ვისაუბრებთ მემკვიდრეობის ფაქტობრივი ფლობით მიღებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, პროცედურებსა და იმ სირთულეებზე, რასაც მემკვიდრე შესაძლოა გადააწყდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლებით მიღების შემთხვევაში.
რას ნიშნავს სამკვიდროს მიღება?
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც მიმართულია მემკვიდრეობის მიღებისკენ. შესაბამისად, სამკვიდროს მიღება მემკვიდრის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ხდება.
გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) დანაშთი ქონების მემკვიდრის საკუთრებაში გადასვლისთვის აუცილებელია, მემკვიდრემ კანონით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს ერთ-ერთი შემდეგი მოქმედება:
- ფაქტობრივად დაეუფლოს სამკვიდროს ან
- სანოტარო ბიუროში შეიტანოს განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ.
წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო არ მიუღია.
პრაქტიკაში შესაძლოა სირთულეები წარმოიშვას კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების მტკიცების თვალსაზრისით, რაც, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებებით. აქედან გამომდინარე, ნოტარიუსისთვის განცხადებით მიმართვა ყოველთვის უფრო იოლი და, შესაბამისად, მიზანშეწონილია იმ გარემოების მტკიცებასთან შედარებით, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას.
მიღებული ქონება მემკვიდრის საკუთრებად მიიჩნევა სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამასთან, სამკვიდრო წარმოადგენს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (აქტივი), ისე მოვალეობების (პასივი) ერთიანობას. შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
სამკვიდროს მიღების წესი ერთნაირია კანონით და ანდერძით მემკვიდრეობის დროს.
რამდენია სამკვიდროს მიღების ვადა?
სამკვიდროს მიღება უნდა მოხდეს 6 თვის ვადაში, რომლის გასვლა წყვეტს სამკვიდროს მიღების უფლებას.
აღნიშნული ვადა აითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან (იხ. ქვემოთ).
თუ სამკვიდროს მიღების უფლება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როცა სხვა მემკვიდრეები (მაგალითად, წინა რიგის მემკვიდრეები) სამკვიდროს არ მიიღებენ, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ზემოაღნიშნული 6-თვიანი ვადის დარჩენილი დროის განმავლობაში, ხოლო თუ ეს დრო 3 თვეზე ნაკლებია – 3 თვის განმავლობაში.
რას ნიშნავს სამკვიდროს გახსნა?
სამკვიდრო იხსნება მამკვიდრებლის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების შედეგად. შესაბამისად, „სამკვიდროს გახსნა” და „მამკვიდრებლის გარდაცვალება” ერთმანეთის სინონიმებად გამოიყენება.
სამკვიდროს გახსნის დღედ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
შესაძლებელია თუ არა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება?
სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილება საპატიო მიზეზით მოხდა. მაგალითად, თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის შესახებ. აგრეთვე, თუ მან ობიექტური მიზეზის გამო ვერ შეძლო ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდროს ან მიემართა ნოტარიუსისთვის.
ვადის გაშვების საპატიოობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამშვებ მემკვიდრეს. ამასთან, სასამართლოსთვის მიმართვა საჭირო არაა, თუ ყველა მემკვიდრე გამოთქვამს თანხმობას ვადის გამშვები მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე.
რას ნიშნავს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება?
სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის – უნდა დგინდებოდეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი.
მაგალითად, თუ შვილს (I რიგის მემკვიდრეს) მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება მისი გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში არ მიუღია, მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი მამკვიდრებლის შვილია, ე.ი. მემკვიდრეობის უფლების მქონე პირია, მას აღნიშნულ სამკვიდრო ქონებაზე მოთხოვნის უფლებას არ წარმოუშობს.
უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის დროს, არამედ მემკვიდრის მიერ კანონით დადგენილი იურიდიული მოქმედების შესრულებასაც. კერძოდ, აუცილებელია, მემკვიდრემ სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის საჭირო კონკლუდენტური მოქმედება – ფაქტობრივად შეუდგეს სამკვიდროს ფლობას ან მართვას.
იმავე სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ:
ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება. […] მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა). იხ. სუსგ საქმეზე №ას-923-2022, 22 თებერვალი, 2024 წელი.
სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით […] გულისხმობს მემკვიდრის მიერ ნებისმიერ მოქმედებებს ამ ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობის შესახებ, მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას ან გადასახადების გადახდას, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სამემკვიდრეო სახლში მცხოვრები დამქირავებლისაგან ქირის ამოღებას, სამემკვიდრეო ქონების ხარჯზე სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის საჭირო ხარჯების გადახდას ან მამკვიდრებლის ვალების დაფარვას და ა.შ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მითითებული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს როგორც მემკვიდრემ, ასევე, მისი დავალებით, სხვა პირმა[.] […]
სამკვიდრო ქონების მართვა შეიძლება ასევე გამოიხატოს ამ ქონებასთან დაკავშირებით მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი და იურიდიული ხასიათის მოქმედებების განხორციელებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ცალკეული ობიექტების (სახლის, აგარაკის თუ საბაღე ნაკვეთის, სამშენებლო ობიექტების და სხვ.) ნორმალურ ფუნქციონირებას და ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე მოქმედებებში, რომლებიც მიმართულია მთლიანი სამკვიდროს მდგომარეობის მოწესრიგებისთვის (მამკვიდრებლის კუთვნილი ქონებრივი ფასეულობების გამოკვლევა, მოვალეების[ა] და მათ მიერ ვალების დაფარვის პირობები[ს დადგენა] და ა.შ.). იხ. სუსგ საქმეზე №ას-1370-2022, პარ. 17, 28 მარტი, 2024 წელი.
სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, ქონების მართვასა და მოვლა-პატრონობაში, მამკვიდრებლის ქონებაზე დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ. იხ. სუსგ საქმეზე №ას-172-2023, 24 ივლისი, 2023 წელი.
სამკვიდრო მასაში შესაძლოა შედიოდეს სხვადასხვა ნივთი (როგორც უძრავი, ისე მოძრავი). თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, მიუხედავად მასში შემავალი სხვა ნივთების ადგილმდებარეობისა. უზენაესი სასამართლოს განმარტებით:
სამკვიდროს მიღების აქტი უნივერსალურ ხასიათს ატარებს. იგი ვრცელდება მთელ სამკვიდრო ქონებაზე, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და სადაც არ უნდა იყოს. სამკვიდროს მიღებისას მემკვიდრეს შეიძლება სრული წარმოდგენა არ ჰქონდეს სამკვიდრო ქონების ზუსტ შემადგენლობაზე. ამიტომ, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო ქონება. იხ. სუსგ საქმეზე №ას-1370-2022, პარ. 17, 28 მარტი, 2024 წელი.
რა პროცედურების გავლაა საჭირო სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მისაღებად?
როგორც ეს ზემოთ ითქვა, მემკვიდრეობის უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია შემდეგი ორი წინაპირობის დაკმაყოფილება:
- მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ქმედების განხორციელება, საიდანაც აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი და
- აღნიშნული ქმედების შესრულება კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში.
მაგალითად, თუ მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში დაიწყებს ცხოვრებას მამკვიდრებლის ბინაში ან შეუდგება მისი კუთვნილი ავტომობილით სარგებლობას, მიიჩნევა, რომ მან მიიღო სამკვიდრო და ამისთვის დამატებითი იურიდიული პროცედურების გავლა არ მოითხოვება (სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით იხ. ქვემოთ).
ვინ გასცემს სამკვიდრო მოწმობას?
სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი.
სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადება შეიძლება წარედგინოს ნოტარიუსს, რომელთანაც დაწყებულია სამემკვიდრეო საქმის წარმოება (ასეთის არსებობისას) ან ნებისმიერ სხვა ნოტარიუსს.
განმცხადებელი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები (ვრცლად იხ. ქვემოთ).
ნოტარიუსი უფლებამოსილია, მემკვიდრეს მოსთხოვოს მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამემკვიდრეო საქმისწარმოების გახსნის შესახებ საჯარო განცხადების გამოქვეყნება.
თუ ნოტარიუსი უარს ამბობს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, მემკვიდრეს შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს ნოტარიუსის ქმედება საერთო სასარჩელო წარმოების წესით.
რას ნიშნავს მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა?
სასამართლო უფლებამოსილია, უდავო წარმოების წესით დაადგინოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები, მათ შორის, განიხილოს საქმეები მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის შესახებ (მაგალითად, როდესაც ნოტარიუსი უარს აცხადებს მოწმობის გაცემაზე, რადგან წარდგენილი არ არის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები).
სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება შეუძლებელია.
ამრიგად, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტი. ამის საპირისპიროდ, მემკვიდრედ ცნობა არ წარმოადგენს ფაქტის საკითხს. შესაბამისად, დაუშვებელია მისი უდავო წარმოების წესით დადგენა.
რა მტკიცებულებებით დგინდება სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი?
იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე მიმართავს ნოტარიუსს და მოითხოვს სამკვიდრო მოწმობის გაცემას სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების საფუძვლით, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს შემდეგი გარემოებებით/დოკუმენტებით:
- იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ზემომითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვენენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი;
- მამკვიდრებლის კუთვნილი იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციის არსებობას;
- საგადასახადო ორგანოს ცნობა, სადაზღვევო კომპანიის ცნობა, ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრემ შეასრულა მამკვიდრებლის შეუსრულებელი საგადასახადო ან სახელშეკრულებო ვალდებულებები, ან მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) ან სადაზღვევო შენატანები. ამათანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების 6-თვიან ვადაში;
- კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები, ან ქვითრები, თუ შესაძლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია;
- ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ, აგრეთვე ორდერი, სადაც ორდერში შეტანილ პირებში მითითებულია როგორც მამკვიდრებელი, ისე მემკვიდრე;
- სხვა საჯარო დოკუმენტები.
აუცილებელია, რომ ზემოაღნიშნული ვალდებულებები შესრულებული იყოს სამკვიდროს მიღების 6-თვიან ვადაში.
სასამართლოში საქმის განხილვისას, სამკვიდროს მიღება შეიძლება დადასტურდეს მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, ნივთიერი თუ წერილობითი მტკიცებულებებით და სხვა. აღნიშნული მტკიცებულებები უნდა წარადგინოს მოსარჩელემ (ე.ი. პირმა, რომელიც ამტკიცებს, რომ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო).
© 2025 Nexus LLC
იურიდიული კომპანია ნექსუსი
თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/
