
წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ საქართველოში გაცემული დიპლომისა და სხვა საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (აღიარების) წესსა და პირობებზე, კერძოდ, რა ტიპის დოკუმენტები ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან აღიარებას? რა პროცედურას ითვალისწინებს კანონი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისთვის? აგრეთვე სად და როგორ საჩივრდება უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ?
რას ნიშნავს დიპლომის აღიარება?
დიპლომის აღიარება ნიშნავს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებას.
ნამდვილობის აღიარებას ექვემდებარება აგრეთვე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონით განსაზღვრული სხვა „საგანმანათლებლო დოკუმენტები“, კერძოდ, განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (მაგალითად, სკოლის ატესტატი), საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ აღიარებულია:
- ლიცენზირებული ან ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩარიცხული სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლას, მიუხედავად იმისა, შესაბამისი დაწესებულება აკრედიტებული იყო თუ არა;1
- 2005 წლამდე ჩარიცხული სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება კვალიფიკაციის მინიჭების დროს ფლობდა საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას;2
- იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებზე 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე.
ვინ ახდენს დიპლომის აღიარებას?
დიპლომის აღიარებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
სად და როგორ შეიტანება განცხადება დიპლომის აღიარების შესახებ?
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მიხედვით, განცხადება დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ და თანდართული დოკუმენტები დაინტერესებულმა პირმა უნდა წარუდგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლის საკონტაქტო მონაცემებია:
- მისამართი: მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N2, 0193, თბილისი, საქართველო
- ტელეფონი: +995 322 02 21 21
განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ცენტრს ასევე შესაძლოა წარედგინოს პორტალ my.gov.ge-ის მეშვეობით (საჭიროა ავტორიზაციის გავლა პირადობის მოწმობით ან სახელით და პაროლით).
რა დოკუმენტები უნდა დაერთოს განცხადებას დიპლომის აღიარების შესახებ?
დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადების წარდგენა ხდება პორტალ my.gov.ge-დან;
- დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
რა ვადაში ხდება განცხადების განხილვა?
განცხადება განიხილება მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
თუ ცენტრს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოსაკვლევად ესაჭიროება დამატებითი ვადა, მას შეუძლია წარმოების დაწყებისას მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობისას გადაწყვეტილება მიიღება 15 სამუშაო დღეში, 5 სამუშაო დღეში ან 1 სამუშაო დღეში (ვრცლად იხ. ქვემოთ).
რა ღირს დიპლომის აღიარება?
დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სტანდარტული საფასურია 40 ლარი, თუმცა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს დაჩქარებული მომსახურება შემდეგი პირობებით:
- 15 სამუშაო დღეში – 80 ლარი;
- 5 სამუშაო დღეში – 120 ლარი;
- 1 სამუშაო დღეში – 250 ლარი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წარმოების დაჩქარება შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ საგანმანათლებლო დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომელთა სია განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ბრძანებით.
ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების საფასური შეადგენს 40 ლარს. ამ შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობა შეუძლებელია.
დიპლომის ნამდვილობის დადასტურების მომსახურების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებული არიან:
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის შედეგად მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეები;
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
- ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეები და მათთან გათანაბრებული პირები – 70%-ით;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები – 70%-ით;
- საქართველოს მოქალაქე იძულებით გადაადგილებული პირები – 50%-ით;
- მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 70%-ით;
- სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არის არაუმეტეს 70,000 – 70%-ით;
- პენსიონერები – 50%-ით;
- სტუდენტის ან პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეები – 50%-ით.
ზემოაღნიშნული შეღავათები არ ვრცელდება დაჩქარებული წარმოებისთვის გათვალისწინებულ საფასურებზე.
სად და რა ვადაში საჩივრდება უარი დიპლომის აღიარებაზე?
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ცენტრის უარყოფითი გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
სარჩელის აღძვრისას გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, თუ არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი.
რას ნიშნავს კანონიერი ნდობა?
ხშირ შემთხვევაში ცენტრის უარს დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ მოსარჩელის სწავლის პერიოდი და დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, რადგან შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ცენტრში არ წარუდგენია ჩარიცხულ პირთა სია, არ გაუვლია ავტორიზაცია და არ გააჩნია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.
აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ შესაძლოა ცენტრს დაავალოს დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, თუ დაადგენს, რომ მოსარჩელეს გააჩნდა „კანონიერი ნდობა“ მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.
კანონიერი ნდობა პირისთვის აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით:
ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს [აღმჭურველი აქტების] გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. იხ. მაგ. სუსგ საქმეზე №ბს-1181(კ-22), 16 თებერვალი, 2023 წელი.
ცენტრის [უარყოფითი] გადაწყვეტილება […] თავისი სამართლებრივი შედეგებით […] უთანაბრდება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, […] შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი. იხ. სუსგ საქმეზე №ბს-1205(კ-21), 6 თებერვალი, 2024 წელი.
ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელის კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, თუ:
- დგინდება შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსარჩელის ჩარიცხვის, მის მიერ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა გამოცდის ჩაბარებისა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი,
- ადგილი არ აქვს კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას (მაგალითად, სტუდენტის სტატუსის მოპოვება კანონის გვერდის ავლით ან მოსარჩელის სხვაგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედება),
- მოსარჩელე ენდობოდა მის სახელზე გაცემული დიპლომის სტაბილურობას და სადავო დიპლომის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები (მაგალითად, ეწეოდა პროფესიულ საქმიანობას).
ასეთ შემთხვევაში სასამართლო ბათილად ცნობს ცენტრის უარყოფით გადაწყვეტილებას და მას დაავალებს ახალი აქტის გამოცემას დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
დიპლომის ნამდვილობის დადასტურებასთან დაკავშირებით კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციისა და მომსახურების მისაღებად დაგვირეკეთ დღესვე ან შეავსეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმა.
- აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ იმ სტუდენტებზე, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ (ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების საფუძველზე). ↩︎
- თუნდაც სტუდენტს სწავლა დაეწყო არალიცენზირებულ დაწესებულებაში. მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში დაწესებულების მიერ შესაბამისი ლიცენზიის ფლობის ფაქტი. ↩︎
© 2026 Nexus LLC
იურიდიული კომპანია ნექსუსი
თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/
