
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში 2018 წლის 21 ივლისს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე,1 საქართველოს მოქალაქეებს უფლება მიეცათ, შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების მიუხედავად.
ამ ცვლილებების ამოქმედებამდე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მხოლოდ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების გზით იყო შესაძლებელი.
აღნიშნული უფლების რეალიზებისთვის აუცილებელია საქართველოს სახელმწიფოსგან თანხმობის მიღება მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, რაც უნდა განხორციელდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოტივი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ წინაპირობას, რომლის დაკმაყოფილების გარეშე პირისათვის მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემა დაუშვებელია, კერძოდ, თანხმობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მიხედვით, აღნიშნული პირობის არსებობას კომისია ადგენს შინაგანი რწმენით, რომლის ჩამოსაყალიბებლად მხედველობაში მიიღება:
- პირის ბიოგრაფიული ცნობები,
- მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონების ფლობის ფაქტი,
- საქართველოში საქმიანობა და
- მისი ოჯახის წევრების კავშირი საქართველოსთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოების შემოწმება კომპლექსური პროცესია და კანონმდებლობაში ჩამოთვლილი კრიტერიუმები არ არის ამომწურავი, თუმცა მათი სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილება დადებითი დასკვნის გაცემის წინაპირობას იძლევა.“2
არასრულწლოვნის მოქალაქეობის შენარჩუნება
დაბადებით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება სრულწლოვანების (18 წლის ასაკის) მიღწევამდე.
ამასთან, არასრულწლოვანი ავტომატურად დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე, თუ აღნიშნული გარემოების დადგომამდე მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი არ იქნება განცხადება არასრულწლოვნისათვის მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დამაბრკოლებელი გარემოებები
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს გარემოებას, რომლის არსებობა გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემას. კერძოდ, პირი ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ აღნიშნული ეწინააღმდეგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს“.
იმავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც:
- პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
- არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე:
- საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;
- სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;
- ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
- ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
მითითებული გარემოებების გასარკვევად სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, რომლებიც ვალდებული არიან, სააგენტოს წარუდგინონ მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის საჭირო ინფორმაცია.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების განცხადების ფორმა
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადება, რომელიც შედგენილი უნდა იყოს დებულებით დამტკიცებული ფორმის ნიმუშის დაცვით (იხ. დანართი №2), წარედგინება იუსტიციის სახლს ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო თუ განმცხადებელი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
დასაშვებია საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ონლაინ, რისთვისაც შესაბამისი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სააგენტოს მიეწოდება პორტალ sda.gov.ge-ის მეშვეობით.
დოკუმენტები, რომლებიც უნდა დაერთოს განცხადებას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე
განცხადებას მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უნდა დაერთოს:
- სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოსაპოვებლად წარმოების მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემა მოთხოვნილია არასრულწლოვანი პირისათვის, განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს:
- არასრულწლოვნის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დაბადების მოწმობა;
- 14 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის წერილობითი თანხმობა;
- მეორე მშობლის წერილობითი თანხმობა, თუ განცხადება შეტანილია ერთ-ერთი მშობლის მიერ.
უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით დამოწმებული ფორმით (აპოსტილი ან ლეგალიზაცია). აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მინსკის კონვენციის წევრ სახელმწიფოებში (დ.ს.თ-ის ქვეყნებში) გაცემულ საბუთებზე.
უცხოეთში გაცემულ საბუთებს უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ან საკონსულოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული ქართული თარგმანი. თუ პასპორტი შეიცავს განმცხადებლის პერსონალური მონაცემების ლათინურ ტრანსლიტერაციას, მისი ქართულენოვანი თარგმანი არ მოითხოვება.
განცხადების ელექტრონულად გაკეთების შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღეში ასევე უნდა წარედგინოს თანდართული საბუთები მატერიალური ფორმით.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების განცხადების შეტანა
მოქალაქეობის შესანარჩუნებლად განმცხადებელმა განცხადება უნდა წარადგინოს და საქართველოს სახელმწიფოსგან შესაბამისი თანხმობა მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე.
აღსანიშნავია, რომ კანონში 2024 წლის 13 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2027 წლის 1 იანვრამდე.
ამასთან, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება. ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ფასი
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების (მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების) კონკრეტული ვადები და საფასურების განაკვეთებია:
- დასკვნის მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – 500 ლარი (155 აშშ დოლარი);
- მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – 700 ლარი (220 აშშ დოლარი);
- 30 კალენდარულ დღეში მომზადებისათვის – 1000 ლარი (310 აშშ დოლარი).
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების განცხადების განხილვა
განმცხადებლისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხს (განცხადებასა და საქმის მასალებს) სააგენტო განიხილავს კომისიის დახმარებით, შემდეგი წესით:
- I ეტაპზე მოქალაქეობის შენარჩუნების პირობების არსებობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მოქალაქეობის საკითხთა კომისია,
- II ეტაპზე კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სათანადო დასკვნას ამზადებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების განცხადების განხილვის ვადა
კანონი ადგენს განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის მაქსიმალურ ვადას, რაც 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
© 2026 Nexus LLC
იურიდიული კომპანია ნექსუსი
თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/
