რეორგანიზაცია საჯარო სამსახურში

წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასთან, ლიკვიდაციასა და შერწყმასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები.

კერძო სექტორში მომუშავე პირები შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიას.

რას ნიშნავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, შერწყმა?

საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან შემცირება.

შტატების გადაადგილებას თან უნდა ახლდეს თანამდებობის იერარქიული რანგის ან კატეგორიის ცვლილება. აღნიშნულის გარეშე თანამდებობისთვის მხოლოდ ახალი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება რეორგანიზაციად ვერ დაკვალიფიცირდება.

რეორგანიზაციად არ მიიჩნევა საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელის შეცვლა ან საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება.

შერწყმა არის ორი ან მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება.

ვინ არის საჯარო მოხელე?

კანონის მიზნებისთვის საჯარო მოხელე არის პირი, რომელიც:

  • უვადოდ ინიშნება თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ,
  • ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას და
  • ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

იმ პირთა სია, რომლებზეც არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედება იხ. კანონის მე-4 მუხლში.

საჯარო სამსახურად არ ითვლება კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო, რელიგიურ და წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა.

ამასთან, გარდამავალ პერიოდში (2027 წლის 1 იანვრამდე) საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციასა და შერწყმასთან დაკავშირებული რეგულაციები არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებზე, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საჯარო მოსამსახურეებისა, აგრეთვე მოქმედი კანონის 126​1 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, რომელთა მიმართ გარდამავალი პერიოდი დასრულდა 2018 წლის 31 მარტს. აღნიშნული საკითხები წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსით. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის მარეგულირებელი ნორმები.

არის თუ არა მასწავლებელი საჯარო მოხელე?

ზემოთ ციტირებული დეფინიციიდან გამომდინარე, საჯარო სკოლის მასწავლებელი საჯარო მოხელე არ არის.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის იდება შრომითი ხელშეკრულება, რომლის სავალდებულო პირობები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებით. ამრიგად, სკოლაში რეორგანიზაციის ჩატარება ექცევა არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის, არამედ „შრომის კოდექსის“ რეგულირების სფეროში.

რა შემთხვევაშია შესაძლებელი, დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან შერწყმა საფუძვლად დაედოს მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებას?

ზოგადი წესის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან შერწყმა მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

აღნიშნული კანონის მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მოხელის მობილობა შეუძლებელია (მობილობასთან დაკავშირებით ვრცლად იხ. ქვემოთ).

ნიშანდობლივია, რომ მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან შერწყმის გამო.

როგორ წარიმართება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, შერწყმის პროცესი?

საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი.

„პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“1 შესაბამისად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან შერწყმას თან სდევს შტატების შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან შერწყმის დასრულებამდე 1 თვით ადრე განსაზღვროს გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან შერწყმის შესაძლო შედეგები.

საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან შერწყმის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე.

საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელიც ვალდებულია, სხვა საკითხებთან ერთად, მოიძიოს ინფორმაცია საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური პოზიციების შესახებ და ხელი შეუწყოს ლიკვიდაციის ან შერწყმის გამო შტატების შემცირების საფუძვლით დათხოვნილ მოხელეთა მობილობას.

რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან შერწყმის პერიოდი, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

ითვალისწინებს თუ არა კანონი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას?

დიახ. რეორგანიზაციის შემთხვევაში მოხელეს მიეცემა კომპენსაცია 1 თვის ხელფასის ოდენობით. რაც შეეხება დაწესებულების ლიკვიდაციას/შერწყმას, თუ მოხელე უარს იტყვის მობილობაზე, იგი ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში და მიიღებს კომპენსაციას 1 თვის ხელფასის ოდენობით.

ამასთან, თუ მოხელეს 1 თვით ადრე წერილობით არ ეცნობება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (იხ. ზემოთ), მას მიეცემა დამატებითი კომპენსაცია 1 თვის ხელფასის ოდენობით.

შენარჩუნებულია თუ არა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება?

დიახ, თუ არსებობს შვებულების მოთხოვნის უფლება2 და გამოუყენებელი კუთვნილი შვებულება. შვებულების ანაზღაურება მოხდება ნამუშევარი დროის პროპორციულად.

რა არის მობილობა?

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში 2024 წლის 13 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების მიხედვით (ამოქმედდა იმავე წლის 29 დეკემბერს), რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ მოხელეებზე მობილობის მექანიზმი აღარ ვრცელდება.

საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას მოხელის მობილობა ხორციელდება მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით:

  1. საუკეთესო შემთხვევაში გასათავისუფლებელი მოხელე გადაიყვანება იმავე საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე (შიდა მობილობა ტოლფას თანამდებობაზე);
  2. იმავე დაწესებულებაში ტოლფასი თანამდებობის ან აღნიშნულზე მოხელის თანხმობის არარსებობისას მოხელე გადაიყვანება სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე (გარე მობილობა ტოლფას თანამდებობაზე);
  3. სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფასი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას მოხელე გადაიყვანება იმავე საჯარო დაწესებულებაში უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე (შიდა მობილობა დაბალ თანამდებობაზე);
  4. იმავე საჯარო დაწესებულებაში დაბალი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას მოხელე გადაიყვანება სხვა საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე (გარე მობილობა დაბალ თანამდებობაზე).

მოხელის გარე მობილობა დასაშვებია მხოლოდ ვაკანტური პოზიციის მქონე საჯარო დაწესებულების თანხმობით.

ამრიგად, მობილობის უმთავრესი პრინციპია გასათავისუფლებელი მოხელისთვის ტოლფასი თანამდებობის მოძიება, მობილობის პროცედურის სათანადოდ განხორციელება და მოხელის რეზერვში ჩარიცხვა მხოლოდ მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავდაპირველად ხდება მოხელისთვის შესაბამისი თანამდებობის მოძიება და შეთავაზება, ხოლო მობილობის შეუძლებლობისას – მოხელის რეზერვში ჩარიცხვა. იხ. მაგ. სუსგ საქმეზე №ბს-141(კ-22), 28 აპრილი, 2023 წელი. ამასთან, მობილობის შედეგები დამოკიდებულია საჯარო სამსახურის სისტემაში სათანადო ვაკანსიის არსებობაზე, ასევე მობილობის წესით მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების თანხმობაზე.

დაწესებულების ლიკვიდაციის ან შერწყმის გამო გასათავისუფლებელი მოხელის უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანისას მოხელეს უნარჩუნდება საკლასო დანამატი.

მობილობის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან შერწყმის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში.

რა არის მოხელეთა რეზერვი და რა სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა?

თუ მოხელის მობილობა შეუძლებელია, იგი სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში და მიეცემა კომპენსაცია 3 თვის ხელფასის ოდენობით. მოხელე მოხელეთა რეზერვში ირიცხება 2 წლის ვადით.

რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს შეუძლია საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით გამოცხადებულ დახურულ კონკურსში მონაწილეობის მიღება. ამასთან, მოხელის შემდგომი დასაქმება არ წარმოადგენს მისი რეზერვიდან ამორიცხვის საფუძველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი კონკურსის წესით დაიკავებს მოხელის თანამდებობას.

მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დაწესებულების ლიკვიდაციის ან შერწყმის გამო არ იწვევს მოხელის სტატუსის შეწყვეტას მოხელეთა რეზერვში ყოფნის ვადის გასვლამდე.

რა ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ?

კანონმდებლობით დადგენილია 1-თვიანი ვადა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გასაჩივრებისთვის და მისი ათვლის საწყისად განსაზღვრულია აქტის გაცნობა.

გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში ან ზემდგომ ორგანოში (გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, ის ორგანო, რომელშიც შეიძლება აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა, აუცილებლად უნდა იყოს ასახული სადავო აქტში).

სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. ამრიგად, მოსარჩელეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.

ნიშანდობლივია, რომ პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის, დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების, აგრეთვე აღნიშნული პროცესის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის გასაჩივრებას არ აქვს სუსპენზიური ეფექტი, ე.ი. გასაჩივრება ავტომატურად არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას, თუმცა დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ზომების გამოყენება (იხ. „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 29-ე და 31-ე მუხლები, ასევე სუსგ საქმეზე ბს-734(კს-19), 12/09/2019 წ.). მაგალითად, თუ შერწყმის შედეგად საშტატო ერთეული ფუნქციურად არ გაუქმებულა, არამედ მას მხოლოდ სახელი შეეცვალა, მოსარჩელეს შეუძლია უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვოს, რომ დავის დასრულებამდე სადავო თანამდებობა დარჩეს ვაკანტური.

რა სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონოდ ცნობა?

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში 2024 წლის 13 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების მიხედვით (ამოქმედდა იმავე წლის 29 დეკემბერს), რეორგანიზაციის შედეგად უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე სამსახურში ვეღარ აღდგება. ახალი კანონი მოსარჩელის სრული უფლებრივი რესტიტუციის ნაცვლად ითვალისწინებს მხოლოდ ხელყოფილი უფლებების ნაწილობრივ რესტიტუციას, კერძოდ, მოხელეს მიეცემა განაცდური ხელფასი, კომპენსაცია 3 თვის ხელფასის ოდენობით და იგი სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში.

სასამართლოს მიერ დაწესებულების ლიკვიდაციის ან შერწყმის საფუძვლით მოხელის გათავისუფლების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთის შეუძლებლობისას (მაგალითად, სადავო პოზიციის სხვა პირის მიერ დაკავების გამო) – ტოლფას თანამდებობაზე.

იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფასი თანამდებობის არარსებობისას საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს მთავრობის ადმინისტრაციას სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფასი თანამდებობის მოძიების თხოვნით. მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია მხოლოდ მოხელისა და ამ დაწესებულების თანხმობით.

სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური ხელფასი და საკლასო დანამატი, აგრეთვე წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობისას).

თუ მოხელის სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელია, იგი ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში და მიეცემა განაცდური ხელფასი და საკლასო დანამატი, აგრეთვე ნამსახურობის დანამატი, წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობისას) და კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

აღნიშნულისგან განსხვავებით, რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლებული მოხელე სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში და მიეცემა განაცდური ხელფასი, აგრეთვე კომპენსაცია 3 თვის ხელფასის ოდენობით.

სასამართლო პრაქტიკა (რეორგანიზაცია)

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში მკაფიოდაა გაწერილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების პირობებში დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. იხ. მაგ. სუსგ საქმეზე ბს-1447(2კ-22), 20/06/2023 წ.

ამრიგად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას და მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ფაქტორს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება. ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს. იხ. მაგ. სუსგ საქმეზე ბს-824(2კ-22), 20/06/2023 წ.

შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეიჭრას ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში და მას თავად განუსაზღვროს თანამდებობათა არსებობა-არარსებობის საჭიროება. რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობის არსებობის პირობებში, რეორგანიზაციის საფუძველზე საკადრო ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულების შესაბამისად წარიმართება – თავად ადმინისტრაციული ორგანოა ექსკლუზიურად კომპეტენტური განსაზღვროს, კონკრეტულად რომელი შტატის დამატება/გაუქმება ან რომელ შტატთა გაერთიანება უწყობს ხელს საჯარო მმართველობის ეფექტურად განხორციელებას. იხ. მაგ. სუსგ საქმეზე ბს-141(კ-22), 28/04/2023 წ.

თუმცა აღნიშნული ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია შეუზღუდავია. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, რეორგანიზაციამ მხოლოდ შტატის შემცირების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პირის სამსახურიდან გათავისუფლება. საშტატო ერთეულის (თანამდებობის) შემცირება, თავის მხრივ, გულისხმობს აღნიშნული საშტატო ერთეულის ფუნქციურად სრულად გაუქმებას. საშტატო ერთეულისათვის მხოლოდ სახელის ან დაქვემდებარების ცვლილება არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს შესაბამისი საშტატო ერთეული. იხ. მაგ. სუსგ საქმეზე ბს-860(კ-21), 09/06/2022 წ.

აღსანიშნავია, რომ შტატების შემცირების მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა გათავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული. იხ. მაგ. სუსგ საქმეზე ბს-151(2კ-24), 25/06/2024 წ.

პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ადეკვატური, ობიექტური შეფასების საფუძველზე მოხელეთა უპირატესობების გამოვლენის მიზნით ჩაატაროს საჯარო მოხელეების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შედარებითი (ანალიტიკური) კვლევა. შესაბამისად, საქმის მასალებით უნდა დგინდებოდეს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ ზემოხსენებული კრიტერიუმების საფუძველზე, ყველა მოხელის მონაცემების ურთიერთშედარებისა და ანალიზის პირობებში, უკეთესისა და საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება მოხელის გათავისუფლების, თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით. იქვე.

მეორე შემთხვევაში კი ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საშტატო ერთეულის გაუქმება, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული, რაც შტატების შემცირების საფუძვლით მისი გათავისუფლების წინაპირობას ქმნიდა. იხ. მაგ. სუსგ საქმეზე ბს-316(კ-20), 27/01/2021 წ.


  1. დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით. ↩︎
  2. ზოგადი წესის თანახმად, აღნიშნული უფლება ავტომატურად წარმოიშობა მოხელის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 11 თვის გასვლისთანავე. ↩︎

© 2025 Nexus LLC

იურიდიული კომპანია ნექსუსი

თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/