რამდენი პროცენტია ფიზიკური პირის ქონების გადასახადი?

ქონების გადასახადი ადგილობრივი გადასახადია, რომლის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ როგორც საქართველოს რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს.

1. ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ (შემდგომ − „კოდექსი“) მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ „დასაბეგრ ქონებასა“ და „მიწაზე“.

1.1. დასაბეგრი ქონება

დასაბეგრი ქონება მოიცავს:

ა) გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ:

  • უძრავ ქონებას,1
  • მსუბუქ ავტომობილებს,2
  • იახტებს, შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებს;

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებას;

გ) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებს, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებსა და მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებას.

პირს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრება მის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ დაბეგვრის ობიექტზეც, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე.

1.2. მიწა

მიწა გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებს.

მიწაზე ქონების გადასახადის (ე.წ. „მიწის გადასახადის“) გადამხდელია პირი კალენდარული წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

  • მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
  • სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც იგი სარგებლობს ან რომელსაც ფლობს;
  • მის მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობის შემთხვევებისა.

ამრიგად, გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა პირს, თუ მას 1 აპრილის მდგომარეობით გააჩნია ზემოჩამოთვლილთაგან რომელიმე დაბეგვრის ობიექტი.

2. ქონების გადასახადის განაკვეთი

2.1. ქონების გადასახადი დასაბეგრ ქონებაზე

დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია მიმდინარე წლის წინა წლის ბოლოსთვის (ე.ი. 31 დეკემბრისათვის) დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8% და არაუმეტეს 1%.

გადასახადის კონკრეტულ განაკვეთებს განსაზღვრავს იმ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც დასაბეგრი ქონება მდებარეობს. დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელს წარმოადგენს „ადგილი, სადაც უძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს, ხოლო მოძრავი ქონება რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ არ არსებობს მოძრავი ქონების რეგისტრაციის ადგილი, დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფლად ითვლება ადგილი, სადაც მოძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს.“

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დასაბეგრი ქონების გადასახადის კონკრეტული წლიური განაკვეთია კალენდარული წლის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%.

მაგალითად, მეუღლე A და მეუღლე B ცხოვრობენ ქ. თბილისში. მეუღლე A-ს მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 60,000 ლარი, მეუღლე B-ს მიერ იმავე წლის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა კი 50,000 ლარი. მეუღლეებს თანასაკუთრებაში ერიცხებათ ბინა. ამასთან, მეუღლე B-ს ინდივიდუალურ საკუთრებაში ერიცხება მსუბუქი ავტომობილი. ვინაიდან მეუღლეთა წლიური შემოსავლის ჯამური თანხა აღემატებოდა 100,000 ლარს (ვრცლად ამ საკითხზე იხ. ქვემოთ), მათ წარმოეშობათ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვალდებულება. გადასახადის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: წლის ბოლოს ბინისა და მსუბუქი ავტომობილის საბაზრო ღირებულებათა ჯამის 0.8% (ე.ი. გამრავლებული 0.008-ზე).

2.2. მიწის გადასახადი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები (1 ჰექტარზე) განისაზღვრება კოდექსით, მიწის ნაკვეთის ლოკაციისა და კატეგორიის3 მიხედვით.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი წელიწადში ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0.24 ლარს, ხოლო კონკრეტული გადასახადის ოდენობა (ერთ კვადრატულ მეტრზე) გამოიანგარიშება მითითებული საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილ ტერიტორიულ კოეფიციენტზე, რაც არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

ვინაიდან ქონების გადასახადი ადგილობრივი გადასახადია, კოდექსი აწესებს მხოლოდ მიწის გადასახადის საბაზისო განაკვეთებს, ტერიტორიულ კოეფიციენტებსა და კონკრეტული განაკვეთების ზედა ზღვარს, ხოლო მითითებული ლიმიტების ფარგლებში გადასახადის შემოღება და მისი კონკრეტული განაკვეთების ოდენობის განსაზღვრა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება.4

3. ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და გადასახადის გადახდა

ქონების გადასახადის საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი. საგადასახადო ორგანოსათვის ქონების გადასახადის დეკლარაცია (რაც მოიცავს მონაცემებს როგორც დასაბეგრი ქონების, ისე მიწის შესახებ) წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა, ხოლო გადასახადი გადაიხდება არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის მეშვეობით. „ვიდეოინსტრუქცია ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების შესახებ“ იხ. აქ.

თუ დასაბეგრი ქონება გააჩნია ოჯახის ერთზე მეტ წევრს, მათ შორის ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია ერთიანი საოჯახო დეკლარაციის წარდგენა.

დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადი გამოიანგარიშება გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებიდან. შესაბამისად, დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული წლის 31 დეკემბრის მიხედვით. აღნიშნული წესი ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირებზეც.

თუ გადასახადის გადამხდელი დასაბეგრ ქონებას ფლობდა არასრული წლის განმავლობაში, ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება გასულ წელს ამ ქონების გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.

დასაბეგრი მიწის შესახებ მონაცემები დეკლარაციაში შეიტანება მიმდინარე წლის 1 აპრილის მიხედვით.

პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია:

  • თუ მას კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა.5 ამასთან, თუ პირი წინა საგადასახადო წლის მიხედვით წარმოადგენდა დეკლარანტს, იგი ვალდებულია, საანგარიშო წლის დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურს აცნობოს არაუგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;
  • თუ მას წარდგენილი აქვს წინა საანგარიშო პერიოდის (წლის) დეკლარაცია ან თუ აღნიშნულ პერიოდზე დარიცხვა განხორციელდა საგადასახადო ორგანოს მიერ. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური პირს ქონების გადასახადს ავტომატურად დაარიცხავს წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით;6
  • გარდა ამისა, პირი გათავისუფლებულია მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან, თუ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა ხორციელდება საჯარო რეესტრის, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსების სახელმძღვანელოს (ვიდეოინსტრუქციები, გზამკვლევი და სხვა) შეგიძლიათ გაეცნოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

4. ქონების გადასახადისგან განთავისუფლება

კოდექსი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც, დაბეგვრის ობიექტის არსებობის მიუხედავად, ფიზიკური პირი გათავისუფლებულია ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან.

4.1. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების ქონება

კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება, თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატებოდა 100,000 ლარს.

ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალში შეიტანება ყველა სახის შემოსავალი და სარგებელი საგადასახადო შეღავათების (მაგალითად, საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების) გაუთვალისწინებლად, მათ შორის:

  • დარიცხული (და არა „ხელზე გაცემული“) ხელფასი;
  • ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი;7
    • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში შემოსავლებში შეიტანება მხოლოდ ამ შეღავათიანი დაბეგვრის (ე.ი. მცირე ბიზნესის) რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25%, აგრეთვე დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.
  • სხვა ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

თუმცა კოდექსი ითვალისწინებს გამონაკლისებსაც, კერძოდ, შემოსავლებში არ შეიტანება:

  • ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება,
  • ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი,
  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და სხვა.8

რაც შეეხება „ოჯახის“ ლეგალურ დეფინიციას, კოდექსის თანახმად, მასში მოიაზრება პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ნიშანდობლივია, რომ თავად გადასახადის გადამხდელი (და არა საგადასახადო ორგანო) განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

ზემოაღნიშნული შეღავათი ეხება მხოლოდ დასაბეგრ ქონებას და არ ვრცელდება მიწაზე ქონების გადასახადზე.

მაგალითად, მეუღლე A-სა და მეუღლე B-ს მიერ 2025 წლის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 90,000 ლარი. მეუღლეებს თანასაკუთრებაში ერიცხებათ ბინა, ორი ავტომობილი და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც, კოდექსის თანახმად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული არ არის. ვინაიდან მეუღლეთა მიერ 2025 წელს მიღებული შემოსავალი არ აღემატებოდა 100,000 ლარს, ისინი გადასახადს არ გადაიხდიან დასაბეგრ ქონებაზე (კერძოდ, ბინასა და ავტომობილებზე), თუმცა მათ მოუწევთ გადასახადის გადახდა მიწაზე.

4.2. გადასახადისაგან გათავისუფლების სხვა შემთხვევები

შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან ასევე გათავისუფლებულია:

  • მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთი;
  • თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
  • 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები;
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;
  • სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლის ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის შედეგად ან რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად
  • და სხვა.9

საგულისხმოა, რომ საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე. ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებულია დადგენილი წესით წარადგინოს დეკლარაცია და გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.

მაგალითად, ფიზიკური პირი A ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული ბინის გაქირავებას, რომელიც მდებარეობს მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში. A არ არის ვალდებული, წარადგინოს ქონების დეკლარაცია მიწის ნაწილში და გადაიხადოს მიწაზე ქონების გადასახადი, ვინაიდან გადასახადისაგან გათავისუფლებულია მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთი.10

5. სანქციები ქონების გადასახადის გადაუხდელობისათვის

საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისთვის დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5%-ის ოდენობით, ხოლო თუ აღნიშნული ვადაგადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება – 10%-ის ოდენობით.

ამასთანავე, თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას მაშინ, როდესაც მას ამის ვალდებულება გააჩნდა, ჩაითვლება, რომ მან წარადგინა ნულოვანი დეკლარაცია. ამრიგად, თუ აღმოჩნდება, რომ პირს წარმოეშვა გადასახადის გადახდის ვალდებულება, მის მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა ჩაითვლება დეკლარაციაში ქონების გადასახადის თანხის შემცირებად, რაც გამოიწვევს მის დაჯარიმებას მაქსიმუმ შემცირებული გადასახადის თანხის 50%-ის ოდენობით, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის 100,000 ლარზე მეტად შემცირებისას დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

გარდა ამისა, გადასახადის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პირს ეკისრება საურავის გადახდა გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საურავის დარიცხვა იწყება გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან და წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ.


  1. მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი. ↩︎
  2. სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიცია. ↩︎
  3. მაგალითად, სახნავი და საკარმიდამო, სათიბი, საძოვარი. ↩︎
  4. მაგალითად, იხ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №20-90 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“. ↩︎
  5. მაგალითად, რადგან შესაბამის პერიოდში ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 100,000 ლარზე ნაკლები იყო. ↩︎
  6. ე.ი. გასული წლის გადასახადის ოდენობით. ↩︎
  7. ე.ი. ხარჯების გამოქვითვით და არა ერთობლივი შემოსავალი. ↩︎
  8. დაწვრილებით ამ საკითხებზე იხ. კოდექსის 202-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები. ↩︎
  9. ვრცლად იხ. კოდექსის 206-ე მუხლი. ↩︎
  10. იხ. შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელო N1421, ფიზიკური პირის მიერ იჯარით გაცემული ქონების მიწაზე ქონების გადასახადით დაბეგვრა. ↩︎

© 2026 Nexus LLC

იურიდიული კომპანია ნექსუსი

თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/