რა არის შრომითი საქმიანობის უფლება?

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. „უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება – რა უნდა იცოდეთ“.

შრომითი საქმიანობის უფლება არის შრომითი ავტორიზაცია, რომლის საფუძველზეც უცხოელს შეუძლია საქართველოში განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა ან იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან ფიზიკურად ან დისტანციური ფორმით.

რა სჭირდება უცხოელს საქართველოში ლეგალურად სამუშაოდ?

2026 წლის 1 მარტიდან უცხოელის მიერ საქართველოში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საკმარისი აღარ არის ქვეყანაში მხოლოდ ლეგალურად ყოფნა ან შესაბამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, არამედ საჭიროა ყველა შემდეგი წინაპირობის დაკმაყოფილება:

შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული უცხოელის შემთხვევაში:

  • უცხოელსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების არსებობა;
  • უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება და
  • უცხოელის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან D1 კატეგორიის (სამუშაო) ვიზის ფლობა.

თვითდასაქმებული უცხოელის (მათ შორის, ინდმეწარმის, კომპანიის დირექტორის, ა.შ.) შემთხვევაში:

  • შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება და
  • საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან D1 კატეგორიის ვიზის ფლობა.

ვის მივმართო შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად?

საქართველოში უცხოელის დასაქმების მიზნით შესაბამის განცხადებას წარადგენს უცხოელის დამსაქმებელი (მაგალითად, შპს, ინდმეწარმე, ა.შ.).

განცხადება უნდა წარედგინოს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პორტალიდან https://businessstatement.moh.gov.ge/.

დამსაქმებელი, რომელიც გეგმავს კალენდარული წლის განმავლობაში დაასაქმოს უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეზე მეტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა აღემატება მასთან დასაქმებული პირების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საერთო რაოდენობის 5 პროცენტი 5 ადამიანზე ნაკლებია), ვალდებულია, შრომითი საქმიანობის უფლების თაობაზე განცხადების წარდგენამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე, სააგენტოს ელექტრონული ფორმით შეუთანხმოს წლიური კვოტა.

თვითდასაქმებული უცხოელი სააგენტოს განცხადებას წარუდგენს უშუალოდ (თავად), პორტალიდან https://self-employment.moh.gov.ge/.

თვითდასაქმებულმა უცხოელმა შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად, დამატებით, უნდა გაიაროს ვიდეოგასაუბრება სააგენტოსთან.

რა ვადაში განიხილება განცხადება შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე?

სააგენტო შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტს 30 დღეში. ამასთან, ხელმისაწვდომია დაჩქარებული სერვისი, რა შემთხვევაშიც განცხადება განიხილება არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში.

რა ღირს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება?

მომსახურების სტანდარტული ღირებულებაა 200 ლარი. განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში ფასი ორმაგდება და შეადგენს 400 ლარს.

ვის არ შეუძლია შრომითი საქმიანობის უფლების მიღება?

შრომითი საქმიანობის უფლება არ გაიცემა უცხოელებზე, რომლებსაც სურთ განახორციელონ რომელიმე შემდეგი საქმიანობა:

  • საკურიერო მომსახურება (მაგალითად, საკვების მიტანის სერვისი);
  • მგზავრების გადაყვანა (მაგალითად, მგზავრთა ტრანსპორტირება ტაქსით ან მიკროავტობუსით);
  • გიდის სერვისი (ტურისტებისთვის გიდის მომსახურების გაწევა).

ვისზე არ ვრცელდება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება?

ახალი კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებზე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე, ლტოლვილებზე, დამატებითი დაცვის და დროებითი დაცვის მქონე პირებზე, თავშესაფრის მაძიებლებსა და კანონით გათვალისწინებულ უცხოელთა სხვა კატეგორიებზე.

გარდა ამისა, კანონით გარკვეული შეღავათებია გათვალისწინებული ისეთი უცხოელებისთვის, რომლებიც სამუშაოს ასრულებენ სრულად დისტანციურად.

ვრცელდება თუ არა ახალი რეგულაციები საქართველოში 2026 წლის 1 მარტამდე ლეგალურად დასაქმებულ პირებზე?

უცხოელებს, რომლებიც, ძველი კანონის შესაბამისად, რეგისტრირებული იყვნენ სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით, შრომითი საქმიანობის უფლებისა და ბინადრობის ნებართვის მოპოვება შეეძლებათ 2027 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოში უცხოელთა ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით კვალიფიციური კონსულტაციისა და იურიდიული მომსახურების მისაღებად მოგვწერეთ დღესვე ან Get in Touch ტელეფონის ნომერზე +995 574 58 33 58.

© 2026 Nexus LLC

Nexus Law Firm

For additional information on legal matters that may be of interest to you, please visit our Facebook page at https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/