
სასაუბრო ქართულში „ბინის გირავნობა“ ეწოდება გარიგებას, რომლის თანახმადაც ბინის მესაკუთრე, „დამგირავებლისგან“ სესხად მიღებული თანხის სანაცვლოდ, დროებით სარგებლობაში გადასცემს „დამგირავებელს“ საკუთარ ბინას.
ამრიგად, აღნიშნული გარიგების მიზანია სესხად გადაცემული თანხის სანაცვლოდ ბინის გამოსაყენებლად გადაცემა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მესაკუთრე თანხის დროებით სარგებლობაში მიღების მიზნით ასევე დროებით სარგებლობაში გადასცემს „დამგირავებელს“ „ნაგირავებ“ ბინას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბინის გირავნობის“ ხელშეკრულება ყოველთვის ვადიანია და არ წარმოადგენს „დამგირავებლის“ სასარგებლოდ ბინის მუდმივ დათმობაზე შეთანხმებას. ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება მხარეთა მიერ. ვადის გასვლისთანავე მესაკუთრე ვალდებულია, „დამგირავებელს“ დაუბრუნოს მისგან სესხად მიღებული თანხა (როგორც წესი, პროცენტის გარეშე), „დამგირავებელმა“ კი, თავის მხრივ, თანხის მიღებისთანავე უნდა უზრუნველყოს „ნაგირავები“ ბინის დაცლა და მესაკუთრისთვის დაბრუნება.
საგულისხმოა, რომ „ბინის გირავნობის“ ხელშეკრულება ბინით სარგებლობის სანაცვლოდ რაიმე სხვა ვალდებულების შესრულებას – მათ შორის, ქირის გადახდას – არ ითვალისწინებს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ
თავისი სამართლებრივი ბუნებით და რეალური შინაარსით, [„ბინის გირავნობის“] ხელშეკრულებით მესაკუთრე სესხად მიღებული თანხის სანაცვლოდ მოსარგებლეს გადასცემს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე სარგებლობის უფლებას. სესხი სასყიდლიანია და გამსესხებლისათვის სარგებელს ნივთით სარგებლობის უფლება წარმოადგენს. ასეთი ხელშეკრულება იურიდიულად არც გირავნობის ნიშნებს შეიცავს, მიუხედავად მისი სახელწოდებისა, და არც საცხოვრებელი სადგომის მუდმივ დათმობაზე შეთანხმებას არ წარმოადგენს (იხ. სუსგ №ას-766-716-2010; 21 დეკემბერი, 2010 წელი).
ბინაზე საკუთრების უფლებას, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, ინარჩუნებს ბინის მესაკუთრე. აღნიშნულისგან რადიკალურად განსხვავდება „უძრავი ნივთის ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“, რომლის დადებითაც მესაკუთრე კარგავს საკუთრებას თავის ბინაზე და იძენს მხოლოდ ბინის გამოსყიდვის მოთხოვნის უფლებას.1 ამრიგად, ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს არა ბინის „დაგირავებას“, არამედ – გაყიდვას.
გამომდინარე იქიდან, რომ „ბინის გირავნობისას“ ყოველთვის არსებობს მესაკუთრის მიერ თანხის დაუბრუნებლობის რისკი, „დამგირავებლები“ ხშირად ითხოვენ გარკვეულ უზრუნველყოფას აღნიშნული რისკის თავიდან ასაცილებლად. ეფექტიანი უზრუნველყოფის საშუალების არარსებობის პირობებში შესაძლოა „დამგირავებელმა” ვერასდროს შეძლოს მესაკუთრისთვის სესხად გადაცემული თანხის დაბრუნება. შესაბამისად, პრაქტიკაში „ბინის გირავნობა“ ხშირად წარმოჩინდება, როგორც სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებათა ერთგვარი ნაზავი, რომლის შესაბამისადაც თანხის დაუბრუნებლობის რისკის დაზღვევა ხდება „დამგირავებლის“ სასარგებლოდ „ნაგირავები“ ბინის იპოთეკაში „ჩადებით“. ასეთ შემთხვევაში „ბინის გირავნობა“ სხვა არაფერია, თუ არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ბინით სარგებლობის (ე.ი. ცხოვრების) უფლებით.
ბინის იპოთეკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე, მათ შორის, შეზღუდვებზე, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებით, იხ. ეს სტატია.
კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციისა და მომსახურების მისაღებად დაგვირეკეთ დღესვე ან შეავსეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმა.
- ქონების გამოსყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ გამოსყიდვისათვის დათქმულ ვადაში. თუ გამყიდველი არ ისარგებლებს გამოსყიდვის უფლებით, მას ერთმევა შესაძლებლობა, დათქმული ვადის გასვლის შემდგომ გადაიხადოს ქონების ღირებულება და გამოისყიდოს იგი. ↩︎
© 2026 Nexus LLC
Nexus Law Firm
For additional information on legal matters that may be of interest to you, please visit our Facebook page at https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/
