
საქართველოში „ვირტუალური აქტივის მომსახურების“ განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს ან საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება.
რა არის ვირტუალური აქტივის მომსახურება?
ვირტუალური აქტივის მომსახურება არის კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის:
- ურთიერთგადაცვლა
- ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში,
- სხვა ვირტუალურ აქტივში ან
- ფინანსურ ინსტრუმენტში;
- გადაცემა;
- შენახვა/ადმინისტრირება (ე.ი. კასტოდიანური მომსახურების გაწევა);
- პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელისა);
- ვირტუალური აქტივის სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება;
- სესხად გაცემა;
- პირველადი შეთავაზება;
- პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება.
რა არის კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი?
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი ეწოდება კრიპტოაქტივს, რომელსაც ბაზარზე აქვს ეკვივალენტი ღირებულება და, შესაბამისად, შესაძლებელია მისი გადაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში.
რა მოთხოვნებს აწესებს კანონმდებლობა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთა (VASP) მიმართ?
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (Virtual Asset Service Provider, VASP) არის პირი, რომელიც სხვა პირის სასარგებლოდ ახორციელებს ვირტუალური აქტივის მომსახურებას.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP) შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ან სააქციო საზოგადოების (სს) ფორმით.
თუ VASP-ს ჰყავს მხოლოდ ერთი აქციონერი/პარტნიორი, რომელიც იმავდროულად მისი დირექტორია, სავალდებულოა მე-2 დირექტორის დანიშვნაც.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP) ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ჰქონდეს სათანადო წესით აღჭურვილი სათავო ოფისი. ამასთანავე, VASP-ის 1 დირექტორი მაინც უნდა იმყოფებოდეს საქართველოში ნებისმიერი კალენდარული თვის განმავლობაში სულ მცირე 14 დღე.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს (VASP) ეკრძალება ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის, აუცილებელი დამხმარე საქმიანობისა და საკუთარი ვირტუალური აქტივის გადაცვლის გარდა სხვა საქმიანობის განხორციელება.
პროვაიდერი ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობის განხორციელება დაიწყოს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში. საქმიანობის დაწყებამდე პროვაიდერმა უნდა დანერგოს შესაბამისი პროგრამული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო და უჩვეულო ტრანზაქციების ავტომატურ რეჟიმში გამოვლენას.
პროვაიდერს ეკრძალება მომსახურების გაწევა „ანონიმური“ კრიპტოვალუტით ან ისეთი ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ხელს უშლის შესრულებული ტრანზაქციისა და მასში მონაწილე მხარეების იდენტიფიცირება-მიკვლევადობას.
პროვაიდერი ვალდებულია დანერგოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის ეფექტიანი სისტემა, აგრეთვე შიდა კონტროლის ისეთი პოლიტიკა, წესები, სისტემები და მექანიზმები, რომლებიც აღნიშნული რისკების პროპორციულია. გარდა ამისა, პროვაიდერი ვალდებულია წარადგინოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით.
პროვაიდერს რეგისტრაციიდან 12 თვის ვადაში უნდა გააჩნდეს ადეკვატური რისკების მართვის ჩარჩო, რომლის კანონმდებლობასთან შესაბამისობა უნდა დასტურდებოდეს კვალიფიციური აუდიტორული დასკვნით.
მოთხოვნები ადმინისტრატორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა მიმართ
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) ადმინისტრატორებს1 უნდა გააჩნდეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ვირტუალური აქტივის მომსახურების განსახორციელებლად, მათ შორის, უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაოდენობრივი მეთოდები ან სხვა შესაბამისი განათლება ან საფინანსო ან ვირტუალური აქტივის მომსახურების სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება.
დაუშვებელია, პირი იყოს VASP-ის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ:
- იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის;
- იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა VASP-ს ან ფინანსურ ინსტიტუტს, ან შელახა VASP-ის მომხმარებელთა ან ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია VASP-ის ან ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა;
- არ შეასრულა ან არ ასრულებს ერთ ან მეტ ფინანსურ ვალდებულებას;
- არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოება.
ამასთან, დაუშვებელია VASP-ის ადმინისტრატორი იმავდროულად იყოს სხვა VASP-ის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული VASP-ები ერთი ჯგუფის წევრები არიან.
მოთხოვნები კაპიტალის მიმართ
მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნები დიფერენცირებულია ვირტუალური აქტივის მომსახურების სახეების მიხედვით. კერძოდ, თუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP) ახორციელებს:
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლას ან გადაცემას, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი არ უნდა იყოს 150,000 ლარზე ნაკლები;
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირებას, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი არ უნდა იყოს 350,000 ლარზე ნაკლები;
- სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურებას, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი არ უნდა იყოს 250,000 ლარზე ნაკლები.2
თუ VASP ახორციელებს ერთზე მეტ ვირტუალური აქტივის მომსახურებას, გამოიყენება საზედამხედველო კაპიტალიდან ყველაზე მაღალი ოდენობა.
როგორ წარვადგინო განცხადება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად (VASP) რეგისტრაციის შესახებ?
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შესახებ განცხადება (სარეგისტრაციო ფორმა) უნდა წარედგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
სარეგისტრაციო ფორმას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო თუ დაინტერესებული პირი სააქციო საზოგადოებაა – აგრეთვე, ამონაწერი აქციათა რეესტრიდან;
- ვირტუალური აქტივის მომსახურების ჩამონათვალი;
- ინფორმაცია ადმინისტრატორების შესახებ;
- ადმინისტრატორების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
- ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, დოკუმენტაცია, რომელიც იძლევა ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის შესაძლებლობას);
- დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ცხრილი;
- კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი;
- ინფორმაცია/დოკუმენტაცია ადმინისტრატორების განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ;
- ცნობები ადმინისტრატორების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების ნასამართლობის შესახებ;
- ინფორმაცია ადმინისტრატორების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებში წილების ფლობის შესახებ;
- ინფორმაცია ადმინისტრატორების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების როგორც წარსული, ისე მიმდინარე ბიზნესსაქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
- ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების სქემატური აღწერა;
- დაინტერესებული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა;
- ბიზნესგეგმა, სულ მცირე, მომდევნო 3 წლის ბიუჯეტის პროგნოზით;
- პროვაიდერად რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
- ინფორმაცია/დოკუმენტი ვირტუალური აქტივის მომსახურების განსახორციელებლად გამოსაყენებელი ვებგვერდის (ასეთის არსებობისას) შესახებ;
- ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების განსახორციელებლად გამოსაყენებელი აპლიკაციის (ასეთის არსებობისას) შესახებ;
- დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ნივთზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებული იქნება პროვაიდერის სათავო ოფისი და ფილიალი;
- ინფორმაცია პროვაიდერის ფილიალების შესახებ;
- ინფორმაცია/დოკუმენტაცია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების შესახებ (თუ დაინტერესებული პირი გეგმავს ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლას ნაღდი ფულის გამოყენებით);
- ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ამონაწერი) ვირტუალური აქტივის მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის მწარმოებლისა და ელექტრონული სისტემის შესახებ;
- ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან დაინტერესებული პირის სახელშეკრულებო ურთიერთობების შესახებ;
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პოლიტიკა-პროცედურები;
- განცხადება, რომლითაც დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით დანერგილი აქვს ან დანერგავს შესაბამისობის კონტროლის სისტემას.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით – დედნების ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით.
უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ექვემდებარება აპოსტილირებას ან ლეგალიზაციას. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მინსკის კონვენციის წევრ სახელმწიფოებში (დ.ს.თ-ის ქვეყნებში) გაცემულ საბუთებზე.
გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის პროვაიდერად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მიიღება დოკუმენტაციის წარდგენიდან 60 დღის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს ორჯერ, თითოეულ შემთხვევაში 60 დღით.
თუ დაინტერესებული პირი გეგმავს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებას, იგი ვალდებულია დამატებით წარადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
რა ღირს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) რეგისტრაცია?
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) რეგისტრაციის საფასურია 5,000 ლარი.
რა დამატებით შეზღუდვებსა და აკრძალვებს ითვალისწინებს კანონმდებლობა?
ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით, მათ შორის, იკრძალება:
- ფიზიკურ პირებზე ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა;
- ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა აგენტის მეშვეობით;
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვისას საკომისიოს, პროცენტის ან ნებისმიერი ფულადი ან არაფულადი სარგებლის მიღება სხვა პირისგან, გარდა მომხმარებლისა.
დასაშვებია თუ არა ვირტუალური აქტივის გადაცვლა თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით?
დიახ, დასაშვებია. ამ შემთხვევაში კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესის შესაბამისად.
ამასთან, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP) ვალდებულია, თვითმომსახურების კიოსკში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამოყენებით, სულ მცირე, კიოსკთან კლიენტის მისვლის მომენტიდან მომსახურების დასრულებამდე პერიოდში განახორციელოს კიოსკის ვიდეომეთვალყურეობა და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება.
რა არის სტაბილური ვირტუალური აქტივი და როგორ ხდება მისი პირველადი შეთავაზება?
სტაბილური ვირტუალური აქტივი (stablecoin) ნიშნავს კონვერიტირებად ვირტუალურ აქტივს, რომელიც გამოხატული ან დენომინირებულია ერთეულებში, ხოლო მისი ღირებულება მიბმულია ლარის ან რომელიმე უცხოური ვალუტის ან სხვა აქტივის ღირებულებაზე და მისი ღირებულების შენარჩუნება შესაძლებელია ლიკვიდური აქტივებით ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული სხვა აქტივებით.
სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი ხელმისაწვდომია აქ.
სად შეიძლება გავეცნო ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთა (VASP) რეესტრს?
საქართველოს ეროვნულ ბანკში ამჟამად რეგისტრირებული პროვაიდერების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხ. აქ.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციისა და მომსახურების მისაღებად დაგვირეკეთ დღესვე ან შეავსეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმა.
- „ადმინისტრატორი“ ნიშნავს VASP-ის დირექტორს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრს (ასეთის არსებობისას), აგრეთვე პირს, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად VASP-ის სახელით აიღოს ვალდებულებები. ↩︎
- აღნიშნული არ ვრცელდება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებაზე. სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტი ვალდებულია ჰქონდეს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი არანაკლებ 500,000 ლარის ოდენობით. ↩︎
© 2026 Nexus LLC
იურიდიული კომპანია ნექსუსი
თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/
