უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება – რა უნდა იცოდეთ

სტატიის მოკლე და გამარტივებული ვერსია ხელმისაწვდომია აქ.

ქვემოთ ვისაუბრებთ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც განსაზღვრავს უცხოელთა მიერ საქართველოში შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვების ვალდებულებასა და თანმდევ რეგულაციებს.

ვის აქვს საქართველოში შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება?

2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ იმ უცხოელს1 („შრომით იმიგრანტს“):

  • რომელზეც სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს („სააგენტო“) მიერ გაცემულია „შრომითი საქმიანობის უფლება“ და
  • რომელიც ფლობს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას2 ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვას.

შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება სავალდებულოა იმ უცხოელებისთვისაც, რომლებიც საქართველოში შრომით ან სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ დისტანციური ფორმით (გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისი შემთხვევებისა).

ვისზე არ ვრცელდება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება?

„შრომით იმიგრანტს“ არ წარმოადგენს და, შესაბამისად, კანონის მოქმედება (მათ შორის, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება) არ ვრცელდება საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელზე.

გარდა ამისა, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისგან თავისუფლდებიან უცხოელები, რომლებიც:

  • ქართველი დამსაქმებლისთვის3 შრომით საქმიანობას ახორციელებენ სრულად დისტანციურად და ეს საქმიანობა მათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს;4
  • შრომით საქმიანობას/მომსახურების გაწევას ახორციელებენ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, აღნიშნული პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობასთან დაკავშირებით;5
  • არიან პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის საწარმოს ან სდპ-ის6 დირექტორები, მმართველობითი ორგანოს ან აუდიტის კომიტეტის წევრები;7
  • ახორციელებენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას;8
  • საქმიანობას ახორციელებენ საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ;
  • ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო, სარესტავრაციო ან სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

კანონი ასევე განსაზღვრავს უცხოელთა კონკრეტულ კატეგორიებს, რომლებზეც არ ვრცელდება მისი მოქმედება, მათ შორისაა:

  • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირები;
  • ლტოლვილები, დამატებითი დაცვის და დროებითი დაცვის მქონე პირები, თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებული პირები;
  • აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები;
  • საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასმედიის მიერ აკრედიტებული ჟურნალისტები;
  • პირები, რომელთა მიმართ მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსხვავებული რეჟიმი;
  • საქართველოს მთავრობის წევრის ინიციატივის საფუძველზე გაცემული სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირები.

ვრცელდება თუ არა კანონი საქართველოში 2026 წლის 1 მარტამდე ლეგალურად დასაქმებულ უცხოელებზე?

2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით პორტალზე labourmigration.moh.gov.ge რეგისტრირებული, აქტიური სტატუსის მქონე უცხოელები (გარდა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისგან გათავისუფლებული პირებისა), ვალდებული არიან, 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მოპოვება.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელებს (მაგალითად, ინდმეწარმე, მეოთხე კატეგორიის საწარმოს დირექტორი, ა.შ.),9 რომლებიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით ახორციელებდნენ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას, მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი ამოქმედდა 2026 წლის 1 მაისიდან.

რა წინაპირობების დაკმაყოფილებაა საჭირო უცხოელის მიერ საქართველოში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად?

  • უცხოელსა (გარდა თვითდასაქმებული პირისა) და ქართველ დამსაქმებელს შორის უნდა არსებობდეს სათანადო წესით გაფორმებული შრომითი კონტრაქტი;
  • უცხოელზე (მათ შორის, თვითდასაქმებულ პირზე) სააგენტოს მიერ გაცემული უნდა იყოს შრომითი საქმიანობის უფლება და
  • უცხოელი (მათ შორის, თვითდასაქმებული პირი) უნდა ფლობდეს ქვემოჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთს:
    • შრომითი ბინადრობის ნებართვას ან
    • D1 კატეგორიის ვიზას ან
    • რომელიმე სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვას.

რომელ პროფესიებსა და საქმიანობებზეა დაწესებული წლიური კვოტები?

იმ პროფესიებზე/კვალიფიკაციებზე და სამუშაო პოზიციებზე/სფეროებზე, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება ეროვნულ შრომის ბაზარზე აჭარბებს ან გადააჭარბებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას, დაწესებულია შემდეგი წლიური კვოტები:

  • შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საკურიერო მომსახურებასთან – 010;
  • შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან – 0;
  • შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან – 0;
  • შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან – 20011.

აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც:

  • ვაკანტური პოზიციისთვის გათვალისწინებული დარიცხული ხელფასის ოდენობა აღემატება თვეში 15,000 ლარს და
  • ვაკანტური პოზიციისთვის დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილია უმაღლესი განათლება, შესაბამისი სპეციალობით. ამასთანავე, უნდა იკვეთებოდეს სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და აუცილებლობა.

შეზღუდვები, ასევე, არ ვრცელდება: საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებზე, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებზე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ საერთაშორისო ექსპერტებსა და იმ უცხოელებზე, რომელთა მიმართებითაც სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობით იკვეთება სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და დასაბუთებული აუცილებლობა.

რა პირობებით გაიცემა შრომითი საქმიანობის უფლება?

შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა:

  • შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირებზე – კონკრეტულ დამსაქმებელთან, კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის უფლებით (ე.ი. უცხოელი „მიმაგრებულია“ კონკრეტულ დამსაქმებელზე/პოზიციაზე და მას იმავე ავტორიზაციის ფარგლებში დამსაქმებლის/პოზიციის შეცვლის უფლება არ აქვს);
  • თვითდასაქმებულ უცხოელებზე – კონკრეტული სპეციალობის/სფეროს მითითებით.

შრომითი საქმიანობის უფლების განახლების (თავიდან მოპოვების) გარეშე დამსაქმებლის შეცვლა, ხოლო თვითდასაქმებული პირის შემთხვევაში – შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის ცვლილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და გამოიწვევს უცხოელის დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის მეორედ ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება, მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას კი სახდელდადებული პირი დაჯარიმდება გაორმაგებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.

საგულისხმოა, რომ თუ შრომით ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად იცვლება მხოლოდ დასაქმებული შრომითი იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიციის დონე, ხელფასი ან სამუშაო განრიგი, შრომითი საქმიანობის უფლების თავიდან მოპოვებისა და სააგენტოსთვის შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ წარმოიშობა. 

რა ვადით გაიცემა შრომითი საქმიანობის უფლება?

შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადა განისაზღვრება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, რაც პირველი 5 წლის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, არაუმეტეს 1 წლის ვადით. შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის უწყვეტად 5 წლის განმავლობაში გაგრძელების შემთხვევაში ყოველი მომდევნო ვადა შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, 1-დან 5-წლამდე ვადით.

განსხვავებული წესია დადგენილი ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებულ/თვითდასაქმებულ უცხოელთათვის, რომელთა შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 3 წლით, რაც შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, არაუმეტეს 3 წლით.

რა პროცედურების გავლაა საჭირო შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად?

უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლება (ავტორიზაცია) გაიცემა სააგენტოს მიერ.

შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირი აღნიშნულ უფლებას მოიპოვებს დამსაქმებლის მეშვეობით (ე.ი. შესაბამისი განცხადება უნდა წარადგინოს დამსაქმებელმა), თვითდასაქმებული უცხოელი კი – დამოუკიდებლად.

უცხოელს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება, არ შეუძლია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განცხადების შეტანა.

დამსაქმებელი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განცხადებასა და საჭირო დოკუმენტაციას წარადგენს სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით.

დამსაქმებელი, რომელიც გეგმავს კალენდარული წლის განმავლობაში დაასაქმოს უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეზე მეტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა აღემატება მასთან დასაქმებული პირების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საერთო რაოდენობის 5 პროცენტი 5 ადამიანზე ნაკლებია), ვალდებულია, შრომითი საქმიანობის უფლების თაობაზე განცხადების წარდგენამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე, სააგენტოს ელექტრონული ფორმით შეუთანხმოს წლიური კვოტა.12

აღნიშნული კვოტით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში დამსაქმებელს უფლება აქვს კალენდარული წლის განმავლობაში წარადგინოს განცხადებები მასთან დასაქმების მსურველ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნის მიზნით.

შეთანხმებული კვოტა შესაძლებელია გაიზარდოს დამსაქმებლის მიერ სააგენტოსთვის კვოტის ზრდის საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში.

ზემოაღნიშნული პროცედურის დაცვა არ მოითხოვება, თუ:

  • ვაკანტური პოზიციისთვის გათვალისწინებული დარიცხული ხელფასის ოდენობა აღემატება თვეში 15,000 ლარს და
  • ვაკანტური პოზიციისთვის დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილია უმაღლესი განათლება, შესაბამისი სპეციალობით. ამასთანავე, უნდა იკვეთებოდეს სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და აუცილებლობა.

პროცედურა, ასევე, არ გავრცელდება: საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებზე, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებზე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ საერთაშორისო ექსპერტებსა და იმ უცხოელებზე, რომელთა მიმართებითაც სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობით იკვეთება სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და დასაბუთებული აუცილებლობა.

თვითდასაქმებული უცხოელი განცხადებას წარადგენს სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

განცხადების დამსაქმებლის მიერ წარდგენის შემთხვევაში:

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის“ („დადგენილება“) №1 დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია (სრული სიის სანახავად დააკლიკეთ აქ);

ინფორმაცია ადგილობრივი დამსაქმებლის შესახებ:

  • დასახელება;
  • საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
  • ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები;
  • ეკონომიკური საქმიანობის სფერო;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა);
  • სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დამსაქმებლის წლიური ბრუნვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამსაქმებლის (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50,000 ლარზე ნაკლები, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში – 35,000 ლარზე ნაკლები. აღნიშნულის წარდგენა არ მოითხოვება, თუ დამსაქმებელს არ ჰყავს დასაქმებული 3 უცხოელზე მეტი და მისი დაფუძნებიდან/რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე;
  • თუ დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, მან ზემოაღნიშნული ცნობის ნაცვლად უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დამსაქმებლის (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50,000 ლარზე ნაკლები, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში – 35,000 ლარზე ნაკლები. აღნიშნულის წარდგენა არ მოითხოვება, თუ დამსაქმებელს არ ჰყავს დასაქმებული 3 უცხოელზე მეტი და მისი დაფუძნებიდან/რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე.

ინფორმაციის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები:

  • სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად);
  • პირადი ნომერი;
  • დაკავებული სამუშაო პოზიცია;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა).

უცხოელის პერსონალური მონაცემები:

  • სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად);
  • დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი);
  • სქესი;
  • მოქალაქეობა;
  • წარმოშობის ქვეყანა;
  • საზღვარგარეთის პასპორტის ნომერი;
  • პასპორტის ბიოგრაფიული გვერდის ფოტოასლი;
  • პასპორტის გამცემი ორგანო;
  • პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადები (მოქმედების ვადა არ უნდა შეადგენდეს 6 თვეზე ნაკლებს);
  • საქართველოში მინიჭებული პირადი (თერთმეტნიშნა) ნომერი (ასეთის არსებობისას);
  • საქართველოში ბინადრობის ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობისას);
  • საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისა და მოქმედების ვადები (ასეთის არსებობისას).

უცხოელის მიერ დასაკავებელი პოზიცია და ამ პოზიციისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უცხოელის მიერ დასაკავებელი პოზიცია;
  • დასაკავებელი პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
    • პროფესიული ცოდნა/კვალიფიკაცია/ფუნქციები;
    • მოთხოვნილი განათლების დონე;
    • პროფესიით მუშაობის გამოცდილება/სტაჟი (ასეთი მოთხოვნის არსებობისას);
    • სპეციფიკური უნარები (ასეთი მოთხოვნის არსებობისას);
    • დამატებითი ცოდნა და უნარები (ასეთი მოთხოვნის არსებობისას);
    • სხვა დამატებითი მოთხოვნები (ასეთი მოთხოვნების არსებობისას).

უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია, გამოცდილება და უნარები:

  • განათლება;
  • პროფესია/კვალიფიკაცია;
  • პროფესიით მუშაობის გამოცდილება/სტაჟი (წლების და სფეროს მითითებით);
  • ზოგადი და სპეციფიკური უნარები (ასეთის არსებობისას);
  • დამატებითი ცოდნა და უნარები (ასეთის არსებობისას).

უცხოელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დადების, ძალაში შესვლისა და დასრულების თარიღები (რიცხვი/თვე/წელი).

შრომითი ხელშეკრულების ასლი.

მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შრომითი იმიგრანტის დასაქმების სურვილის თაობაზე განცხადების დადასტურების თაობაზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპით დადასტურებული განცხადების ფორმა.

განცხადების თვითდასაქმებული უცხოელის მიერ წარდგენის შემთხვევაში:

დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია (სრული სიის სანახავად დააკლიკეთ აქ);

ინფორმაცია უცხოელის შესახებ:

  • სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად);
  • დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი);
  • სქესი;
  • მოქალაქეობა;
  • წარმოშობის ქვეყანა;
  • საზღვარგარეთის პასპორტის ნომერი;
  • პასპორტის ბიოგრაფიული გვერდის ფოტოასლი;
  • პასპორტის გამცემი ორგანო;
  • პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადები (მოქმედების ვადა არ უნდა შეადგენდეს 6 თვეზე ნაკლებს);
  • საქართველოში მინიჭებული პირადი (თერთმეტნიშნა) ნომერი (ასეთის არსებობისას);
  • საქართველოში ბინადრობის ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობისას);
  • საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისა და მოქმედების ვადები (ასეთის არსებობისას);
  • საიდენტიფიკაციო ნომერი მეწარმეთა რეესტრიის ამონაწერის მიხედვით.

უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება:

  • განათლება;
  • პროფესია/კვალიფიკაცია;
  • შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილება (წლების, სფეროსა და ფუნქციების მითითებით);
  • სპეციფიკური უნარები (ასეთის არსებობისას);
  • დამატებითი ცოდნა და უნარები (ასეთის არსებობისას).

ინფორმაცია უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის შესახებ:

  • უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის სფერო, საქმიანობის შინაარსი და ადგილი;
  • კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი ან მეწარმე ფიზიკური პირის პირადი ნომერი;
  • სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული წლიური ბრუნვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიის/მეწარმე ფიზიკური პირის (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50,000 ლარზე ნაკლები, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში – 35,000 ლარზე ნაკლები. აღნიშნულის წარდგენა არ მოითხოვება, თუ საწარმოს დაფუძნებიდან/მეწარმე ფიზიკური პირის რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე;
  • თუ კომპანია/მეწარმე ფიზიკური პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ზემოაღნიშნული ცნობის ნაცვლად სააგენტოს უნდა წარედგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანია/მეწარმე ფიზიკური პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში კომპანიის/მეწარმე ფიზიკური პირის (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50,000 ლარზე ნაკლები, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში – 35,000 ლარზე ნაკლები. აღნიშნულის წარდგენა არ მოითხოვება, თუ საწარმოს დაფუძნებიდან/მეწარმე ფიზიკური პირი რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე;
  • მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში – საქმიანობის სფეროს დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ან სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი საქმიანობის სერტიფიკატი);
  • თუ მეწარმე ფიზიკური პირი მეოთხე კატეგორიის საწარმოში ხელმძღვანელობით ან მმართველობით საქმიანობას ახორციელებს (მაგალითად, დანიშნულია დირექტორად) − ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია სააგენტოს წარედგინება უშუალოდ თვითდასაქმებული უცხოელის მიერ (და არა მისი მინდობილი პირის მეშვეობით).

გარდა ამისა, თვითდასაქმებული უცხოელი გადის ვიდეოგასაუბრებას სააგენტოსთან და ვიდეოგასაუბრების დასასრულს ადასტურებს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით გაკეთებულ ელექტრონულ განცხადებას.

სააგენტოს მიერ განცხადების განხილვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში – არაუმეტეს 10 სამუშაო დღეს.

რა ღირს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება?

მომსახურების საფასურის ოდენობა შეადგენს 200 ლარს, ხოლო განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში – 400 ლარს.

რა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ?

უცხოელი ვერ მიიღებს შრომითი საქმიანობის ავტორიზაციას, თუ:

  • წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი;
  • დამსაქმებელთან დასაქმების მსურველი უცხოელების რაოდენობა აღემატება სააგენტოსთან შეთანხმებულ კვოტას (იხ. ზემოთ) ან არის იმ პროფესიების/კვალიფიკაციებისა და სამუშაო პოზიციების/სფეროების ჩამონათვალში, რომლებზეც განსაზღვრულია შესაბამისი წლიური კვოტა და ეს კვოტა უკვე შევსებულია;
  • დარღვეულია შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენის ვადა;
  • დაწყებულია უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ;
  • თვითდასაქმებული უცხოელი სააგენტოსთან ვიდეოგასაუბრებაზე არ გამოცხადდა ან გამოცხადდა, მაგრამ ვერ მოახერხა ელექტრონული განცხადების დადასტურება ან არ წარუდგენია პასპორტის დედანი.

რა ხდება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ?

თუ შრომითი ავტორიზაციის მიღების მომენტში უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება, იგი ვალდებულია აღნიშნული უფლების მოპოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს განაცხადი D1 კატეგორიის ვიზის მისაღებად, ხოლო თუ უცხოელი უკვე საქართველოს ტერიტორიაზეა, მან შრომითი საქმიანობის უფლების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეიტანოს განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის ან IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად.

D1 კატეგორიის ვიზის ან შრომითი/IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოპოვება არ მოითხოვება, როდესაც უცხოელი:

  • უკვე ფლობს რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას ან
  • იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ და საქართველოში შრომით ან სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს სრულად დისტანციურად.

სავალდებულოა თუ არა სააგენტოსთვის უცხოელთან დადებული შრომითი კონტრაქტის წარდგენა?

დიახ, სავალდებულოა. ამასთან, შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ან მასში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია 5 კალენდარული დღის ვადაში უნდა აისახოს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.

დამსაქმებლის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის (მათ შორის, შრომითი კონტრაქტის ვადის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის) მიუწოდებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას თითოეულ უცხოელზე 1,000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის მეორედ ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება, მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას კი სახდელდადებული პირი დაჯარიმდება გაორმაგებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.  

რა იწვევს შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტას?

შრომითი ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძვლებია:

  • შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა/ვადამდე შეწყვეტა;
  • თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფაქტობრივად არ მუშაობს შესაბამის პოზიციაზე/სფეროში ან ფაქტობრივად მუშაობს განსხვავებულ პოზიციაზე/სფეროში ან განსხვავებული პირობებით;
  • თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოს უწყვეტად 6 თვეზე მეტი ხნით დატოვება;
  • D1 კატეგორიის ვიზის ვადის ამოწურვა ან შეწყვეტა, თუ უცხოელს  ბინადრობის ნებართვა არ ექნება მოპოვებული;
  • ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვა ან შეწყვეტა;
  • კანონით დადგენილ ვადაში (იხ. ზემოთ) D1 კატეგორიის ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის ან IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების წარუდგენლობა;
  • უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელისთვის D1 კატეგორიის ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის ან IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა;
  • უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარულ დღეში შეწყვიტოს უცხოელთან არსებული შრომითი კონტრაქტი და სააგენტოს წარუდგინოს სათანადო ინფორმაცია.

რა ხდება შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვის შემდეგ?

თუ შრომითი ავტორიზაციის ვადა იწურება, დამსაქმებელს კი არ სურს უცხოელთან შრომითი ურთიერთობის დასრულება, მას შეუძლია მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება.

შესაბამისი განცხადება სააგენტოს უნდა წარედგინოს შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის გასვლამდე სულ მცირე 30 კალენდარული დღით ადრე.

თვითდასაქმებული უცხოელი განცხადებას წარადგენს უშუალოდ, იმავე ვადაში.

სააგენტო განცხადებაში დასმულ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტს მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეში.

სად და რა ვადაში საჩივრდება სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილება?

შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, 1 თვის ვადაში.

საჩივრის განხილვის პერიოდში უცხოელს საქართველოში მუშაობა არ შეუძლია. ამასთან, მიმდინარე დავა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველს არ წარმოადგენს; არ ჩერდება არც გაძევების პროცედურები.  

დასაშვებია თუ არა შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადების ხელმეორედ წარდგენა?

დიახ. შრომითი ავტორიზაციის გაცემაზე ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უცხოელს უფლება აქვს, განმეორებით მიმართოს სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელს უნდა ჰქონდეს ყოფნის კანონიერი საფუძველი.

რა საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს კანონი შრომითი ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის?

უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება (მათ შორის, დისტანციურად) გამოიწვევს დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის13 დაჯარიმებას თითოეულ ასეთ უცხოელზე 2,000 ლარის ოდენობით.

უცხოელის (მათ შორის, თვითდასაქმებულის) მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება, მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას კი სახდელდადებული პირი დაჯარიმდება გაორმაგებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.

საქართველოში უცხოელის ლეგალურად დასაქმებასა და იმიგრაციის სხვა საკითხებთან დაკავშირებით კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მისაღებად დაგვირეკეთ დღესვე ან შეავსეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმა.


  1. „უცხოელი“ ნიშნავს პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი. ↩︎
  2. D1 კატეგორიის ვიზა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება, ასევე საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად მომავალ უცხოელზე. ↩︎
  3. ქართველ დამსაქმებელში (საკანონმდებლო ტერმინოლოგიით – „ადგილობრივი დამსაქმებელი“) იგულისხმება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, ინდმეწარმე, ამხანაგობა, უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლობა, აგრეთვე საქართველოში ლეგალურად მცხოვრები პირი, რომელსაც უფლება აქვს, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს უცხოელთან და რომელიც იყენებს მის შრომას საქართველოში. ↩︎
  4. აღნიშნული შეღავათი არ ვრცელდება თვითდასაქმებულ პირებზე. ↩︎
  5. აღნიშნული შეღავათი არ მოქმედებს, თუ უცხოელი არის მეწარმე ფიზიკური პირი და საქართველოში კანონიერად ყოფნისთვის სჭირდება ბინადრობის ნებართვა. ↩︎
  6. საზოგადოებრივი დაინტერესების პირი. ↩︎
  7. აღნიშნული შეღავათი არ ვრცელდება მეოთხე კატეგორიის საწარმოთა დირექტორებზე. „მეოთხე კატეგორიის საწარმო“ ეწოდება სუბიექტს, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება; ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება. ↩︎
  8. აღნიშნული საქმიანობა უნდა განხორციელდეს დროებითი ვიზიტის ფარგლებში, არ უნდა წარმოადგენდეს ხანგრძლივ დასაქმებას ადგილობრივ ბაზარზე და დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს წლის განმავლობაში ჯამურად 4 თვეს. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელებამდე დამსაქმებელი/მომსახურების ორგანიზატორი ვალდებულია, დაარეგისტრიროს შრომითი იმიგრანტი შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში. ↩︎
  9. „თვითდასაქმებული უცხოელი“ ეწოდება საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელს, რომელიც საქართველოში ეწევა შრომით საქმიანობას (მაგალითად, ვაჭრობას, მომსახურების მიწოდებას, სხვა ტიპის საქმიანობას, არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი ან სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში სხვაგვარად ჩართული პირი) და ამ საქმიანობის მიზანს ეკონომიკური სარგებლის მიღება წარმოადგენს. კანონის მიზნებისთვის კომპანიის დირექტორი მიიჩნევა თვითდასაქმებულ უცხოელად. ↩︎
  10. ე.ი. აღნიშნულ პოზიციაზე/სფეროში უცხოელის დასაქმება/საქმიანობა აკრძალულია. ↩︎
  11. ამ კვოტის შევსების შემდეგ შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში შრომითი საქმიანობის უფლება აღარ გაიცემა. ↩︎
  12. აღნიშნულისათვის წარდგენილ უნდა იქნეს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამსაქმებლის (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50,000 ლარზე ნაკლები, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში – 35,000 ლარზე ნაკლები. ↩︎
  13. პირი, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის „თვითდასაქმებულ უცხოელთან“, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იღებს ფინანსურ სარგებელს. ↩︎

© 2026 Nexus LLC

იურიდიული კომპანია ნექსუსი

თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/

Discover more from იურიდიული ბლოგი

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading