უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება – რა უნდა იცოდეთ

ქვემოთ ვისაუბრებთ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც განსაზღვრავს უცხოელთა მიერ საქართველოში შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვების ვალდებულებასა და თანმდევ რეგულაციებს.

კანონში ინიცირებული უახლესი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას გაეცანით სტატიის ბოლოს.

რომელ უცხოელს აქვს საქართველოში შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება?

2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ იმ უცხოელს („შრომით იმიგრანტს“1):

  • რომელზეც სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს („სააგენტო“) მიერ გაცემულია „შრომითი საქმიანობის უფლება“ და
  • რომელიც ფლობს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას2 ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვას.

შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება სავალდებულოა იმ უცხოელებისთვისაც, რომლებიც საქართველოში შრომით ან სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ დისტანციური ფორმით.

ვრცელდება თუ არა ახალი კანონი საქართველოში 2026 წლის 1 მარტამდე ლეგალურად დასაქმებულ უცხოელებზე?

დიახ. 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით პორტალზე labourmigration.moh.gov.ge რეგისტრირებული, აქტიური სტატუსის მქონე უცხოელები ვალდებული არიან, კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მოპოვება.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელებს (მაგალითად, ინდმეწარმე, კომპანიის დირექტორი, ა.შ.),3 რომლებიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით ახორციელებდნენ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას, მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი ამოქმედდება 2026 წლის 1 მაისიდან.

რა წინაპირობების დაკმაყოფილებაა საჭირო უცხოელის მიერ საქართველოში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად?

  • უცხოელსა (გარდა თვითდასაქმებული პირისა) და ქართველ დამსაქმებელს4 შორის უნდა არსებობდეს სათანადო წესით გაფორმებული შრომითი კონტრაქტი;
  • უცხოელზე (მათ შორის, თვითდასაქმებულ პირზე) სააგენტოს მიერ გაცემული უნდა იყოს შრომითი საქმიანობის უფლება და
  • უცხოელი (მათ შორის, თვითდასაქმებული პირი) უნდა ფლობდეს ქვემოჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთს:
    • შრომითი ბინადრობის ნებართვას ან
    • D1 კატეგორიის ვიზას ან
    • რომელიმე სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვას.

რომელ პროფესიებსა და საქმიანობებზეა დაწესებული წლიური კვოტები?

იმ პროფესიებზე/კვალიფიკაციებზე და სამუშაო პოზიციებზე/სფეროებზე, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება ეროვნულ შრომის ბაზარზე აჭარბებს ან გადააჭარბებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას, დაწესებულია შემდეგი წლიური კვოტები:

  • შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საკურიერო მომსახურებასთან – 05;
  • შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან – 0;
  • შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან – 0;
  • შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან – 2006.

აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც:

  • ვაკანტური პოზიციისთვის გათვალისწინებული დარიცხული ხელფასის ოდენობა აღემატება თვეში 15,000 ლარს და
  • ვაკანტური პოზიციისთვის დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილია უმაღლესი განათლება, შესაბამისი სპეციალობით. ამასთანავე, უნდა იკვეთებოდეს სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და აუცილებლობა.

შეზღუდვები ასევე არ ვრცელდება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებსა და ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებზე.

რა პირობებით გაიცემა შრომითი საქმიანობის უფლება?

შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა:

  • შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირებზე – კონკრეტულ დამსაქმებელთან, კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის უფლებით (ე.ი. უცხოელი „მიმაგრებულია“ კონკრეტულ დამსაქმებელზე/პოზიციაზე და მას იმავე ავტორიზაციის ფარგლებში დამსაქმებლის/პოზიციის შეცვლის უფლება არ აქვს);
  • თვითდასაქმებულ უცხოელებზე – კონკრეტული სპეციალობის/სფეროს მითითებით.

შრომითი საქმიანობის უფლების განახლების გარეშე დამსაქმებლის შეცვლა, ხოლო თვითდასაქმებული პირის შემთხვევაში – შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის ცვლილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და გამოიწვევს უცხოელის დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის მეორედ ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება, მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას კი სახდელდადებული პირი დაჯარიმდება გაორმაგებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.  

რა ვადით გაიცემა შრომითი საქმიანობის უფლება?

შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადა განისაზღვრება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, რაც პირველი 5 წლის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, არაუმეტეს 1 წლის ვადით. შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის უწყვეტად 5 წლის განმავლობაში გაგრძელების შემთხვევაში ყოველი მომდევნო ვადა შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, 1-დან 5-წლამდე ვადით.

განსხვავებული წესია დადგენილი ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებულ/თვითდასაქმებულ უცხოელთათვის, რომელთა შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 3 წლით, რაც შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, არაუმეტეს 3 წლით.

რა პროცედურების გავლაა საჭირო შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად?

უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლება (ავტორიზაცია) გაიცემა სააგენტოს მიერ.

შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირი აღნიშნულ უფლებას მოიპოვებს დამსაქმებლის მეშვეობით (ე.ი. შესაბამისი განცხადება უნდა წარადგინოს დამსაქმებელმა), თვითდასაქმებული უცხოელი კი – დამოუკიდებლად.

უცხოელს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება, არ შეუძლია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განცხადების შეტანა.

დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში განათავსოს ინფორმაცია იმ ვაკანტური პოზიციის შესახებ, რომელზეც აპირებს შრომითი იმიგრანტის დასაქმებას.

თუ სააგენტო 10 სამუშაო დღის განმავლობაში ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი კანდიდატურ(ებ)ის მოძიებასა და დამსაქმებლისთვის მიწოდებას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით განცხადებით მიმართოს სააგენტოს შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით.

აღნიშნული პროცედურის დაცვა არ მოითხოვება, თუ:

  • ვაკანტური პოზიციისთვის გათვალისწინებული დარიცხული ხელფასის ოდენობა აღემატება თვეში 15,000 ლარს და
  • ვაკანტური პოზიციისთვის დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილია უმაღლესი განათლება, შესაბამისი სპეციალობით. ამასთანავე, უნდა იკვეთებოდეს სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და აუცილებლობა.

პროცედურის დაცვა ასევე არ მოეთხოვებათ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებსა და ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს.

თვითდასაქმებული უცხოელი განცხადებას წარადგენს სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

განცხადების დამსაქმებლის მიერ წარდგენის შემთხვევაში:

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის“ („დადგენილება“) №1 დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია (სრული სიის სანახავად დააკლიკეთ აქ);

ინფორმაცია ადგილობრივი დამსაქმებლის შესახებ:

  • დასახელება;
  • საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
  • ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები;
  • ეკონომიკური საქმიანობის სფერო;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა).

ინფორმაციის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები:

  • სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად);
  • პირადი ნომერი;
  • დაკავებული სამუშაო პოზიცია;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა).

უცხოელის პერსონალური მონაცემები:

  • სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად);
  • დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი);
  • სქესი;
  • მოქალაქეობა;
  • წარმოშობის ქვეყანა;
  • საზღვარგარეთის პასპორტის ნომერი;
  • პასპორტის ბიოგრაფიული გვერდის ფოტოასლი;
  • პასპორტის გამცემი ორგანო;
  • პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადები;
  • საქართველოში მინიჭებული პირადი (თერთმეტნიშნა) ნომერი (ასეთის არსებობისას);
  • საქართველოში ბინადრობის ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობისას);
  • საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისა და მოქმედების ვადები (ასეთის არსებობისას).

უცხოელის მიერ დასაკავებელი პოზიცია და ამ პოზიციისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უცხოელის მიერ დასაკავებელი პოზიცია;
  • დასაკავებელი პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
    • პროფესიული ცოდნა/კვალიფიკაცია/ფუნქციები;
    • მოთხოვნილი განათლების დონე;
    • პროფესიით მუშაობის გამოცდილება/სტაჟი (ასეთი მოთხოვნის არსებობისას);
    • სპეციფიკური უნარები (ასეთი მოთხოვნის არსებობისას);
    • დამატებითი ცოდნა და უნარები (ასეთი მოთხოვნის არსებობისას);
    • სხვა დამატებითი მოთხოვნები (ასეთი მოთხოვნების არსებობისას).

უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია, გამოცდილება და უნარები:

  • განათლება;
  • პროფესია/კვალიფიკაცია;
  • პროფესიით მუშაობის გამოცდილება/სტაჟი (წლების და სფეროს მითითებით);
  • ზოგადი და სპეციფიკური უნარები (ასეთის არსებობისას);
  • დამატებითი ცოდნა და უნარები (ასეთის არსებობისას).

უცხოელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დადების, ძალაში შესვლისა და დასრულების თარიღები (რიცხვი/თვე/წელი).

შრომითი ხელშეკრულების ასლი.

მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შრომითი იმიგრანტის დასაქმების სურვილის თაობაზე განაცხადის დადასტურების თაობაზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპით დადასტურებული განაცხადის ფორმა.

განცხადების თვითდასაქმებული უცხოელის მიერ წარდგენის შემთხვევაში:

დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია (სრული სიის სანახავად დააკლიკეთ აქ);

ინფორმაცია უცხოელის შესახებ:

  • სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად);
  • დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი);
  • სქესი;
  • მოქალაქეობა;
  • წარმოშობის ქვეყანა;
  • საზღვარგარეთის პასპორტის ნომერი;
  • პასპორტის ბიოგრაფიული გვერდის ფოტოასლი;
  • პასპორტის გამცემი ორგანო;
  • პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადები;
  • საქართველოში მინიჭებული პირადი (თერთმეტნიშნა) ნომერი (ასეთის არსებობისას);
  • საქართველოში ბინადრობის ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობისას);
  • საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისა და მოქმედების ვადები (ასეთის არსებობისას);
  • საიდენტიფიკაციო ნომერი მეწარმეთა რეესტრიის ამონაწერის მიხედვით.

უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება:

  • განათლება;
  • პროფესია/კვალიფიკაცია;
  • შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილება (წლების, სფეროსა და ფუნქციების მითითებით);
  • სპეციფიკური უნარები (ასეთის არსებობისას);
  • დამატებითი ცოდნა და უნარები (ასეთის არსებობისას).

ინფორმაცია უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის შესახებ:

  • უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის სფერო, საქმიანობის შინაარსი და ადგილი;
  • უცხოელის მიერ საქართველოში დაფუძნებული საწარმოს შემთხვევაში:
    • კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი ან ინდ. მეწარმის პირადი ნომერი;
    • სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი კომპანიის/ინდ. მეწარმის წლიური ბრუნვის შესახებ (თუ უცხოელის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოში დაფუძნებულ კომპანიასთან ან უცხოელი რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ);
  • უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის დაწყების სურვილის შემთხვევაში − დეტალური ბიზნესგეგმა (დაგეგმილი ინვესტირებისა და წლიური ბრუნვის მოცულობის შესახებ), ასევე ინფორმაცია უცხოელის მიერ სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად საჭირო რესურსის თაობაზე და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი.

მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა აღნიშნულისა, თვითდასაქმებული უცხოელი გადის ვიდეოგასაუბრებას სააგენტოსთან და ვიდეოგასაუბრების დასასრულს ადასტურებს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით გაკეთებულ ელექტრონულ განაცხადს.

სააგენტოს მიერ განაცხადის განხილვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო განაცხადის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში – არაუმეტეს 10 სამუშაო დღეს.

რა ღირს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება?

მომსახურების საფასურის ოდენობა შეადგენს 200 ლარს, ხოლო განაცხადის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში – 400 ლარს.

რა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ?

უცხოელი ვერ მიიღებს შრომითი საქმიანობის ავტორიზაციას, თუ:

  • წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი;
  • უცხოელის კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება ქართული შრომის ბაზრის მოთხოვნებს ან არის ისეთი პროფესია ან სპეციალობა, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება აჭარბებს ან გადააჭარბებს შრომის ბაზარზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას;7
  • დაწყებულია უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ.

გარდა ამისა, შრომითი ავტორიზაცია არ გაიცემა, თუ დარღვეულია შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენის ვადა (იხ. ქვემოთ).

რა ხდება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ?

თუ შრომითი ავტორიზაციის მიღების მომენტში უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება, იგი ვალდებულია აღნიშნული უფლების მოპოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს განაცხადი D1 კატეგორიის ვიზის მისაღებად, ხოლო თუ უცხოელი უკვე საქართველოს ტერიტორიაზეა, მან შრომითი საქმიანობის უფლების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეიტანოს განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის ან IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად.

D1 კატეგორიის ვიზის ან შრომითი/IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოპოვება არ მოითხოვება, როდესაც უცხოელი:

  • უკვე ფლობს რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას ან
  • იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ და საქართველოში შრომით ან სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს სრულად დისტანციურად.

სავალდებულოა თუ არა სააგენტოსთვის უცხოელთან დადებული შრომითი კონტრაქტის წარდგენა?

დიახ. ამასთან, შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ან მასში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია 5 კალენდარული დღის ვადაში უნდა აისახოს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.

დამსაქმებლის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის (მათ შორის, შრომითი კონტრაქტის ვადის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის) მიუწოდებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას თითოეულ უცხოელზე 1,000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის მეორედ ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება, მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას კი სახდელდადებული პირი დაჯარიმდება გაორმაგებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.  

რა იწვევს შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტას?

შრომითი ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძვლებია:

  • შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა/ვადამდე შეწყვეტა;
  • თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფაქტობრივად არ მუშაობს შესაბამის პოზიციაზე/სფეროში ან ფაქტობრივად მუშაობს განსხვავებულ პოზიციაზე/სფეროში ან განსხვავებული პირობებით;
  • თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოს უწყვეტად 6 თვეზე მეტი ხნით დატოვება;
  • D1 კატეგორიის ვიზის ვადის ამოწურვა ან შეწყვეტა, თუ უცხოელს  ბინადრობის ნებართვა არ ექნება მოპოვებული;
  • ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვა ან შეწყვეტა;
  • კანონით დადგენილ ვადაში (იხ. ზემოთ) D1 კატეგორიის ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის ან IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების წარუდგენლობა;
  • უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელისთვის D1 კატეგორიის ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის ან IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა;
  • უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარულ დღეში შეწყვიტოს უცხოელთან არსებული შრომითი კონტრაქტი და სააგენტოს წარუდგინოს სათანადო ინფორმაცია.

რა ხდება შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვის შემდეგ?

თუ შრომითი ავტორიზაციის ვადა იწურება, დამსაქმებელს კი არ სურს უცხოელთან შრომითი ურთიერთობის დასრულება, მას შეუძლია მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება.

შესაბამისი განცხადება სააგენტოს უნდა წარედგინოს შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის გასვლამდე სულ მცირე 30 კალენდარული დღით ადრე.

თვითდასაქმებული უცხოელი განცხადებას წარადგენს უშუალოდ, იმავე ვადაში.

სააგენტო განცხადებაში დასმულ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტს მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეში.

სად და რა ვადაში საჩივრდება სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილება?

შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, 1 თვის ვადაში.

საჩივრის განხილვის პერიოდში უცხოელს საქართველოში მუშაობა არ შეუძლია. ამასთან, მიმდინარე დავა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველს არ წარმოადგენს; არ ჩერდება არც გაძევების პროცედურები.  

დასაშვებია თუ არა შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადების ხელმეორედ წარდგენა?

დიახ. შრომითი ავტორიზაციის გაცემაზე ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უცხოელს უფლება აქვს, განმეორებით მიმართოს სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელს უნდა ჰქონდეს ყოფნის კანონიერი საფუძველი.

რა საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს კანონი შრომითი ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის?

უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება (მათ შორის, დისტანციურად) გამოიწვევს დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის8 დაჯარიმებას თითოეულ ასეთ უცხოელზე 2,000 ლარის ოდენობით.

უცხოელის (მათ შორის, თვითდასაქმებულის) მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება, მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას კი სახდელდადებული პირი დაჯარიმდება გაორმაგებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.

რა იცვლება ახალი კანონპროექტით „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?

ახალი კანონპროექტი შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ამჟამად საპარლამენტო განხილვის ეტაპზეა, შრომითი საქმიანობის უფლების და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მოპოვებისგან ათავისუფლებს უცხოელებს, რომლებიც:

  • ქართველი დამსაქმებლისთვის შრომით საქმიანობას9 ახორციელებენ სრულად დისტანციურად და ეს საქმიანობა მათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს;
  • შრომით საქმიანობას/მომსახურების გაწევას ახორციელებენ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, აღნიშნული პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობასთან დაკავშირებით;
  • არიან პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის საწარმოთა დირექტორები, სამეთვალყურეო საბჭოს ან აუდიტის კომიტეტის წევრები;10
  • ახორციელებენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას;11
  • ფლობენ საქართველოს მთავრობის წევრის ინიციატივის საფუძველზე გაცემულ სპეციალურ ბინადრობის ნებართვას;
  • საქმიანობას ახორციელებენ საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ.

საქართველოში უცხოელის ლეგალურად დასაქმებასა და იმიგრაციის სხვა საკითხებთან დაკავშირებით კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მისაღებად დაგვირეკეთ დღესვე ან შეავსეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმა.


  1. „შრომით იმიგრანტს“ არ წარმოადგენს და, შესაბამისად, ზემოთ მითითებული შეზღუდვები (მათ შორის, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება) არ ვრცელდება საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელზე. გარდა ამისა, კანონი განსაზღვრავს უცხოელთა კონკრეტულ კატეგორიებს, რომლებზეც არ ვრცელდება მისი მოქმედება, მათ შორისაა: საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირები; ლტოლვილები; დამატებითი დაცვის და დროებითი დაცვის მქონე პირები; თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებული პირები; აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები; უცხოური მასმედიის მიერ აკრედიტებული ჟურნალისტები; პირები, რომელთა მიმართ მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსხვავებული რეჟიმი. ↩︎
  2. D1 კატეგორიის ვიზა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება, ასევე საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად მომავალ უცხოელზე. ↩︎
  3. „თვითდასაქმებული უცხოელი“ ეწოდება საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელს, რომელიც საქართველოში ეწევა შრომით საქმიანობას (მაგალითად, ვაჭრობას, მომსახურების მიწოდებას, სხვა ტიპის საქმიანობას, არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი ან სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში სხვაგვარად ჩართული პირი) და ამ საქმიანობის მიზანს ეკონომიკური სარგებლის მიღება წარმოადგენს. კანონის მიზნებისთვის კომპანიის დირექტორი მიიჩნევა თვითდასაქმებულ უცხოელად. ↩︎
  4. ქართველ დამსაქმებელში (საკანონმდებლო ტერმინოლოგიით – „ადგილობრივი დამსაქმებელი“) იგულისხმება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, ინდმეწარმე, ამხანაგობა, უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლობა, აგრეთვე საქართველოში ლეგალურად მცხოვრები პირი, რომელსაც უფლება აქვს, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს უცხოელთან და რომელიც იყენებს მის შრომას საქართველოში. ↩︎
  5. ე.ი. აღნიშნულ პოზიციაზე/სფეროში უცხოელის დასაქმება/საქმიანობა აკრძალულია. ↩︎
  6. ამ კვოტის შევსების შემდეგ შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში შრომითი საქმიანობის უფლება აღარ გაიცემა. ↩︎
  7. ამრიგად, აღნიშნულ სექტორებში პრიორიტეტი მიენიჭება შიდა შრომითი რესურსების გამოყენებას (ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმებას). ↩︎
  8. პირი, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის „თვითდასაქმებულ უცხოელთან“, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იღებს ფინანსურ სარგებელს. ↩︎
  9. შესაბამისად, აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება თვითდასაქმებულ პირებზე. ↩︎
  10. აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება მეოთხე კატეგორიის საწარმოთა დირექტორებზე. „მეოთხე კატეგორიის საწარმო“ ეწოდება სუბიექტს, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება; ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება. ↩︎
  11. აღნიშნული საქმიანობა უნდა განხორციელდეს დროებითი ვიზიტის ფარგლებში, არ უნდა წარმოადგენდეს ხანგრძლივ დასაქმებას ადგილობრივ ბაზარზე და დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობების ჩამონათვალი/კრიტერიუმები და ხანგრძლივობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ↩︎

© 2026 Nexus LLC

იურიდიული კომპანია ნექსუსი

თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/

Discover more from იურიდიული ბლოგი

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading