უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება – რა უნდა იცოდეთ

ქვემოთ ვისაუბრებთ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ უახლეს ცვლილებებზე, რომლებიც განსაზღვრავს უცხოელთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვების ვალდებულებასა და თანმდევ რეგულაციებს.

ახალი კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 მარტიდან.

რომელ უცხოელს აქვს საქართველოში შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება?

ახალი კანონის თანახმად, საქართველოში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ იმ უცხოელს („შრომით იმიგრანტს“1):

  • რომელზეც სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს („სააგენტო“) მიერ გაცემულია „შრომითი საქმიანობის უფლება“ და
  • რომელიც ფლობს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას2 ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვას.

შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება სავალდებულოა იმ უცხოელებისთვისაც, რომლებიც ქართველ დამსაქმებელთან3 შრომით ურთიერთობას ახორციელებენ დისტანციური ფორმით.

ვრცელდება თუ არა ახალი კანონი საქართველოში 2026 წლის 1 მარტამდე ლეგალურად დასაქმებულ უცხოელებზე?

დიახ. 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით პორტალზე labourmigration.moh.gov.ge რეგისტრირებული, აქტიური სტატუსის მქონე უცხოელები ვალდებული არიან, კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მოპოვება.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელებს, რომლებიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით უკვე ახორციელებენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას, მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი ამოქმედდება 2026 წლის 1 მაისიდან.

რა წინაპირობების დაკმაყოფილებაა საჭირო უცხოელის მიერ საქართველოში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად?

  • უცხოელსა (გარდა თვითდასაქმებული პირისა4) და ქართველ დამსაქმებელს შორის უნდა არსებობდეს სათანადო წესით გაფორმებული შრომითი კონტრაქტი;
  • უცხოელზე (მათ შორის, თვითდასაქმებულ პირზე) სააგენტოს მიერ გაცემული უნდა იყოს შრომითი საქმიანობის უფლება და
  • უცხოელი (მათ შორის, თვითდასაქმებული პირი) უნდა ფლობდეს ქვემოჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთს:
    • შრომითი ბინადრობის ნებართვა ან
    • D1 კატეგორიის ვიზა ან
    • რომელიმე სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვა.

რომელ პროფესიებსა და საქმიანობებზეა დაწესებული წლიური კვოტები?

იმ პროფესიებზე/კვალიფიკაციებზე და სამუშაო პოზიციებზე/სფეროებზე, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება ეროვნულ შრომის ბაზარზე აჭარბებს ან გადააჭარბებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას, დადგენილების №3 დანართით განსაზღვრულია შემდეგი წლიური კვოტები:

  • შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საკურიერო მომსახურებასთან – 05;
  • შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან – 0;
  • შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან – 0;
  • შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან – 2006.

აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც:

  • ვაკანტური პოზიციისთვის გათვალისწინებული დარიცხული ხელფასის ოდენობა აღემატება თვეში 15,000 ლარს და
  • ვაკანტური პოზიციისთვის დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილია უმაღლესი განათლება, შესაბამისი სპეციალობით. ამასთანავე, უნდა იკვეთებოდეს სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და აუცილებლობა.

შეზღუდვები ასევე არ ვრცელდება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებსა და ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებზე.

რა პირობებით გაიცემა შრომითი საქმიანობის უფლება?

შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა:

  • შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირებზე – კონკრეტულ დამსაქმებელთან, კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის უფლებით (ე.ი. უცხოელი „მიმაგრებულია“ კონკრეტულ დამსაქმებელზე/პოზიციაზე და მას იმავე ავტორიზაციის ფარგლებში დამსაქმებლის/პოზიციის შეცვლის უფლება არ აქვს);
  • თვითდასაქმებულ უცხოელებზე – კონკრეტული სპეციალობის/სფეროს მითითებით.

შრომითი საქმიანობის უფლების განახლების გარეშე დამსაქმებლის შეცვლა, ხოლო თვითდასაქმებული პირის შემთხვევაში – შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის ცვლილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და გამოიწვევს უცხოელის დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის მეორედ ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება, მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას კი სახდელდადებული პირი დაჯარიმდება გაორმაგებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.  

რა ვადით გაიცემა შრომითი საქმიანობის უფლება?

შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადა განისაზღვრება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, რაც პირველი 5 წლის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, არაუმეტეს 1 წლის ვადით. შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის უწყვეტად 5 წლის განმავლობაში გაგრძელების შემთხვევაში ყოველი მომდევნო ვადა შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, 1-დან 5-წლამდე ვადით.

განსხვავებული წესია დადგენილი ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებულ/თვითდასაქმებულ უცხოელთათვის, რომელთა შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 3 წლით, რაც შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, არაუმეტეს 3 წლით.

რა პროცედურების გავლაა საჭირო შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად?

უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლება (ავტორიზაცია) გაიცემა სააგენტოს მიერ.

შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირი აღნიშნულ უფლებას მოიპოვებს დამსაქმებლის მეშვეობით (ე.ი. შესაბამისი განცხადება უნდა წარადგინოს დამსაქმებელმა), თვითდასაქმებული უცხოელი კი – დამოუკიდებლად.

უცხოელს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება, არ შეუძლია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განცხადების შეტანა.

დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში განათავსოს ინფორმაცია იმ ვაკანტური პოზიციის შესახებ, რომელზეც აპირებს შრომითი იმიგრანტის დასაქმებას.

თუ სააგენტო 10 სამუშაო დღის განმავლობაში ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი კანდიდატურ(ებ)ის მოძიებასა და დამსაქმებლისთვის მიწოდებას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით განცხადებით მიმართოს სააგენტოს შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით.

აღნიშნული პროცედურის დაცვა არ მოითხოვება, თუ:

  • ვაკანტური პოზიციისთვის გათვალისწინებული დარიცხული ხელფასის ოდენობა აღემატება თვეში 15,000 ლარს და
  • ვაკანტური პოზიციისთვის დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილია უმაღლესი განათლება, შესაბამისი სპეციალობით. ამასთანავე, უნდა იკვეთებოდეს სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და აუცილებლობა.

პროცედურის დაცვა ასევე არ მოეთხოვებათ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებსა და ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს.

თვითდასაქმებული უცხოელი განცხადებას წარადგენს სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

განცხადების დამსაქმებლის მიერ წარდგენის შემთხვევაში:

განცხადების თვითდასაქმებული უცხოელის მიერ წარდგენის შემთხვევაში:

  • დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა აღნიშნულისა, თვითდასაქმებული უცხოელი გადის ვიდეოგასაუბრებას სააგენტოსთან და ვიდეოგასაუბრების დასასრულს ადასტურებს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით გაკეთებულ ელექტრონულ განაცხადს.

სააგენტოს მიერ განაცხადის განხილვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო განაცხადის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში – არაუმეტეს 10 სამუშაო დღეს.

რა ღირს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება?

მომსახურების საფასურის ოდენობა შეადგენს 200 ლარს, ხოლო განაცხადის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში – 400 ლარს.

რა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ?

უცხოელი ვერ მიიღებს შრომითი საქმიანობის ავტორიზაციას, თუ:

  • წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი;
  • უცხოელის კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება ქართული შრომის ბაზრის მოთხოვნებს ან არის ისეთი პროფესია ან სპეციალობა, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება აჭარბებს ან გადააჭარბებს შრომის ბაზარზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას;7
  • დაწყებულია უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ.

გარდა ამისა, შრომითი ავტორიზაცია არ გაიცემა, თუ დარღვეულია შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენის ვადა (იხ. ქვემოთ).

რა ხდება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ?

თუ შრომითი ავტორიზაციის მიღების მომენტში უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება, იგი ვალდებულია აღნიშნული უფლების მოპოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს განაცხადი D1 კატეგორიის ვიზის მისაღებად, ხოლო თუ უცხოელი უკვე საქართველოს ტერიტორიაზეა, მან შრომითი საქმიანობის უფლების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეიტანოს განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის ან IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად.

გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც უცხოელი უკვე ფლობს რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვას ან იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ და მუშაობს სრულად დისტანციურად.

სავალდებულოა თუ არა სააგენტოსთვის უცხოელთან დადებული შრომითი კონტრაქტის წარდგენა?

დიახ. ამასთან, შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ან მასში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია 5 კალენდარული დღის ვადაში უნდა აისახოს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.

დამსაქმებლის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის (მათ შორის, შრომითი კონტრაქტის ვადის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის) მიუწოდებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას თითოეულ უცხოელზე 1,000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის მეორედ ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება, მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას კი სახდელდადებული პირი დაჯარიმდება გაორმაგებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.  

რა იწვევს შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტას?

შრომითი ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძვლებია:

  • შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა/ვადამდე შეწყვეტა;
  • თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფაქტობრივად არ მუშაობს შესაბამის პოზიციაზე/სფეროში ან ფაქტობრივად მუშაობს განსხვავებულ პოზიციაზე/სფეროში ან განსხვავებული პირობებით;
  • თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოს უწყვეტად 6 თვეზე მეტი ხნით დატოვება;
  • D1 კატეგორიის ვიზის ვადის ამოწურვა ან შეწყვეტა, თუ უცხოელს  ბინადრობის ნებართვა არ ექნება მოპოვებული;
  • ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვა ან შეწყვეტა;
  • კანონით დადგენილ ვადაში (იხ. ზემოთ) D1 კატეგორიის ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის ან IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების წარუდგენლობა;
  • უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელისთვის D1 კატეგორიის ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის ან IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა;
  • უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარულ დღეში შეწყვიტოს უცხოელთან არსებული შრომითი კონტრაქტი და სააგენტოს წარუდგინოს სათანადო ინფორმაცია.

რა ხდება შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვის შემდეგ?

თუ შრომითი ავტორიზაციის ვადა იწურება, დამსაქმებელს კი არ სურს უცხოელთან შრომითი ურთიერთობის დასრულება, მას შეუძლია მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება.

შესაბამისი განცხადება სააგენტოს უნდა წარედგინოს შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის გასვლამდე სულ მცირე 30 კალენდარული დღით ადრე.

თვითდასაქმებული უცხოელი განცხადებას წარადგენს უშუალოდ, იმავე ვადაში.

სააგენტო განცხადებაში დასმულ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტს მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეში.

სად და რა ვადაში საჩივრდება სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილება?

შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, 1 თვის ვადაში.

საჩივრის განხილვის პერიოდში უცხოელს საქართველოში მუშაობა არ შეუძლია. ამასთან, მიმდინარე დავა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველს არ წარმოადგენს; არ ჩერდება არც გაძევების პროცედურები.  

დასაშვებია თუ არა შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადების ხელმეორედ წარდგენა?

დიახ. შრომითი ავტორიზაციის გაცემაზე ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უცხოელს უფლება აქვს, განმეორებით მიმართოს სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელს უნდა ჰქონდეს ყოფნის კანონიერი საფუძველი.

რა საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს კანონი შრომითი ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის?

უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება (მათ შორის, დისტანციურად) გამოიწვევს დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის8 დაჯარიმებას თითოეულ ასეთ უცხოელზე 2,000 ლარის ოდენობით.

უცხოელის (მათ შორის, თვითდასაქმებულის) მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება, მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას კი სახდელდადებული პირი დაჯარიმდება გაორმაგებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.  

საქართველოში უცხოელის ლეგალურად დასაქმებასა და იმიგრაციის სხვა საკითხებთან დაკავშირებით კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მისაღებად დაგვირეკეთ დღესვე ან შეავსეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმა.


  1. საგულისხმოა, რომ „შრომით იმიგრანტს“ არ წარმოადგენს და, შესაბამისად, ზემოთ მითითებული შეზღუდვები (მათ შორის, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება) არ ვრცელდება საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელზე. გარდა ამისა, კანონი განსაზღვრავს უცხოელთა კონკრეტულ კატეგორიებს, რომლებზეც არ ვრცელდება მისი მოქმედება, მათ შორისაა: საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირები; ლტოლვილები; დამატებითი დაცვის და დროებითი დაცვის მქონე პირები; თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებული პირები; აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები; უცხოური მასმედიის მიერ აკრედიტებული ჟურნალისტები; პირები, რომელთა მიმართ მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსხვავებული რეჟიმი. ↩︎
  2. D1 კატეგორიის ვიზა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება, ასევე საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად მომავალ უცხოელზე. ↩︎
  3. ქართველ დამსაქმებელში (საკანონმდებლო ტერმინოლოგიით – „ადგილობრივი დამსაქმებელი“) იგულისხმება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, ინდმეწარმე, ამხანაგობა, უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლობა, აგრეთვე საქართველოში ლეგალურად მცხოვრები პირი, რომელსაც უფლება აქვს, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს უცხოელთან და რომელიც იყენებს მის შრომას საქართველოში. ↩︎
  4. კანონის მიზნებისთვის „თვითდასაქმებული უცხოელი“ ეწოდება საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელს, რომელიც საქართველოში ეწევა შრომით საქმიანობას (მაგალითად, ვაჭრობას, მომსახურების მიწოდებას, სხვა ტიპის საქმიანობას, არის პარტნიორი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი ან სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში სხვაგვარად ჩართული პირი) და ამ საქმიანობის მიზანს ეკონომიკური სარგებლის მიღება წარმოადგენს. ↩︎
  5. ე.ი. აღნიშნულ პოზიციაზე/სფეროში უცხოელის დასაქმება/საქმიანობა აკრძალულია. ↩︎
  6. ამ კვოტის შევსების შემდეგ შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში შრომითი საქმიანობის უფლება აღარ გაიცემა. ↩︎
  7. ამრიგად, აღნიშნულ სექტორებში პრიორიტეტი მიენიჭება შიდა შრომითი რესურსების გამოყენებას (ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმებას). ↩︎
  8. პირი, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის „თვითდასაქმებულ უცხოელთან“, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იღებს ფინანსურ სარგებელს. ↩︎

© 2026 Nexus LLC

იურიდიული კომპანია ნექსუსი

თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/