
აკრედიტივი (letter of credit, documentary credit) არის ბანკი-ემიტენტის მიერ აპლიკანტის დავალების საფუძველზე გაცემული მტკიცე და გამოუხმობი დაპირება, დააკმაყოფილოს ბენეფიციარის დოკუმენტური პრეზენტაცია (მოთხოვნა გადახდაზე), თუ ის გარეგნულად შეესაბამება და აკმაყოფილებს აკრედიტივის პირობებს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, აკრედიტივი წარმოადგენს მისი გამხსნელი ბანკის პირობით ფულად ვალდებულებას, რომელსაც ბანკი კისრულობს აპლიკანტის დავალებით, ბენეფიციარის სასარგებლოდ და რომელიც ექვემდებარება შესრულებას ბენეფიციარის მიერ აკრედიტივით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემთხვევაში.
სამართლის წყაროები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დოკუმენტურ აკრედიტივთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირებას მხოლოდ ორი მუხლი ეთმობა. მათგან ერთი იძლევა აკრედიტივის ლეგალურ დეფინიციას, მეორე კი აცხადებს, რომ მხარეთა სხვაგვარი შეთანხმების არარსებობის პირობებში აკრედიტივების მიმართ გამოიყენება „საერთაშორისო მიმოქცევაში […] დამკვიდრებული ჩვეულებები“. აღნიშნულ ტერმინში, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრება საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილი „აკრედიტივის უნიფიცირებული წესები და ჩვეულებები“ (პუბლიკაცია UCP №600)1, რომელიც, მართალია, თავისთავად არ წარმოადგენს კანონის ძალის მქონე აქტს და, შესაბამისად, ავტომატურად არ ვრცელდება სააკრედიტივო ტრანზაქციებზე (არამედ საჭიროა აკრედიტივის ტექსტში მისი ინკორპორირება პირდაპირი რეფერენსის (მითითების) გაკეთებით), თუმცა პრაქტიკაში მისი პოპულარობიდან გამომდინარე უდავოდ მიიჩნევა დამკვიდრებულ კომერციულ „ჩვეულებებად“ სამოქალაქო კოდექსის მიზნებისთვის და ასრულებს ე.წ. დეფოლტ წესების ფუნქციას (თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის შეთანხმებული). აქედან გამომდინარე, აკრედიტივთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ქვემოთ სწორედ UCP-ის სტანდარტიზებული წესების ჭრილში მიმოვიხილავთ.
ფუნქცია
აკრედიტივები ყველაზე ხშირად გამოიყენება საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებიდან (კომერციული ტრანზაქციებიდან) წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულების მხარეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ერთმანეთს არ იცნობენ და, შესაბამისად, არ გააჩნიათ ურთიერთნდობა, ხშირად საჭიროებენ დამოუკიდებელი მესამე პირის გარანტიას იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრაგენტის სახელშეკრულებო ვალდებულებები ჯეროვნად შესრულდება.
მაგალითად, გაყინული ხორცის ექსპორტიორს (გამყიდველს) A ქვეყნიდან სურს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება იმპორტიორთან (მყიდველთან) B ქვეყანაში. თუ მხარეები შეთანხმდებიან ნასყიდობის ფასის გადახდაზე მას შემდეგ, რაც საქონელი ჩავა B ქვეყანაში (ანუ მას შემდეგ, რაც საქონელს მიიღებს იმპორტიორი), ექსპორტიორი დგება მნიშვნელოვანი კომერციული რისკის წინაშე, რომ ფასის გადახდა არ მოხდება, ხოლო თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ ნასყიდობის საგნის (მოცემულ შემთხვევაში − გაყინული ხორცის) მიწოდება განხორციელდება იმპორტიორის მიერ ფასის სრულად გადახდის შემდეგ, დაუზღვეველი რისკები წარმოეშობა იმპორტიორს, კერძოდ, რისკი იმისა, რომ ნასყიდობის ფასის გადახდის მიუხედავად იგი საქონელს ვერ მიიღებს.
აკრედიტივით ანგარიშსწორებისას ექსპორტიორმა იცის, რომ ის აუცილებლად მიიღებს გადახდას, თუ ბანკს დადგენილ ვადაში სრულყოფილად წარუდგენს აკრედიტივით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, იმპორტიორს კი, თავის მხრივ, აქვს იმის სამართლებრივი გარანტია, რომ ბანკი მხოლოდ მაშინ განახორციელებს გადახდას, როცა მეორე მხარე (ექსპორტიორი) ჯეროვნად შეასრულებს თავის დოკუმენტურ ვალდებულებებს.
მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტივები ხშირად ასოცირდება საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულებებთან, მათი გამოყენების სფერო მხოლოდ აღნიშნული ტიპის სამართალურთიერთობით არ შემოიფარგლება. აკრედიტივის ძირითადი დანიშნულება, რაც მისი კომერციული რეპუტაციის საფუძველს წარმოადგენს, მდგომარეობს იმაში, რომ ბენეფიციარი აუცილებლად მიიღებს დაკმაყოფილებას მესამე პირის (ბანკის) მხრიდან, თუ იგი ჯეროვნად შეასრულებს აკრედიტივით განსაზღვრულ პირობებს ანუ გადახდის მისაღებად ბანკს წარუდგენს აკრედიტივით გათვალისწინებულ კონკრეტულ დოკუმენტაციას, იქნება ეს კომერციული ინვოისი, კონოსამენტი, ზედნადები, დაზღვევის პოლისი, შესაბამისობის სერტიფიკატი თუ სხვა. ამრიგად, საბაზისო კონტრაქტის საგანი შესაძლოა იყოს არა მხოლოდ საქონლის მიწოდება (ნასყიდობა), არამედ, მაგალითად, მომსახურების გაწევა, მშენებლობის წარმოება და ა.შ.
მაგალითად, A-სა და B-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი ძვირადღირებული ტექნიკის შეკეთების შესახებ, სადაც A შემსრულებელია, B კი დამკვეთი. A-ს შეუძლია B-სგან მოითხოვოს აკრედიტივის გახსნა შეპირებული საზღაურის (ანუ შესრულებული სამუშაოს ღირებულების) გადახდის უზრუნველსაყოფად. ამ შემთხვევაში აკრედიტივი განაღდებას ექვემდებარება, თუ A შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტს (ემიტენტს) წარუდგენს მესამე პირის მიერ ხელმოწერილ დასკვნას (სერტიფიკატს), რომ სამუშაო შესრულდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ან წარადგენს აკრედიტივით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტს ან დოკუმენტებს, რომელთა კონკრეტული ჩამონათვალი განისაზღვრება მხარეთა მიერ და აისახება აკრედიტივში.
ძირითადი პრინციპები
დამოუკიდებლობის (ავტონომიურობის) პრინციპი, რომელმაც აგრეთვე ასახვა ჰპოვა UCP 600-ის ტექსტში, გულისხმობს, რომ აკრედიტივი თავისი ბუნებით საბაზისო კონტრაქტისგან დამოუკიდებელ ტრანზაქციას წარმოადგენს, რის გამოც ბანკი არ არის დაკავშირებული საბაზისო კონტრაქტთან და არ იბოჭება მისი პირობებით მაშინაც კი, როცა აკრედიტივი პირდაპირ მიუთითებს მასზე. გარდა ამისა, აკრედიტივი დამოუკიდებელია ბანკსა და აპლიკანტს შორის არსებული ხელშეკრულებისგან.
ამრიგად, ბანკის ვალდებულება, გადაიხადოს ფულადი თანხა, მოახდინოს ბენეფიციარის დრაფტის2 აქცეპტი3 ან განახორციელოს ნეგოციაცია4 არ ექვემდებარება აპლიკანტის მოთხოვნებსა თუ შესაგებლებს, რომლებიც გამომდინარეობს მასა და ბენეფიციარს შორის არსებული ტრანზაქციიდან (საბაზისო კონტრაქტიდან). სააკრედიტივო ოპერაციებში ბანკებს საქმე აქვთ მხოლოდ დოკუმენტებთან და არა საქონელთან, მომსახურებასთან ან სხვაგვარ შესრულებასთან, რომლებსაც შეიძლება ეხებოდეს ეს დოკუმენტები. შესაბამისად, ბანკის ვალდებულება ანგარიშსწორების განხორციელებაზე წარმოიშობა ბენეფიციარის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარდგენისას და არა საქონლის ფაქტობრივად მიწოდებისას.
მკაცრი შესაბამისობის პრინციპი სააკრედიტივო ოპერაციების მეორე ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მის თანახმად, ემიტენტის ვალდებულება აკრედიტივით განსაზღვრული თანხის გადახდაზე წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტი დაადგენს ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების გარეგნულ შესაბამისობას აკრედიტივის პირობებთან. თუ ბენეფიციარის დოკუმენტური პრეზენტაცია ნაკლის მქონეა და ემიტენტი, აპლიკანტის ინსტრუქციების საპირისპიროდ, მაინც განახორციელებს თანხის გადახდას, ის დაკარგავს აპლიკანტისგან ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. აქედან გამომდინარე, მკაცრი შესაბამისობის სტანდარტი ემსახურება აპლიკანტის ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობის პრინციპის მიზანია ბენეფიციარის სასარგებლოდ მყარი გარანტიების შექმნით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა.
მხარეები
ყოველი აკრედიტივი საჭიროებს სულ მცირე სამი მხარის არსებობას: აპლიკანტის, ბენეფიციარისა და ემიტენტის (აკრედიტივის გამხსნელი ფინანსური ინსტიტუტი). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკაში აკრედიტივი ძირითადად გაიცემა ბანკების მიერ, რომლებსაც სხვა საკრედიტო დაწესებულებებთან შედარებით უფრო მეტი საოპერაციო ექსპერტიზა აქვთ. ამასთან, როგორც წესი, ტრანზაქციაში მონაწილეობს არა სამი, არამედ ოთხი მხარე, კერძოდ: აპლიკანტი, ბენეფიციარი, ბანკი-ემიტენტი და მოკორესპონდენტო ბანკი5. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი:
აპლიკანტი ეწოდება პირს, რომელიც ბანკ-ემიტენტს მიმართავს აკრედიტივის გახსნის მოთხოვნით;
ბენეფიციარი ეწოდება პირს, რომლის სასარგებლოდაც ხდება აკრედიტივის გახსნა;
ბანკი-ემიტენტი ეწოდება ბანკს (ფინანსურ ინსტიტუტს), რომელმაც გახსნა აკრედიტივი ბენეფიციარის სასარგებლოდ, აპლიკანტის ინსტრუქციების შესაბამისად. საგულისხმოა, რომ ბანკი-ემიტენტი ორმხრივ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება მხოლოდ აპლიკანტთან (მხედველობაში გვაქვს ხელშეკრულება აკრედიტივის გახსნის შესახებ, რითაც, მათ შორის, განისაზღვრება აკრედიტივის გაცემისთვის ბანკის საზღაურის ოდენობა და რეგულირდება ბენეფიციარისთვის გადახდილი თანხის რეგრესის წესით ანაზღაურების საკითხი). რაც შეეხება უშუალოდ აკრედიტივს, ის წარმოადგენს ემიტენტის დამოუკიდებელ (აბსტრაქტულ) პირობას გადახდაზე, რომელიც მის ცალმხრივ ვალდებულებას წარმოშობს ბენეფიციარის წინაშე;
სააკრედიტივო ურთიერთობებში ემიტენტის მიერ ხშირად გამოიყენება მესამე ბანკი, რომელიც, როგორც წესი, მდებარეობს ბენეფიციარის ქვეყანაში, ქალაქში, ა.შ. ანუ წარმოადგენს ბენეფიციარისთვის რეზიდენტ ბანკს და, შესაბამისად, სარგებლობს მისი უფრო მაღალი ნდობით. აღნიშნული მოკორესპონდენტო ბანკის ვალდებულება შეიძლება იყოს ისეთი მარტივი, როგორიცაა ბენეფიციარის ინფორმირება აკრედიტივის გახსნის შესახებ (ე.წ. ედვაისინგი), რა დროსაც მოკორესპონდენტო ბანკი ასრულებს ე.წ. საავიზო ბანკის (ზოგჯერ იწოდება „ავიზირებადი ბანკის“ სახელით) როლს, ან პირიქით − ისეთი კომპლექსური, როგორიცაა აკრედიტივიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულების შესრულება ან ნეგოციაცია, რა დროსაც მოკორესპონდენტო ბანკი დამადასტურებელ ბანკად იწოდება. შემსრულებელი, იგივე დასახელებული ან ნომინირებული ბანკი არის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ემიტენტის მიერ ავტორიზებულია ბენეფიციარის დოკუმენტური პრეზენტაციის მიღებაზე, გადახდის განხორციელებაზე, დრაფტის აქცეპტირებაზე ან/და ნეგოციაციაზე. შემსრულებელ ბანკს გადახდის ვალდებულება, როგორც წესი, არ აქვს, თუ ის იმავდროულად დამადასტურებელ ბანკს არ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ როგორც საავიზო, ისე დამადასტურებელი და შემსრულებელი ბანკები სათანადო წესით უნდა იყვნენ უფლებამოსილი ემიტენტის მიერ, შესაბამისად, ავიზირების, აკრედიტივის დადასტურების, გადახდის ვალდებულების შესრულების ან ნეგოციაციის განხორციელებაზე.
აქვე განმარტების სახით უნდა ითქვას, რომ როცა მოკორესპონდენტო ბანკი კისრულობს მხოლოდ ავიზირებადი ბანკის ფუნქციას, ის ადასტურებს, რომ შეამოწმა აკრედიტივის გარეგნული ავთენტურობა (ფროდის გამოსარიცხად) და მის მიერ ბენეფიციარისთვის მიწოდებული შეტყობინება ზუსტად ასახავს ემიტენტისგან მიღებული აკრედიტივის პირობებს. რაც შეეხება დამადასტურებელ ბანკს, ის ასრულებს არა მხოლოდ ავიზირებადი ბანკის როლს, არამედ აკრედიტივის დადასტურებით აგრეთვე კისრულობს ემიტენტის ყველა ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ. ამასთან, დამადასტურებელი ბანკის აღნიშნული ვალდებულება დამოუკიდებელია ბანკი-ემიტენტის ვალდებულებისაგან, შესაბამისად, ბენეფიციარს შეუძლია შესრულება მოითხოვოს როგორც დამადასტურებელი, ისე ემიტენტი ბანკისგან. ვინაიდან დამადასტურებელი ბანკი კისრულობს პირდაპირ ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, ის მოიპოვებს რეგრესული ანაზღაურების მიღების უფლებას ემიტენტის მიმართ. დამადასტურებელი ბანკი, როგორც წესი, წარმოადგენს ბენეფიციარის რეზიდენტ ბანკს, რის გამოც ის უფრო მაღალი ნდობით სარგებლობს, ვიდრე არარეზიდენტი ემიტენტი ბანკი.
აკრედიტივის ტიპები
ერთმანეთისგან განასხვავებენ გამოთხოვად და გამოუთხოვად (იგივე გამოუხმობ) აკრედიტივებს. გამოთხოვადი აკრედიტივის გაუქმება ემიტენტი ბანკის მიერ შესაძლოა განხორციელდეს ცალმხრივად, აპლიკანტისა და ბენეფიციარის ყოველგვარი თანხმობის გარეშე. აღნიშნულს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მაშინ, როდესაც ამა თუ იმ მიზეზის (მაგალითად, აპლიკანტის მოსალოდნელი გადახდისუუნარობის) გამო ბანკი-ემიტენტის მიერ აკრედიტივის განაღდება გარკვეული რისკების შემცველია. ამასთანავე, ემიტენტის მიერ აკრედიტივის გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ ბენეფიციარის მიერ მისთვის გადახდის მოთხოვნის წარდგენამდე.
აღსანიშნავია, რომ UCP-ის ბოლო რედაქციის თანახმად, აკრედიტივი წარმოადგენს ემიტენტის გამოუთხოვად ვალდებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ აკრედიტივის გახსნის შემდეგ მისი გაუქმება, ისევე, როგორც მასში ნებისმიერი ცვლილების შეტანა დასაშვებია მხოლოდ ყველა მხარის (ბენეფიციარის, აპლიკანტისა და ემიტენტის) თანხმობის საფუძველზე.
გარდა ზემოხსენებული კლასიფიცირებისა, აკრედიტივი შეიძლება იყოს დადასტურებული ან დაუდასტურებელი. როგორც უკვე აღინიშნა, აკრედიტივის დადასტურებით დამადასტურებელი ბანკი ბენეფიციარის წინაშე კისრულობს მტკიცე ვალდებულებას, განახორციელოს გადახდა ან სათანადოდ წარდგენილი დოკუმენტაციის ნეგოციაცია. აკრედიტივის დადასტურება, რა საკვირველია, დამოკიდებულია ბანკი-კორესპონდენტის ნება-სურვილზე. მან შეიძლება უარი განაცხადოს დადასტურებაზე და ამის ნაცვლად შეასრულოს მხოლოდ ავიზირებადი ბანკის როლი ანუ უზრუნველყოს ბენეფიციარის ინფორმირება მის სასარგებლოდ აკრედიტივის გახსნის თაობაზე, ბენეფიციარის წინაშე ყოველგვარი გადახდის ვალდებულების აღების გარეშე. ამ შემთხვევაში აკრედიტივი ისევ გამოუხმობია, თუმცა დაუდასტურებელი, ე.ი. ბენეფიციარს მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ ბანკი-ემიტენტის მიმართ. აქედან გამომდინარე, დადასტურებული აკრედიტივი ბენეფიციარისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელია, რამეთუ მას წარმოეშობა თავისი ფულადი მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება როგორც ემიტენტის, ისე დამადასტურებელი ბანკის მიმართ, რა დროსაც ორივე ბანკი თანაბრადაა ვალდებული გადახდის განხორციელებაზე.
ძირითადი ელემენტები და მხარეთა უფლება-მოვალეობები
ყველა სააკრედიტივო ტრანზაქცია შესაძლოა დაიყოს სამ ძირითად ელემენტად: (1) საბაზისო ხელშეკრულება აპლიკანტსა და ბენეფიციარს შორის, (2) ხელშეკრულება აპლიკანტსა და ემიტენტს შორის და (3) აკრედიტივიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ემიტენტსა და ბენეფიციარს შორის. თითოეული ელემენტი თავის თავში მოიცავს მისი მონაწილე მხარეების კონკრეტულ უფლებებსა და მოვალეობებს. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი:
1) აკრედიტივის გაცემის საფუძველს ნებისმიერ შემთხვევაში წარმოადგენს აპლიკანტსა და ბენეფიციარს შორის არსებული ძირითადი ხელშეკრულება, რომელსაც საბაზისო კონტრაქტს უწოდებენ, ხოლო აკრედიტივი, იმავე ლოგიკით, არააქცესორული წარმოებული ვალდებულებაა. როგორც უკვე აღინიშნა, თეორიულად საბაზისო ხელშეკრულება შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის ტრანზაქცია, თუმცა პრაქტიკაში, როგორც წესი, ის წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის, მომსახურების ან ნარდობის ხელშეკრულებას.
საწყის ეტაპზე აპლიკანტსა და ბენეფიციარს ძირითად კონტრაქტში შეაქვთ სპეციალური პირობა, რომ მათ შორის ანგარიშსწორება მოხდება აკრედიტივით. შესაბამისად, აპლიკანტი ამავე კონტრაქტით კისრულობს ბენეფიციარის სასარგებლოდ აკრედიტივის გახსნის ვალდებულებას, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს შემხვედრი ვალდებულების შესრულებაზე და მოითხოვოს აპლიკანტისგან ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საუკეთესო შემთხვევაში ძირითადი ხელშეკრულებითვე განისაზღვრება აკრედიტივის გახსნის ვადა, აკრედიტივის ტიპი (მაგალითად, გამოუხმობია თუ არა), გადახდის პირობა (წარდგენისთანავე, გადავადებული გადახდა, აქცეპტირება) და სხვა პირობები. აღნიშნული მიზანშეწონილია, რათა აპლიკანტს არ მიეცეს გადამეტებული დისკრეცია და თანაბრად იქნეს უზრუნველყოფილი ორივე მხარის ინტერესები.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აკრედიტივის გაცემით საბაზისო კონტრაქტიდან გამომდინარე აპლიკანტის გადახდის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ არ წყდება და არც მისი გადაკისრება ხდება ტრანზაქციის მონაწილე ბანკზე/ბანკებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ, მაგალითად, ემიტენტი, დამადასტურებელი და შემსრულებელი ბანკები არამართლზომიერად განაცხადებენ უარს ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, აპლიკანტი ვალდებული რჩება ბენეფიციარის წინაშე ჯეროვნად მიწოდებული საქონლის ფასის გადახდაზე. ამ შემთხვევაში აპლიკანტს შეუძლია უჩივლოს ემიტენტ ბანკს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის და მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2) სახელშეკრულებო ურთიერთობა აპლიკანტსა და ემიტენტს შორის მყარდება ემიტენტის მიერ აკრედიტივის გახსნის თაობაზე წარდგენილი განცხადების დააქცეპტების მომენტიდან. აღნიშნული ქმედებით ემიტენტი კისრულობს ვალდებულებას, გასცეს აკრედიტივი აპლიკანტის ინსტრუქციების შესაბამისად. ემიტენტს არ აქვს უფლება, გადაუხვიოს აპლიკანტის მითითებებს ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას აპლიკანტის მიმართ, თუმცა აღნიშნული არ ზღუდავს ემიტენტს, განახორციელოს აპლიკანტის მიერ მიწოდებული პირობების შესაბამისობის დადგენა აკრედიტივის პრინციპებთან და მარეგულირებელ ნორმებთან.
მაგალითად, თუ აპლიკანტს სურს, რომ საბაზისო კონტრაქტი ან პროფორმა ინვოისი იქცეს აკრედიტივის შემადგენელ ნაწილად, ბანკს შეუძლია უარი თქვას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან ის პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის აკრედიტივის დამოუკიდებლობის პრინციპთან (აგრეთვე UCP 600-ის მოთხოვნებთან).
ემიტენტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარის ინფორმირება მის სასარგებლოდ აკრედიტივის გახსნის თაობაზე, რისთვისაც მას შეუძლია დაიხმაროს მესამე (საავიზო) ბანკი. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი დათქმულ ვადაში არ გასცემს აკრედიტივს ან არ განახორციელებს ბენეფიციარის ინფორმირებას, აპლიკანტი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ემიტენტის ცენტრალური ვალდებულება აპლიკანტის მიმართ მდგომარეობს ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებასა და გადახდის განხორციელებაში, თუ დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება აკრედიტივის პირობებს. თუ ბანკი არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ზემოაღნიშნულ ვალდებულებას, ის პასუხისმგებელი იქნება აპლიკანტის წინაშე მიყენებული ზიანისათვის. ამასთან, თუ ბანკი არამართლზომიერად (ე.ი. აკრედიტივის პირობების საწინააღმდეგოდ) დააკმაყოფილებს ბენეფიციარის პრეზენტაციას და განახორციელებს გადახდას, ის დაკარგავს აპლიკანტისგან რეგრესული (ანუ კრედიტის თანხის) ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას და პასუხისმგებელი იქნება მიყენებული ზიანის კომპენსირებაზე.
საგულისხმოა, რომ UCP 600 შეიცავს არაერთ „safe harbour“ დებულებას, რომელთა მიზანია დოკუმენტაციის შემმოწმებელი ბანკების დაცვა პოტენციური სამართლებრივი დავებისა და პასუხისმგებლობისაგან. მაგალითად, თუ ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტი გაყალბებულია, რისი ამოცნობაც შეუძლებელი იქნებოდა შემმოწმებელი ბანკის მიერ სათანდო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაშიც კი, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული გადახდის გამო ბანკი პასუხს არ აგებს.
რაც შეეხება აპლიკანტის ვალდებულებებს ემიტენტი ბანკის მიმართ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ემიტენტისთვის რეგრესის წესით იმ თანხის გადახდის (დაბრუნების) ვალდებულება, რომელიც ბენეფიციარს აკრედიტივის პირობების შესაბამისად აუნაზღაურდა. თავისი რისკების დასაზღვევად ბანკმა შესაძლოა აპლიკანტს მოსთხოვოს, მაგალითად, დეპოზიტის განხორციელება, უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა ან/და უზრუნველყოფის სხვა საშუალების წარმოდგენა. ამასთან, ემიტენტს უფლება აქვს, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ბენეფიციარისგან მიღებული ტვირთის განმკარგავი დოკუმენტებით6. აპლიკანტი აგრეთვე პასუხისმგებელია ემიტენტისთვის აკრედიტივის ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი საპროცენტო სარგებლისა და საკომისიოს გადახდაზე, აკრედიტივთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასა და ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიღებაზე (რომლის მეშვეობითაც ის შეძლებს მიწოდებულ საქონელზე საკუთრების უფლების მოპოვებას).
3) UCP 600-ის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობა ემიტენტსა და ბენეფიციარს შორის წარმოშობილად ითვლება ემიტენტის მიერ ბენეფიციარისთვის აკრედიტივის გახსნის თაობაზე წინარე შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან, რის საფუძველზეც ემიტენტი კისრულობს გამოუთხოვად ვალდებულებას, გასცეს აკრედიტივი დადგენილ ვადაში, შეტყობინებაში მითითებული პირობების შესაბამისად. ამ შეტყობინების გარეშე ბენეფიციარს არ წარმოეშობა ემიტენტისადმი აკრედიტივის გაცემის მოთხოვნის უფლება; აღნიშნული მოთხოვნა მას შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ აპლიკანტის მიმართ, ძირითადი კონტრაქტის საფუძველზე.
გადახდის მისაღებად ბანკს შესაბამისი პრეზენტაცია უნდა წარედგინოს აკრედიტივით განსაზღვრული ვადის გასვლამდე, სამუშაო დროის (საბანკო საათების) განმავლობაში. პრეზენტაცია შეიძლება წარედგინოს უშუალოდ ემიტენტს ან აკრედიტივში მითითებულ სხვა ბანკს (დასახელებული ბანკი). ემიტენტი ვალდებულია, დააკმაყოფილოს ბენეფიციარის სათანადოდ შესრულებული წარდგინება (პრეზენტაცია), გარდა მკაცრად გამონაკლისი შემთხვევებისა (ფროდი/გაყალბება7).
დოკუმენტაციის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 საბანკო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი აღმოაჩენს, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კრედიტის პირობებს, მას აქვს ორი ალტერნატივა: (1) არ დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მოთხოვნა ან (2) გაარკვიოს, აპლიკანტი უარს ხომ არ აცხადებს შეუსაბამობასთან დაკავშირებული უფლებების გამოყენებაზე. თუ აპლიკანტი ჩათვლის, რომ დოკუმენტაცია კრედიტის პირობების შესაბამისია, ბანკს წარმოეშობა გადახდის ვალდებულება. თუ ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ის ვალდებულია, ბენეფიციარს აცნობოს აღნიშნულის თაობაზე და განუმარტოს უარის თქმის მიზეზები (კერძოდ, რა შეუსაბამობები იქნა აღმოჩენილი შემოწმების პროცესში).
აკრედიტივის დამოუკიდებლობის პრინციპიდან გამომდინარე ბანკს არ შეუძლია, უარი განაცხადოს გადახდაზე ბენეფიციარის მიერ საბაზისო კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, აგრეთვე როდესაც აპლიკანტი არ ასრულებს ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. თავის მხრივ, ბენეფიციარს არ გააჩნია პირდაპირი ვალდებულებები ბანკი-ემიტენტის მიმართ. ამრიგად, ბენეფიციარს შეუძლია, უარი თქვას აკრედიტივის გამოყენებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში მას შეიძლება დაეკისროს აკრედიტივთან დაკავშირებული პროცენტების, საკომისიოებისა და ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საბაზისო ხელშეკრულებით.
- Uniform Customs and Practice for Documentary Credits (UCP), ICC Publication No. 600 (2007) სავაჭრო ჩვეულებებისა და ტრადიციების კოდიფიკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურ დონეზე აკრედიტივით ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და პრაქტიკის ჰარმონიზაციას. ↩︎
- გადასაპირებელი (ტრატა) თამასუქი, იგივე დრაფტი (draft/bill of exchange) ნიშნავს მიმოქცევად დოკუმენტს, რომელიც გამოიწერება გამყიდველის (ექსპორტიორის) მიერ და შეიცავს თამასუქში ნაჩვენები თანხის გადახდის მოთხოვნას ემიტენტის მიმართ. ↩︎
- თუ აკრედიტივის გადახდა უნდა შესრულდეს „აქცეპტირების“ წესით, ბენეფიციარის დრაფტის აქცეპტირებით ემიტენტი (ნომინირებული/დამადასტურებელი ბანკი) კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს თამასუქში მითითებული თანხა მისი გადახდის ვადის დადგომისთანავე. ↩︎
- „ნეგოციაცია“ გულისხმობს შემსრულებელი ბანკის მიერ ბენეფიციარის პრეზენტაციის (დრაფტის ან/და სხვა დოკუმენტების) ფასდაკლებით შესყიდვას, რა დროსაც ბენეფიციარისთვის თანხის გადახდას ადგილი აქვს შემსრულებელი ბანკის მიერ ემიტენტისაგან (ან დამადასტურებელი ბანკისაგან) შესაბამისი ანაზღაურების მიღებამდე. ↩︎
- ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ტრანზაქციაში „შემოდის“ ემიტენტსა და გამყიდველს შორის. ↩︎
- Document of title, traditionspapiere. ↩︎
- რაც არის ყველაზე ფართოდ აღიარებული გამონაკლისი ავტონომიურობის პრინციპიდან. იხ. მაგ. Sztejn v. J. Henry Schroder Banking Corp., 177 Misc. 719, 722, 31 N.Y.S.2d 631, 634 (ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლო, 1941); United City Merchants (Investments) Ltd. v. Royal Bank of Canada. [1982] 2 W.L.R. 1039 (ლორდთა პალატა, გაერთიანებული სამეფო). ზოგიერთი იურისდიქცია იცნობს სხვა გამონაკლისებსაც, როგორიცაა, მაგალითად, unconscionability (ამორალურობა), nullity (ბათილობა), illegality (უკანონობა) და recklessness of beneficiary (ბენეფიციარის დაუდევრობა). UCP ამ საკითხთან დაკავშირებით დუმს. ↩︎
© 2025 Nexus LLC
იურიდიული კომპანია ნექსუსი
თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/
