
მშენებლობა კომპლექსური პროცესია, რომლის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული ბაზით განსაზღვრული სათანადო მოთხოვნების, წესების, სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების ზედმიწევნით შესრულება, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონით გათვალისწინებული მკაცრი სანქციების დაკისრება.
წინამდებარე ბლოგში, რომელიც პირველია სამშენებლო ურთიერთობების საკანონმდებლო მოწესრიგების თემატიკაზე მომზადებული ბლოგების სერიიდან, საუბარი გვექნება მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველზე – მშენებლობის ნებართვაზე, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესზე, მის კონკრეტულ სტადიებზე, პროცედურებზე, ვადებსა და ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.1
რომელი კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას?
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ (შემდგომ − კოდექსი) მშენებლობის ნებართვის აღების ვალდებულებას ადგენს II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის.
I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, როგორც წესი, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას, თუმცა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს, მშენებლობის მარტივი შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, დაადგინოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულება.
I კლასის შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს
თუ შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მშენებლობის მარტივ შეტყობინებას დაქვემდებარებული I კლასის შენობა-ნაგებობების მახასიათებლებია:
ა) 60 მ2‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან ტოლია 6 მ-ისა;
ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზისა და ბიოგაზის დანადგარი);
ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
თ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან დანადგარები;
ი) დაბალი წნევის გაზსადენი, ასევე ისეთი საშუალო წნევის გაზსადენი, რომლის შიდა დიამეტრი არ აღემატება 100 მმ-ს, 10 ატმოსფერომდე 500 მმ-მდე დიამეტრის წყალსადენი, 600 მმ-მდე დიამეტრის წყალარინების მილი, ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩიხი/გასასვლელი, ელექტროგადამცემი ხაზი 1 კ. ვოლტიდან 20 კ. ვოლტამდე;
კ) ლანდშაფტური მშენებლობა;
ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა;
მ) ბანკომატის განთავსება;
ნ) საჩრდილობლის მოწყობა;
ო) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება;
პ) ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა;
ჟ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა;
რ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25 მ3-მდე მოცულობის და არაუმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზის, ღია საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა;
ს) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა;
ტ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა;
უ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება;
ფ) აბრებისა და რეკლამების განთავსება;
ქ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრისა და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი;
ღ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.
რა ეტაპების გავლაა საჭირო მშენებლობის ნებართვის მისაღებად?
ზოგადი წესის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მისაღებად კოდექსის განსაზღვრულია ორი თანამიმდევრული და ურთიერთდაკავშირებული ეტაპის (სტადიის) გავლა:
- I სტადიაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განიხილება და მიიღება გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების (გაპი) დამტკიცების შესახებ, თუ კონკრეტულ ნაკვეთს არ ფარავს განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ);2
- II სტადიაზე კი მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება უშუალოდ მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით (მოიცავს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასაც).
სამსტადიიან წარმოებასთან დაკავშირებით იხ. ქვემოთ.
ვინ გასცემს მშენებლობის ნებართვას?
II-IV კლასის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანო არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (მერი) ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
თბილისში აღნიშნულ ორგანოს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური.
რა დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვება ე.წ. გაპის დასამტკიცებლად?
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობების“ (შემდგომ − დადგენილება) მე-9 მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საკადასტრო მონაცემები და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში – მხოლოდ შესაბამისი რეკვიზიტები), ხოლო წარმომადგენლის მიერ განცხადების შეტანის შემთხვევაში – სათანადო მინდობილობა;
გ) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნას მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის განვითარებასთან დაკავშირებით;
დ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500 ან 1:1000);
ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა (საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საკადასტრო რუკა) დადგენილი მასშტაბით;
ვ) მიწის ნაკვეთზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები;
ზ) თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია;
ი) ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ, სავარაუდო გამწვანების პროექტის აღწერით (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისას);
კ) ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ და ტოპოგრაფიული გეგმა, რომელზეც დატანილია მწვანე ნარგავები საექსპერტო დასკვნით მინიჭებული ნუმერაციის მიხედვით (გარდა იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის).
რა ვადაში მიიღება გადაწყვეტილება ე.წ. გაპის დამტკიცების შესახებ?
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადაა მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ ნებართვის მაძიებლის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღე,3 რაც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით.
აღნიშნულ ვადაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და ლიმიტების გათვალისწინებით, ჩაითვლება დამტკიცებულად.
აწესებს თუ არა კანონი ე.წ. გაპის მოქმედების მაქსიმალურ ვადას?
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მოქმედებს 3 წლის ვადით. შესაბამისად, დროის პერიოდი მათი დამტკიცებიდან მშენებლობის ნებართვის გაცემის II სტადიის დაწყებამდე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.
რა დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვება მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე?
მშენებლობის მაძიებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განცხადება/დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (ასეთის არსებობისას) საკუთრების შესახებ (ვინ ფლობს საკუთრებას მითითებულ ქონებაზე);
ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან ინფორმაციას განაშენიანების დეტალური გეგმის შესახებ (იხ. ზემოთ);4
გ) წინასაპროექტო კვლევის შედეგებს − სარეკონსტრუქციო შენობის ტექნიკური მდგომარეობის კვლევის ანგარიშს (მოითხოვება მხოლოდ რეკონსტრუქციისას), მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზეგავლენის კვლევის ანგარიშს (თუ მშენებლობა უნდა განხორციელდეს ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში);5
დ) არქიტექტურულ პროექტს;
ე) მშენებლობის ორგანიზების პროექტს;6
ვ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს წინასწარ გადაწყვეტილებას არქიტექტურული ესკიზის შეთანხმების თაობაზე (ასეთის არსებობისას);
ზ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიშსა და კონსტრუქციულ სქემას/პროექტს; საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიურ სქემას/პროექტს;
თ) აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნას არქიტექტურული პროექტის,7 საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის,8 კონსტრუქციული სქემის/პროექტის,9 აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ტექნოლოგიური სქემის/პროექტის თაობაზე;
ი) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
კ) საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს;
ლ) გამწვანების პროექტს10 და მასთან დაკავშირებული დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციურ ზონაში არსებული შენობა-ნაგებობებისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი დადგენილი არ არის.
გარდა ამისა, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში,11 მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს დამატებით უნდა წარედგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი (თანხმობა).
ამასთანავე, თუ კანონმდებლობით სავალდებულოა მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ), ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად ნებართვის მაძიებლის მიერ აგრეთვე წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილება.
დასაშვებია თუ არა მშენებლობის ნებართვის თაობაზე განცხადების ელექტრონულად წარდგენა?
დიახ. მუნიციპალიტეტების მიერ სამშენებლო ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული ფორმით, აისახება ელექტრონულ რუკაზე და ქვეყნდება საჯაროდ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს სანებართვო დოკუმენტაცია წარედგინება მისი ვებგვერდის მეშვეობით.12
რა ვადაში მიიღება გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე?
მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 20 სამუშაო დღის ვადაში, რაც, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 20 სამუშაო დღით.13 მითითებულ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.
სამსტადიიანი წარმოებისას მშენებლობის ნებართვის გაცემაზე (ბოლო სტადია) გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს 5 სამუშაო დღეში.
თუ, მშენებლობის ნებართვის მაძიებლის ინიციატივით, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე მოთხოვნილია უფლებამოსილ ორგანოსთან არქიტექტურული პროექტის შეთანხმება (ე.წ. სამსტადიიანი წარმოება), პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება (მშენებლობის ნებართვის გაცემის მე-2 ეტაპი).
არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს 17 სამუშაო დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი შეთანხმებულად ჩაითვლება. არქიტექტურული პროექტის მოქმედების ვადა14 შეადგენს 5 წელს.
საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობისას15 ამ უკანასკნელს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად დამატებით16 ეძლევა: ა) 20 სამუშაო დღე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან დაკავშირებით დასმულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ბ) 10 სამუშაო დღე არქიტექტურული პროექტის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებთან შესაბამისობის თაობაზე შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად.
რა პრინციპით განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა?
მშენებლობის ნებართვა გაიცემა იმ გონივრული ვადით, რაც მშენებლობის ორგანიზების პროექტის მიხედვით აუცილებელია მშენებლობის განხორციელების პროცესის დასასრულებლად.
ნებართვის გაცემის შესახებ შეტყობინება განმცხადებელს შესაძლოა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით, ოფიციალური ვებგვერდით ან ტექნიკური საშუალებით (ტელეფონი ან ელექტრონული ფოსტა).
ნებართვა ძალაში შედის ზემოაღნიშნული შეტყობინების განმცხადებლისათვის ჩაბარების მომენტიდან.
რა შემთხვევაშია შესაძლებელი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაზრდა?
თუ მშენებლობის დამთავრება ვერ მოხერხდა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადაში ან დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემის მოთხოვნით, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს შესაბამისი განცხადება.
თუ პირი ითხოვს მშენებლობის ნებართვის მოქმედების მიმდინარე ვადის გაგრძელებას და მას არ განუხორციელებია ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს ახალ ნებართვას, ვადის გაზრდა დასაშვებია არსებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით.17
დასაშვებია თუ არა და რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოსთან არქიტექტურული ესკიზის წინასწარ შეთანხმება?
მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია, ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოსაგან მოითხოვოს მშენებლობის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების მიღება, რაც გულისხმობს აღნიშნულ ორგანოსთან დაგეგმილი შენობის მშენებლობაზე ან მის ნაწილზე მომზადებული არქიტექტურული ესკიზის (მშენებლობის კონცეფციის) შეთანხმებას.
წინასწარი გადაწყვეტილება წარმოადგენს მისი ადრესატის კანონიერი ნდობის საფუძველს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოსათვის იგი შესასრულებლად სავალდებულოა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
რამდენია მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი?
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებელი წარმოადგენს ადგილობრივ სანებართვო მოსაკრებელს და მის კონკრეტულ განაკვეთებს, აღნიშნული კანონით დაწესებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, განსაზღვრავს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო).
მაგალითად, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის ოდენობა 2025 წლის 1 იანვრიდან შეადგენს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის:
- ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის – 4 ლარს;
- საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 11 ლარს;
- ყველა სხვა მშენებლობისათვის – 10 ლარს.18
შესაძლებელია თუ არა მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემა და რა ღირს აღნიშნული მომსახურება?
მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად გაცემის მომსახურების წესი და საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით.
თბილისში დაჩქარებული მომსახურების გაწევის ვადები და საფასურის განაკვეთებია:19
- I სტადია (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება): 5 დღეში − 500 ლარი; 1 დღეში − 1,200 ლარი;
- II სტადია (არქიტექტურული პროექტის შეთანხმება): 10 დღეში − 500 ლარი; 5 დღეში − 1,000 ლარი; 3 დღეში − 2,000 ლარი;
- III სტადია (მშენებლობის ნებართვის გაცემა): 3 დღეში − 500 ლარი, 1 დღეში − 1,000 ლარი.
მშენებლობის ნებართვასა და სამშენებლო სამართლის სხვა საკითხებთან დაკავშირებით კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მისაღებად დაგვირეკეთ დღესვე ან შეავსეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმა.
- თუმცა მითითებული საკითხები სტატიაში უპირატესად ახალი მშენებლობისა და რეკონსტრუქციის კონტექსტშია მიმოხილული, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნებართვას საჭიროებს აგრეთვე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი; შეკეთებას (როდესაც არ იცვლება შენობის იერსახე და მზიდი კონსტრუქციები) არ სჭირდება არც ნებართვა და არც შეტყობინება; ლანდშაფტური მშენებლობა (მაგალითად, ბაღის, ხე-ნარგავების ან გაზონების მოწყობა) კი I კლასის მშენებლობას განეკუთვნება. ↩︎
- გდგ-ის არსებობისას გაპი-ს დამტკიცება და, შესაბამისად, 1-ელი სტადიის გავლა არ მოითხოვება. ↩︎
- ამ ვადაში არ შედის ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობისათვის დაწესებული ვადა. ↩︎
- მითითებული დოკუმენტაციის წარდგენა არ არის საჭირო, თუ დაგეგმილი მშენებლობა არ იწვევს არსებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ძირითადი პარამეტრებისა და გამოყენების სახეობის ცვლილებას. ↩︎
- დაწვრილებით ამ საკითხზე იხ. დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 და მომდევნო პუნქტები, აგრეთვე მე-7 მუხლი. ↩︎
- მშენებლობის განხორციელების პირობების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც, სხვებთან ერთად, შეიცავს ინფორმაციას მშენებლობის ეტაპების, ხანგრძლივობის, მშენებლობის განხორციელების გრაფიკისა და სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ. ↩︎
- III-IV კლასების შემთხვევაში. ↩︎
- II-IV კლასის შემთხვევაში. ↩︎
- II-IV კლასის შემთხვევაში. ↩︎
- გდგ-ის არსებობისას წარდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული გეგმის ფარგლებში შეთანხმებული გამწვანების პროექტი. ↩︎
- მაგალითად, მრავალბინიან სახლზე (კორპუსზე) სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისას. ↩︎
- ელექტრონული განცხადების გასაკეთებლად საჭიროა ავტორიზაციის გავლა. ↩︎
- კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 სამუშაო დღით. ↩︎
- იგულისხმება დროის პერიოდი პროექტის დამტკიცებიდან მე-3 ეტაპის (მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადია) დაწყებამდე. ↩︎
- ე.ი. თუ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა. ↩︎
- ე.ი. ზემოაღნიშნულ ვადებში არ შედის ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობისათვის დადგენილი ვადა. ↩︎
- ე.ი. ხდება მშენებლობის დასრულების თარიღის შეცვლა, ახალი ნებართვის გაცემის გარეშე. ↩︎
- დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილება №17-50 „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. ↩︎
- იხ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №17-109 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“. ↩︎
© 2026 Nexus LLC
იურიდიული კომპანია ნექსუსი
თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/
