რამდენია იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა?

ამბობენ, რომ ცოდნა საუკეთესო იარაღია. აღნიშნული გამონათქვამის ჭეშმარიტება განსაკუთრებით ნათლად ვლინდება სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში, როდესაც მოვალის მიერ საკუთარი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა სახელმწიფო იძულებითი მექანიზმებისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

წინამდებარე ბლოგში, რითაც საუბარს ვიწყებთ სააღსრულებო საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საჭირბოროტო საკითხებსა და პრობლემებზე, განხილული იქნება 10 არსებითი უფლება, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებს სააღსრულებო წარმოების მონაწილე მოვალეს და ამ უფლებათა რეალიზების პირობები.

1. სააღსრულებო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნის უფლება

უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ სააღსრულებო მოქმედებებისაგან თავის დაცვის მიზნით მოვალე უფლებამოსილია, გაასაჩივროს სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებისა და განხორციელების სამართლებრივი საფუძველი – სააღსრულებო ფურცელი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვოს მისი აღსრულების შეჩერება (თუ აღნიშნული ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით), აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა.

1.1. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი

როდესაც წარმოება მიმდინარეობს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტამდე მისი მოქმედების დროებით შეჩერებას. ამის საწინააღმდეგოდ, თუ წარმოების დაწყების საფუძველია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი და სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული (გადასინჯვას არ ექვემდებარება), მისი მოქმედების შეჩერება, როგორც წესი, დაუშვებელია, თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისებსაც, მაგალითად, როდესაც არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებები ან გადაწყვეტილების ბათილობის სამართლებრივი საფუძველი, შესაძლებელია სასამართლოში ერთხელ უკვე განხილულ საკითხთან დაკავშირებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება და, შესაბამისად, სააღსრულებო პროცესის შეჩერებაც.

ზოგადი წესის თანახმად, სასამართლო ვალდებული არაა, მოვალის მოთხოვნის წარდგენისას ავტომატურად გააჩეროს აღსრულების პროცესი. ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი წინაპირობები. მაგალითად, მოთხოვნილი ღონისძიების გამოუყენებლობა (ე.ი. აღსრულების შეუჩერებლობა) მოვალეს მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება კრედიტორისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

1.2. იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა

ხანდაზმულობის ვადის გასვლით აღსრულება ავტომატურად წყდება, კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა:

  • ალიმენტის გადახდევინების შესახებ მოთხოვნებისა,
  • შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნებისა,
  • დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა,
  • დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა,
  • სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული საქმეებისა.

ამრიგად, კანონი განსაზღვრავს შემთხვევებს, რომლებზეც არ ვრცელდება სააღსრულებო წარმოების ხანდაზმულობის ვადა, მათ შორის, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმოებულ საქმეებზე, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი (მაგალითად, „სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პირობებს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის გამო).

შესაბამისად, თუ პირს დაკისრებული აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, 10-წლიანი ვადის გასვლით სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

კანონი სპეციალურ, 5-წლიან ხანდაზმულობის ვადას აწესებს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრებასთან დაკავშირებული საქმეების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ აღსრულების შეწყვეტის შემთხვევაში აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება და იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია.

2. კრედიტორთან მორიგების უფლება

სააღსრულებო წარმოების მხარეები (კრედიტორი, მოვალე) უფლებამოსილი არიან, სააღსრულებო წარმოება დაასრულონ მორიგების გზით, რის თაობაზეც მათ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა წარუდგინონ მორიგების შესახებ წერილობითი შეთანხმება, რაც ამ უკანასკნელის მიერ მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად ეგზავნება იმ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს აღსრულება.

აღსანიშნავია, რომ მხარეთა მორიგების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება, ე.ი. უქმდება აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება და იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია. ამასთან, მხარეებს ერთმევათ უფლება, სადავო გახადონ მორიგების შეთანხმებაში (რომელიც მტკიცდება სასამართლოს განჩინებით) მითითებული ფაქტები ან უარი თქვან შეპირებული ვალდებულებების შესრულებაზე. მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში სასამართლო განჩინების იძულებითი აღსრულების მიზნით გასცემს სააღსრულებო ფურცელს.

3. აღსრულების პროცესში მონაწილეობის უფლება

მოვალე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს სააღსრულებო მოქმედებებში, მათ შორის, დაესწროს აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნოს სააღსრულებო მასალებს და მიიღოს ყველა აუცილებელი ცნობები და ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით, გარდა კომერციული საიდუმლოების შემცველი/კონფიდენციალური ინფორმაციისა.

მოვალეს შეუძლია პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით დაესწროს სააღსრულებო პროცედურების განხორციელებას, რათა დარწმუნდეს, რომ პროცესი მიმდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და გადაცდომებს ადგილი არ აქვს, გაეცნოს სააღსრულებო საქმის მასალებს და მიიღოს მათი ასლები, გამოთქვას შენიშვნები პროცესში გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე და აღნიშნული დააფიქსიროს აღმასრულებლის აქტში.

აღსანიშნავია, რომ ვინაიდან მოვალეთა უმეტესობა არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას სააღსრულებო საქმისწარმოების მარეგულირებელ ნორმატიულ ბაზასთან დაკავშირებით (ე.ი. ვერ ერკვევა, თუ რომელი ქმედების განხორციელების უფლება აქვს აღმასრულებელს და რომლის – არა), ყოველთვის მიზანშეწონილია აღსრულების პროცესში მონაწილეობის მიღება ადვოკატთან ან იურიდიული განათლების მქონე პირთან ერთად, რომელიც დაეხმარება მოვალეს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების სრულად რეალიზებაში და საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელსაც შეახსენებს მისი უფლებამოსილებების კანონით განსაზღვრულ ფარგლებს.

4. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების უფლება

სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას აღსასრულებელი მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.

თუ მოვალე მითითებულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულებს მოთხოვნას, მას დაეკისრება მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – აღსრულების საფასური სრული ოდენობით.

ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებით მოვალეს სრულყოფილად უნდა განემარტოს მისი უფლებები, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა და გადახდის წესი, აღსრულების დაწყების სამართლებრივი შედეგები, იძულებითი აღსრულებისათვის შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები და სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების წესი.

5. ქონების ღირებულების განსაზღვრის უფლება

მოვალე უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე“ წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა.

აღნიშნული რეგულაციის მიზანია, რომ არ მოხდეს ქონების ნაკლებ ფასად გატანა იძულებით აუქციონზე და ამ გზით მოვალის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვა. ამასთან, თუ აღსრულების ეროვნული ბიუროს (კერძო აღმასრულებლის) მიერ განსაზღვრული ქონების ღირებულება არ შეესაბამება რეალობას (ანუ ქონება უფრო ძვირადღირებულია), მოვალეს შეუძლია წარადგინოს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა (აუდიტორული შეფასების აქტი), რითაც დასტურდება, რომ ქონების საბაზრო საორიენტაციო ღირებულება სააღსრულებო ორგანოს მიერ დაფიქსირებულ ფასზე მაღალია.

აღსრულების ეროვნული ბიურო დასაშვებად მიიჩნევს მოვალის მიერ წარმოდგენილ დასკვნას ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, თუ იგი სანდო, დასაბუთებული და კვალიფიციურია. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღება უარყოფითი გადაწყვეტილება, რაც საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. აღსრულების გადადების ან განწილვადების მოთხოვნის უფლება

6.1. აღსრულების გადადება

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის:

  • მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით (აღმასრულებლის მიერ მოვალის ბინაში შესვლის უფლება),
  • 83-ე მუხლით (აღსრულება მოძრავი ნივთის გადაცემის მიზნით),
  • 84-ე მუხლით (სხვისი მფლობელობიდან ან სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა) ან
  • 90-ე პრიმა მუხლით (სამშენებლო კატეგორიის საქმეთა აღსრულება) განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებისას,

აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია მოვალის განცხადების საფუძველზე გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება არაუმეტეს 6 თვის ვადით (რაც შეიძლება ერთჯერადად გაგრძელდეს კიდევ 6 თვემდე), თუ არსებობს აღსრულების გადადების განსაკუთრებული მდგომარეობა, როგორიცაა: მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა.

თუ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ფაქტობრივი ვითარება არ შეიცვლება, მოვალის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს იძულებითი აღსრულების ღონისძიება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს 3 თვის ვადით.

ამრიგად, მოვალის მოთხოვნაზე სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა შემდეგი გარემოებები:

  1. მოვალის განცხადება აღსრულების ბიუროსადმი,
  2. აღსრულების გადადება და გაგრძელება (ბიუროს მიერ აღსრულებისათვის დადგენილი ვადის ერთჯერადად 6 თვემდე გაგრძელება)
  3. და, ამის მიუხედავად, სიტუაციის უცვლელობა.

6.2. აღსრულების განწილვადება

განწილვადება გულისხმობს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე მოვალის მიერ ვალდებულების დაფარვის 12 თვემდე ვადით ეტაპობრივად აღსრულების დადგენას. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოვალე თანხას იხდის ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ისე, რომ ვადის ბოლოს სრულად იქნეს დაფარული აღსასრულებელი მოთხოვნა.

ვალდებულების შესრულების განწილვადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ. ნიშანდობლივია, რომ მითითებული უფლებით სარგებლობა დამოკიდებულია კრედიტორის თანხმობაზე, ე.ი. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს არ შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ ან, თუნდაც, მოვალის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება. თუ თანხმობა არ არსებობს, განწილვადება ვერ შედგება (გამონაკლისია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელი საქმეები, როდესაც გადაწყვეტილება განწილვადების შესახებ მიიღება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ინიციატივით).

6.3. აღსრულების გადადება, განწილვადება ან საშუალებისა და წესის შეცვლა სასამართლოს მიერ

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოვალე უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და მოითხოვოს აღსრულების ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადება, 1 წლამდე ვადით განაწილვადება ან აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა.

განცხადებაში მოვალემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს, თუ რა ობიექტური მიზეზით (მაგალითად, მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ყოფნის გამო) ითხოვს ზემოხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას. აღსრულების გადადების, განწილვადების ან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით და მასზე დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანა.

7. აღმასრულებლის აცილების მოთხოვნის უფლება

მოვალეს უფლება აქვს, დააყენოს აღმასრულებლის აცილების საკითხი, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით. სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებლის აცილების საკითხს წყვეტს სააღსრულებო ბიუროს უფროსი, ხოლო აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირის აცილების საკითხს – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. აღმასრულებლის აცილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.

8. აღმასრულებლის ქმედებათა გასაჩივრების უფლება

აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი სააღსრულებო მოქმედება (იურიდიულად – რეალაქტი), რომელიც არღვევს მოვალის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით, მისი განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − მისი განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.

თუ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არ დააკმაყოფილებს საჩივარს (ან კანონით დაწესებულ 30-დღიან ვადაში, რაც საქმის სირთულიდან გამომდინარე შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 დღით, არ მიიღებს გადაწყვეტილებას საჩივართან დაკავშირებით), მოვალე უფლებამოსილია თავმჯდომარის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში მისი ჩაბარებიდან (ზემომითითებული ვადის გასვლიდან) 1 თვის ვადაში. დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა უთანაბრდება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

9. იძულებითი აუქციონისგან განსხვავებული რეალიზაციის ფორმის არჩევის უფლება

9.1. წინმსწრები აუქციონი

მოვალეს, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით, უფლება აქვს, მოითხოვოს უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაცია და ამ მიზნით წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევა. აღნიშნული უფლებით სარგებლობა შეიძლება აღსრულების დაწყების შესახებ მოვალის ინფორმირებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში (ხოლო ამ ვადის გაშვების შემთხვევაში – კრედიტორის თანხმობით).

ქონების საწყის ფასად განისაზღვრება მოვალის მოთხოვნაში მითითებული ფასი, რომელიც არ უნდა იყოს აღსასრულებელი მოთხოვნის, აღსრულების საფასურის, ხარჯებისა და სააუქციონო მომსახურების საფასურის ჯამზე ნაკლები. წინმსწრები აუქციონი ტარდება მხოლოდ ერთხელ.

გარდა ამისა, მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ყადაღადადებული ქონების რეალიზება კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესით, რის შესახებაც აღმასრულებელს უნდა ეცნობოს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. ისიც საგულისხმოა, რომ კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ, აღმასრულებლისათვის სარეალიზაციო ქონების შეძენის მსურველი პირების წარდგენით თავიდან აიცილონ იძულებით აუქციონთან დაკავშირებული ფორმალური პროცედურები და დამატებითი ხარჯები.

10. ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების უფლება

კანონი მოვალეს აგრეთვე აძლევს შესაძლებლობას, რომ გამოიხსნას თავისი მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფარავს მის საბაზრო ღირებულებას აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. აღნიშნული უფლებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულება მიმდინარეობს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე არაუზრუნველყოფილი კრედიტორის (ე.ი. არა მოგირავნის) სასარგებლოდ.

თუ ქონებაზე რეგისტრირებულია სანივთო შეზღუდვა (გირავნობა, მათ შორის, საგადასახადო), ყადაღის მოხსნის მიუხედავად იგი ძალაში რჩება, ხოლო თუ ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით და სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ბიუჯეტის სასარგებლოდ, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს სხვა მოგირავნე(ები) და მოვალე დაფარავს ქონების საბაზრო ღირებულებას იძულებითი აუქციონის გამოცხადებამდე.

ამასთანავე, მოვალეს (ან მისი ინტერესებისათვის სხვა პირს) შეუძლია აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე ნებისმიერ დროს დაფაროს აღსრულების საფასური, აღსრულების ხარჯი, კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით და ამ გზით თავიდან აირიდოს ქონების გატანა იძულებით აუქციონზე და მისი შემდგომი რეალიზაცია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი! აღსრულების პროცესში მოვალის უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებული ფეისბუქ გვერდის მეშვეობით, იხ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი ან ეწვიეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებსაიტს მისამართზე http://nbe.gov.ge/.

© 2025 Nexus LLC

იურიდიული კომპანია ნექსუსი

თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/