
2022 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის საფუძველზე ახლებურად იქნა მოწესრიგებული სამეწარმეო ურთიერთობათა მთელი სპექტრი. ახალი კანონის მიღებამ, რა საკვირველია, განაპირობა მის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის, ე.ი. მათი სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა. კანონის თავდაპირველი რედაქცია აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად 2-წლიან გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებდა, რაც ჯერ 2025 წლის 1 აპრილამდე, მოგვიანებით კი 2026 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივდა.
წინამდებარე ბლოგი ეთმობა საწარმოს ხელახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების, პროცედურებისა და ხარჯების მოკლე მიმოხილვას, აგრეთვე მკითხველის ინფორმირებას სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.
რას გულისხმობს სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა?
სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა გულისხმობს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმოების სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობას ახალ კანონთან.
სარეგისტრაციო მონაცემები ეწოდება მონაცემებს, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში. მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) რეგისტრირებული მონაცემებია საზოგადოების საფირმო სახელწოდება, განთავსებული წილების ოდენობა, პარტნიორებისა და დირექტორების საიდენტიფიკაციო მონაცემები, პარტნიორთა პროცენტული მონაწილეობა საზოგადოების კაპიტალში და სხვა.
ვისზე ვრცელდება სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება?
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, სარეგისტრაციო მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება აქვთ მხოლოდ სამეწარმეო საზოგადოებებსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიების ქართულ ფილიალიებს.
ტერმინი „სამეწარმეო საზოგადოება“ მოიცავს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (სპს), კომანდიტურ საზოგადოებას (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (შპს), სააქციო საზოგადოებასა (სს) და კოოპერატივს.
აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მეწარმე „სამეწარმეო საზოგადოება“ არ არის. შესაბამისად, ინდმეწარმეებს ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება არ გააჩნიათ.
გარდა ამისა, არასავალდებულო ხასიათს ატარებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ააიპ) რეგისტრირებული მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
რა ვადაში უნდა მოხდეს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა?
საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 1 აპრილამდე.1
რა დოკუმენტები უნდა წარედგინოს მარეგისტრირებელ ორგანოს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად?
საწარმოს ხელახალი რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორგანოს – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს:
- სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელიც მიღებული უნდა იქნეს 2022 წლის 1 იანვრამდე (ე.ი. ახალი კანონის ამოქმედებამდე) რეგისტრირებული წესდებით გათვალისწინებული უმრავლესობით. სადამფუძნებლო შეთანხმების ფორმის გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ.
- განახლებული წესდება. „მეწარმეთა შესახებ“ კანონი დამფუძნებლებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენონ ე.წ. ინდივიდუალიზებული წესდება (ე.ი. მათ მიერ შემუშავებული წესდება, რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს) ან საჯარო რეესტრის შაბლონური წესდება, დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წესდების ამობეჭდვა და მარეგისტრირებელ ორგანოში მიტანა არ მოითხოვება.
- დამფუძნებლების/მინდობილი პირების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები.
პრაქტიკაში, როგორც წესი, საკმარისია უმრავლესობის გადაწყვეტილება, თუმცა თუ ახალი კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ბოლო წესდება საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა უფრო მეტ რაოდენობას მოითხოვს, დამფუძნებელთა გადაწყვეტილება/ახალი წესდება მიღებული უნდა იქნეს ხმათა შესაბამისი რაოდენობით. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ დამფუძნებელთა გადაწყვეტილება რაიმე ფორმით ზღუდავს ან კრძალავს პარტნიორის მიერ თავისი წილის გადაცემას ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რაც ბოლო წესდებით არ იყო გათვალისწინებული, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ამ პარტნიორის თანხმობაც.
რა ღირს საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა?
საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის საფასური შეადგენს 200 ლარს. აღნიშნულ თანხას ემატება ხელმოწერის დამოწმების საფასური თითოეულ ხელმოწერაზე 7 ლარის ოდენობით (თუ ხელმოწერის დამოწმება ხდება იუსტიციის სახლის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ).
რა შედეგი დგება კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში?
თუ საწარმო დაარღვევს ზემოაღნიშნულ ვალდებულებას და მისი მონაცემები არ იქნება კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი 2026 წლის 1 აპრილამდე, საწარმოს შეუჩერდება რეგისტრაცია. ასეთ შემთხვევაში საწარმოს მიენიჭება რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს სტატუსი და სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. რეგისტრაციის შეჩერების შესახებ ინფორმაცია ასევე საჯაროდ გამოქვეყნდება რეესტრის ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების ვებგვერდზე. გარდა ამისა, რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემები მიეწოდება შემოსავლების სამსახურს, შსს-ს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკს.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს დირექტორები/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირები ვეღარ შეძლებენ საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, მათ შორის, საწარმოს სახელით შესაბამის კონტრაქტებსა თუ სხვა იურიდიულ დოკუმენტაციაზე ხელის მოწერას, საწარმოს ქონების განკარგვას, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობას, საბანკო ანგარიშების გახსნას, მართვას, განკარგვასა და კრედიტის აღებას.
საწარმოს რეგისტრაცია აღდგება სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთანავე.
რა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ?
თუ მეწარმე სუბიექტი არ უზრუნველყოფს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას 2027 წლის 1 იანვრამდე, რეესტრი მიიღებს გადაწყვეტილებას მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ, რაც გამოქვეყნდება რეესტრის ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე. ასეთ შემთხვევაში საწარმოს მიეცემა დამატებითი 3-თვიანი ვადა, რომლის ამოწურვამდე რეესტრს უნდა წარედგინოს მეწარმე სუბიექტის ხელახალი რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მეწარმის რეგისტრაციის გაუქმებას.
რა ხდება საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ?
რეგისტრაციის გაუქმება გულისხმობს საწარმოს, როგორც სამართლის სუბიექტის, არსებობის შეწყვეტას. თუ რეგისტრაციაგაუქმებულ საწარმოს აღმოაჩნდება რაიმე ქონება, საზოგადოების კრედიტორის ან პარტნიორის ინიციატივით სასამართლო დანიშნავს ლიკვიდატორს და დაიწყება სალიკვიდაციო პროცედურები. საზოგადოების ლიკვიდაცია წარიმართება „მეწარმეთა შესახებ“ კანონით განსაზღვრული ზოგადი წესის შესაბამისად.
- 2025 წლის 18 მარტს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მეწარმე სუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის ვადის 1 წლით, 2026 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებდა. აღნიშნული კანონი იმავე წლის 19 მარტიდან ამოქმედდა. ↩︎
© 2025 Nexus LLC
იურიდიული კომპანია ნექსუსი
თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/
