დიპლომის ნამდვილობის დადასტურება

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ საქართველოში გაცემული დიპლომისა და სხვა საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (აღიარების) წესსა და პირობებზე, კერძოდ, რა ტიპის დოკუმენტები ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან აღიარებას, რა პროცედურას ითვალისწინებს კანონი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისთვის, აგრეთვე სად და როგორ საჩივრდება უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

რას ნიშნავს დიპლომის აღიარება?

დიპლომის აღიარება ნიშნავს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებას.

ნამდვილობის აღიარებას ექვემდებარება აგრეთვე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონით განსაზღვრული სხვა „საგანმანათლებლო დოკუმენტები“, კერძოდ, განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (მაგალითად, სკოლის ატესტატი), საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, ლიცენზირებული ან ლიცენზირებულად მიჩნეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესაბამისი დაწესებულება აკრედიტებული არ იყო.

ამასთან, სახელმწიფოს მიერ აღიარებულად მიიჩნევა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებზე 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე.

ვინ ახდენს დიპლომის აღიარებას?

დიპლომის აღიარებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

სად და როგორ შეიტანება განცხადება დიპლომის აღიარების შესახებ?

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მიხედვით, განცხადება დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ და თანდართული დოკუმენტები დაინტერესებულმა პირმა უნდა წარუდგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლის საკონტაქტო მონაცემებია:

  • მისამართი: მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N2, 0193, თბილისი, საქართველო
  • ტელეფონი: +995 322 02 21 21

განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ცენტრს ასევე შესაძლოა წარედგინოს პორტალ my.gov.ge-ის მეშვეობით (საჭიროა ავტორიზაციის გავლა პირადობის მოწმობით ან სახელით და პაროლით).

რა დოკუმენტები უნდა დაერთოს განცხადებას დიპლომის აღიარების შესახებ?

დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადების წარდგენა ხდება პორტალ my.gov.ge-დან;
  • დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

რა ვადაში ხდება განცხადების განხილვა?

განცხადება განიხილება მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

თუ ცენტრს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოსაკვლევად ესაჭიროება დამატებითი ვადა, მას შეუძლია წარმოების დაწყებისას მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობისას გადაწყვეტილება მიიღება 15 სამუშაო დღეში, 5 სამუშაო დღეში ან 1 სამუშაო დღეში (ვრცლად იხ. ქვემოთ).

რა ღირს დიპლომის აღიარება?

დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სტანდარტული საფასურია 40 ლარი, თუმცა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს დაჩქარებული მომსახურება შემდეგი პირობებით:

  • 15 სამუშაო დღეში – 80 ლარი;
  • 5 სამუშაო დღეში – 120 ლარი;
  • 1 სამუშაო დღეში – 250 ლარი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოების დაჩქარება შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ საგანმანათლებლო დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომელთა სია განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ბრძანებით.

დიპლომის ნამდვილობის დადასტურების მომსახურების საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
  • ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50%-ით;
  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50%-ით;
  • სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები – 20%-ით.

სად და რა ვადაში საჩივრდება უარი დიპლომის აღიარებაზე?

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ცენტრის უარყოფითი გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

სარჩელის აღძვრისას გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, თუ არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი.

რას ნიშნავს კანონიერი ნდობა?

ხშირ შემთხვევაში ცენტრის უარს დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ მოსარჩელის სწავლის პერიოდი და დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, რადგან შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ცენტრში არ წარუდგენია ჩარიცხულ პირთა სია, არ გაუვლია ავტორიზაცია და არ გააჩნია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ შესაძლოა დააკმაყოფილოს პირის სარჩელი და ცენტრს მოსთხოვოს დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, თუ იგი დაადგენს, რომ მოსარჩელეს გააჩნდა „კანონიერი ნდობა“ მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.

კანონიერი ნდობა პირისთვის აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით:

ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს [აღმჭურველი აქტების] გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. იხ. მაგ. სუსგ საქმეზე №ბს-1181(კ-22), 16 თებერვალი, 2023 წელი.

ცენტრის [უარყოფითი] გადაწყვეტილება […] თავისი სამართლებრივი შედეგებით […] უთანაბრდება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, […] შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი. იხ. სუსგ საქმეზე №ბს-1205(კ-21), 6 თებერვალი, 2024  წელი.

ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელის კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, თუ:

  • დგინდება შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსარჩელის ჩარიცხვის, მის მიერ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა გამოცდის ჩაბარებისა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი,
  • ადგილი არ აქვს კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას (მაგალითად, სტუდენტის სტატუსის მოპოვება კანონის გვერდის ავლით ან მოსარჩელის სხვაგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედება),
  • მოსარჩელე ენდობოდა მის სახელზე გაცემული დიპლომის სტაბილურობას და სადავო დიპლომის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები (მაგალითად, ეწეოდა პროფესიულ საქმიანობას).

ასეთ შემთხვევაში სასამართლო ბათილად ცნობს ცენტრის უარყოფით გადაწყვეტილებას და მას დაავალებს ახალი აქტის გამოცემას დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

© 2025 Nexus LLC

იურიდიული კომპანია ნექსუსი

თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/