შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგულირება მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მიხედვით

საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობა გრანდიოზული ცვლილებების ზღვარზეა, რაც ევროკავშირის დირექტივების ტრანსპოზიციის პროცესის ფარგლებში არსებული საკანონმდებლო ბაზის ახლებურად, უფრო სრულყოფილად და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოწესრიგებას ისახავს მიზნად. თუმცა არაკორექტული იქნება იმის თქმა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის („კანონპროექტი“, „პროექტი“, „კანონის პროექტი“) შემუშავება მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ჰარმონიზაციის ვალდებულების შესრულებისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულ დონეზე დანერგვის აუცილებლობით იყო განპირობებული. ზოგადად ითვლება, რომ მოძველებული, ზედმეტად ლიბერალური, ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი მოქმედი კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომელიც 1994 წლის 28 ოქტომბერს იქნა მიღებული, ხსენებული ვალდებულებების არსებობის გარეშეც საჭიროებდა სერიოზულ გადახედვას. ამრიგად, პროექტის უმთავრესი ამოცანაა არსებული საკანონმდებლო გარემოს ეფექტიანობის გაზრდა, კორპორაციული ურთიერთობების კომპლექსურობის ხარისხთან ადეკვატურ შესაბამისობაში მოყვანა, უკეთესი სამეწარმეო პრაქტიკის დამკვიდრება, დისპოზიციური (ე.წ. დეფოლტ) წესების დადგენა და კანონის არაერთგვაროვნად ინტერპრეტაციის პრობლემის აღმოფხვრა.

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია კანონპროექტის მოკლე ანალიზი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა რეგულირების კუთხით, რომელიც გარკვეულწილად იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობასაც, თუ რა სარგებელს შეიძლება მოველოდეთ კორპორაციული კანონმდებლობის დაგეგმილი რეფორმისაგან. ამასთან, ვეცადეთ ნაშრომში ყურადღება გაგვემახვილებინა იმ ძირითად ცვლილებებსა და სიახლეებზე, რომლებიც არსებითად განასხვავებს კანონპროექტს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსგან, თუმცა საგულისხმოა, რომ პროექტი ასევე ითვალისწინებს სხვა ვალდებულებებსა და წესებს, რაც კანონის მოქმედ რედაქციაში არ გვხვდება. ხსენებულ ნორმებზე სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად უმჯობესია, გაეცნოთ კანონის პროექტის სრულ ტექსტს აქ ან საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მოხერხებულობისა და აღქმადობის გასამარტივებლად წინამდებარე სტატია დაყოფილია სექციებად, რომლებშიც ინფორმაცია დაჯგუფებულია თემატურად, მსგავსებისა და თანმიმდევრობის მიხედვით.

დისპოზიციურობის პრინციპი

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული მოწესრიგება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების მიმართ დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორთა შეთანხმებით შესაძლებელია კანონისმიერი რეგულაციისაგან განსხვავებული წესების დადგენა (შეცვლა, განვრცობა, დაზუსტება), თუმცა პროექტი ითვალისწინებს შესასრულებლად სავალდებულო, იმპერატიულ მოთხოვნებსაც. ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება ის ნორმებიც, რომლებიც უშუალოდ ეხება მესამე პირის ინტერესის დაცვას.

საზოგადოების რეგისტრაცია

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოების დასაფუძნებლად საჭიროა მარეგისტრირებელ ორგანოში ე.წ. სადამფუძნებლო შეთანხმების წარდგენა, რომელიც წესდებასთან ერთად მოიცავს პროექტის მე-6 მუხლით განსაზღვრულ მონაცემებს. ამასთან, წესდებით დარეგულირებას დაექვემდებარება ისეთი საკითხები, რომელთა შეცვლის საჭიროება, როგორც წესი, იშვიათად წარმოიშობა (სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის საგანი, წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვა და სხვა), ხოლო შედარებით ხშირად ცვალებადი საკითხები (მაგ. საფირმო სახელწოდება, მისამართი, პარტნიორისა და დირექტორის მონაცემები, განთავსებული წილებისა და ნებადართული კაპიტალის ოდენობა) სადამფუძნებლო შეთანხმების სხვა ნაწილით მოწესრიგდება.

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც საზოგადოების დაარსებისას პარტნიორებს, იურისტის არყოლის თუ სხვა მიზეზის გამო, ინდივიდუალიზებული წესდება არ გააჩნიათ, ამიტომ ისინი სარგებლობენ საჯარო რეესტრის შაბლონური წესდებით. აღნიშნული უფლება დამფუძნებელ პარტნიორებს კანონის ძალაში შესვლის შემდეგაც შეუნარჩუნდებათ იმ განსხვავებით, რომ ე.წ. სტანდარტული წესდება (საჯარო რეესტრის შაბლონური წესდება) ავტომატურად ჩაითვლება სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილად. ამასთან, სტანდარტული წესდების დრაფტი (პროექტი) საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით იქნება დამტკიცებული.

პროექტი ხაზს უსვამს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, როგორც მესამე პირთა დაცვის საშუალებას, და აცხადებს, რომ დაუშვებელია მესამე პირის მიმართ საზოგადოების რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობა მათი რეგისტრაციისა და გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, თუ მესამე პირი დაამტკიცებს, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა შესაბამისი ფაქტებისა თუ დოკუმენტების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი პირდაპირ კრძალავს ახალი საზოგადოებისათვის უკვე არსებული (რეგისტრირებული) სამეწარმეო საზოგადოების იდენტური საფირმო სახელწოდების მიცემას. ამასთან, მითითებულ ჩანაწერს უკუქცევითი ძალა არ გააჩნია და გავრცელდება მხოლოდ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დაფუძნებულ საზოგადოებებზე, აგრეთვე კანონის ძალაში შესვლამდე რეგისტრირებულ იმ შპს-ებზე, რომლებიც საფირმო სახელწოდებას კანონის ამოქმედების შემდეგ შეიცვლიან. პროექტი, სხვებთან ერთად, ასევე დაუშვებლად აცხადებს შესაბამისი პირის თანხმობის გარეშე საზოგადოების საფირმო სახელწოდებაში: საქართველოში ან უცხოეთში რეგისტრირებული რომელიმე სხვა იურიდიული პირის სახელწოდების იდენტური ან მიმსგავსებული ფორმულირების გამოყენებას, ისევე, როგორც ფიზიკური პირის სახელის გამოყენებას. გარდა ამისა, ზუსტდება, რომ საზოგადოების საფირმო სახელწოდება მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა იყოს გამოსახული.

მოთხოვნები საქმიანი წერილისა და ვებგვერდის მიმართ

კანონპროექტი განსაზღვრავს იმ მინიმალური ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც სავალდებულო წესით უნდა იყოს განთავსებული საზოგადოების ნებისმიერ საქმიან წერილსა (მათ შორის, ელექტრონული ფორმით შედგენილზე) და ვებ-გვერდზე (ასეთის არსებობისას), კერძოდ, ეს მონაცემებია: საფირმო სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი და იურიდიული მისამართი. გარდა ამისა, სპეციალური მოთხოვნებია დადგენილი ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფი შპს-ებისა და უცხოური კომპანიის ფილიალებისათვის. ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის შპს-ის დირექტორის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.

შეტყობინებათა ჩაბარების წესი

პროექტი ითვალისწინებს მეწარმისათვის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაგზავნილი შეტყობინებების ოფიციალურად ჩაბარების შესაძლებლობას ე.წ. მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით (მსგავსად საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გადამხდელთან ელექტრონული კომუნიკაციის მექანიზმისა). შედეგად, საჯარო რეესტრის ერთიანი ელექტრონული პორტალის ფარგლებში ყველა შპს-ს მიეკუთვნება მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი, რომელზეც განთავსებული შეტყობინება ადრესატისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება მისი განთავსებიდან მე-15 დღეს.

პარტნიორის პასუხისმგებლობა კრედიტორთა მიმართ

პარტნიორის „გამჭოლ პასუხისმგებლობასთან“ დაკავშირებით პროექტი მიუთითებს, რომ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პერსონალურად, თუ საზოგადოებას არ შესწევს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების უნარი. ამრიგად, გაზიარებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს (სუს) მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა კომპანიის ვალდებულებებისათვის პარტნიორის პასუხისმგებლობის სუბსიდიურობის თაობაზე (იხ. მაგ. 06/05/2015 წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1307-1245-2014).

კაპიტალი, წილი და დივიდენდის გაცემა

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შესაძლოა გააჩნდეს ნებისმიერი ოდენობის „განთავსებული კაპიტალი“ (იგივე საწესდებო კაპიტალი), თუმცა მისი არსებობა სავალდებულო ხასიათს არ ატარებს (განსხვავებით სააქციო საზოგადოებისაგან). მაგალითად, საზოგადოებას შეუძლია გამოუშვას ნომინალური ღირებულების მქონე წილები ისე, რომ მას არ ჰქონდეს განთავსებული კაპიტალი. ამასთან, თუ შპს-ის დამფუძნებელი პარტნიორები სადამფუძნებლო შეთანხმებაში გაითვალისწინებენ განთავსებული კაპიტალის კონკრეტულ ოდენობას, მაშინ ის აუცილებლად ტოლი უნდა იყოს განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამისა, ხოლო თუ საზოგადოებას განთავსებული აქვს ნომინალური ღირებულების არმქონე წილებიც (რაც პროექტით ნებადართულია), მაშინ განთავსებული კაპიტალის ოდენობა უნდა აღემატებოდეს განთავსებული წილების ნომინალური ღირებულებების ჯამს. მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილების განთავსების შემთხვევაში კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით. წილის ნომინალურ ღირებულებაში პროექტი გულისხმობს წილის მისაღებად საჭირო მინიმალურ შენატანს, რაც შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა ოდენობით, თუმცა ერთი კლასის ყველა წილის ნომინალური ღირებულება იდენტური უნდა იყოს.

საყურადღებოა, რომ კანონპროექტით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული შპს-ის კაპიტალის მოქნილების გასაუმჯობესებლად, რაც ინვესტორთა მოზიდვის გამარტივებას ემსახურება და აღნიშნული ტიპის საზოგადოებებისათვის შესაძლებლობათა ახალ სივრცეს ქმნის. უფრო კონკრეტულად, სს-ის მსგავსად, შპს-საც ენიჭება უფლება, გააჩნდეს გამოშვებული და განთავსებული წილები, ნებადართული კაპიტალი (რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს გადაწყვეტილება წილების განთავსების თაობაზე), გამოუშვას განსხვავებული კლასის წილები, ნომინალური ღირებულების არმქონე წილები და სხვა. ამასთანავე, პროექტი ითვალისწინებს წილების გამოშვებას შპს-ის ქონებიდან (პარტნიორებზე პროპორციულად გადანაწილებას შენატანების მოთხოვნის გარეშე) და საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილების შეძენის შესაძლებლობასაც.

შემოთავაზებული ცვლილებებით, პარტნიორებს თავიანთი წილების პროპორციულად აქვთ შპს-ის მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება. პარტნიორს შეუძლია უარი თქვას ამ უფლებაზე ნებისმიერი მესამე პირის სასარგებლოდ. აღნიშნული უფლება შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს დამსწრეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით.

შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით ხაზგასასმელია, რომ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, პარტნიორის მიერ შეთანხმებული შენატანის შეტანის ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, შენატანის ღირებულებას დაერიცხება ვადის გადაცილების წლიური პროცენტი რეფინანსირების განაკვეთის ორმაგი ოდენობით. ამასთან, ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს პარტნიორისათვის წილის ჩამორთმევის პროცესი, რისთვისაც საჭირო არ არის სასამართლო გადაწყვეტილება (ე.ი. პარტნიორის გარიცხვის მოთხოვნით სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა).

კანონპროექტის შესაბამისად, დაუშვებელია პარტნიორთა გადაწყვეტილებით რომელიმე პარტნიორისათვის დამატებითი შენატანის ვალდებულების ფარგლებში მისი წილის საბაზრო ღირებულების ნახევარზე მეტის გადახდის დაკისრება, ასევე დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება წინა ასეთივე გადაწყვეტილების სრულად შესრულებიდან 2 წლის განმავლობაში, თუ პარტნიორების შესაბამისი გადაწყვეტილებით, რომელიც ერთხმად იყო მიღებული, სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს პარტნიორის (მასთან დაკავშირებული პირის) მიერ საზოგადოებასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისა და მისგან გამომდინარე საზღაურის მიღების უფლებას, თუმცა იქვე ადგენს ტრანზაქციის მონაწილეთა (პარტნიორი, ხელმძღვანელი პირი) ვალდებულებას, რომ ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას იმოქმედონ გაშლილი მკლავის პრინციპზე დაყრდნობით.

პარტნიორთა შორის დივიდენდის განაწილება შეიძლება მოხდეს საწარმოს მიერ მოგების მიღების მიუხედავად, თუმცა ასეთი განაწილების შედეგად საზოგადოების აქტივი არ უნდა აღმოჩნდეს მის ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის (ასეთის არსებობისას) ოდენობაზე ნაკლები. ამასთან, დივიდენდის განაწილების საკითხის დაყენება დაუშვებელია, თუ ამით საფრთხე შეექმნება საწარმოს გადახდისუნარიანობას.

პარტნიორთა კრება

კანონპროექტის თანახმად, პარტნიორთა კრების დისკრეციაში შემავალ საკითხთა წრე შესაძლოა წესდებით გაფართოვდეს ან დელეგირებულ იქნეს სხვა ორგანოზე.

კრებაში მონაწილეობის წესებსა და პირობებს განსაზღვრავს წესდება, ხოლო თუ წესდება არ შეიცავს ამგვარ დებულებებს – საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო.

კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობასთან დაკავშირებით კანონპროექტი ადგენს, რომ თუ კანონით ან წესდებით ხმათა უფრო დიდი უმრავლესობა (მაგალითად, კვალიფიციური) დაწესებული არ არის, გადაწყვეტილებები მიიღება უბრალო უმრავლესობით. წესდებაში შესაბამისი ჩანაწერის არსებობისას დასაშვებია თანამდებობის პირების/ორგანოების არჩევის, აგრეთვე ალტერნატიული წინადადებებისათვის კენჭისყრის საკითხთა გადაწყვეტა ხმათა უფრო მცირე რაოდენობით. ამასთან, პარტნიორთა კრება უფლებამოსილია, დამსწრეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება ხელმძღვანელი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

კანონპროექტით ასევე დგინდება, რომ წილის რომელიმე კლასიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების ცვლილებისათვის დამატებით საჭიროა ამ კლასის განთავსებული წილების ხმების საერთო რაოდენობის 3/4-ის თანხმობა. მითითებული წესიდან გადახვევა შესაძლებელია პარტნიორთა მიერ ერთხმად მიღებული წესდების შესაბამისი ნაწილით.

პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ კრების მოწვევაზე უფლებამოსილ სუბიექტად აგრეთვე დასახელებულია საზოგადოების წილების 5%-ის მფლობელი პარტნიორი (პარტნიორები), რომელსაც ხსენებული უფლებით სარგებლობა შეუძლია ხელმძღვანელ პირთა არყოფნის, ასევე რიგგარეშე კრების ჩატარების შესახებ ინიციატორი პარტნიორ(ებ)ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის/რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში.

ნებადართულია პარტნიორთა კრებაში მონაწილეობის მიღება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და ხმის დისტანციურად მიცემა. კრების ოქმზე (მათ შორის, წესდების ცვლილებაზე (ახალ რედაქციაზე)) საკმარისია კრების თავმჯდომარის ხელმოწერა, თუ სადამფუძნებლო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ცალკე მუხლითაა მოწესრიგებული პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლები. ამასთან, დაუშვებელია კრების გადაწყვეტილების ბათილობაზე მითითება რეესტრში მისი რეგისტრაციიდან 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ აღნიშნულ პერიოდში გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლო დავა არ დაწყებულა.

პარტნიორის გასვლა და გარიცხვა

უდავოდ მისასალმებელ სიახლეს წარმოადგენს საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლისა და გარიცხვის წინაპირობებისა და პროცედურის საკანონმდებლო რეგლამენტაცია.

პროექტის თანახმად, პარტნიორის გარიცხვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას (როცა სახეზეა კომპანიისათვის არსებითი ზიანის მიყენება ან პირის პარტნიორად დარჩენა საზიანოა საზოგადოების შემდგომი საქმიანობისთვის), საზოგადოების სარჩელის საფუძველზე. ამასთან, აუცილებელია პარტნიორის წერილობითი გაფრთხილება მისი შესაძლო გარიცხვის შესახებ. საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ადგენს, რომ პარტნიორს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს საზოგადოებიდან 146-ე მუხლში მითითებული გარემოებების (მნიშვნელოვანი საფუძვლების) არსებობისას, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან როდესაც დირექტორის ან სხვა პარტნიორთა ქმედებები მნიშვნელოვნად ხელყოფს მის ინტერესებს.

ნიშანდობლივია, რომ როგორც გარიცხვის, ისე გასვლის შემთხვევაში საწარმოს წარმოეშობა ყოფილი პარტნიორისათვის წილის სანაცვლოდ სამართლიანი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობის პირობებში მოცემულ საკითხზე დადგენილი სასამართლო პრაქტიკა მეტად არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივია.

ასე მაგალითად, თავის 28/07/2015 წ. №ას-759-718-2015 განჩინებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (სუს) გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საზოგადოებიდან გასვლის დროს გამსვლელი პარტნიორის მოთხოვნას კუთვნილი წილის კომპენსაციის თაობაზე „მაღალი ალბათობით […] წარმატების შანსი არ ექნება“. ამასთანავე, სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია სამეწარმეო ურთიერთობიდან გამომდინარე პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლაზე სამოქალაქო კოდექსის (სსკ) 399-ე მუხლის გავრცელება (პარ. 19-20). ამის საწინააღმდეგოდ, თავის 08/10/2018 წ. №ას-201-201-2018 განჩინებაში იმავე სასამართლომ სააპელაციო პალატას დაავალა, პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლაზე მსჯელობისას გამოერკვია, შესრულებული იყო თუ არა სსკ-ის 399-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. ამასთან, სასამართლომ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ იმ პირობებში, როდესაც პარტნიორის მიერ უკომპენსაციოდ გასვლის ნება გამოხატული არ ყოფილა და არც საზოგადოების კაპიტალის დაცვის საჭიროება არსებობდა, გამსვლელ პარტნიორს წილის სანაცვლოდ კომპენსაცია უნდა მიკუთვნებოდა (პარ. 25, 34-37).

არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინაღმდეგო სასამართლო პრაქტიკაა დადგენილი ასევე პარტნიორის გარიცხვისას წილის კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით (შდრ. სუსგ. №ას-771-732-2013, 31/01/2014 წ.: კანონი კომპენსაციის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს; №ას-1203-2018, 25/04/2019 წ., პარ. 24.4.: პარტნიორის გარიცხვა არ უნდა განხორციელდეს მისი წილის კომპენსაციის საკითხის გადაუწყვეტლად).

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ შპს-დან პარტნიორის გასვლის/გარიცხვისას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის (რომელიც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის შემთხვევაში წილის კომპენსაციის ანაზღაურების საკითხს აწესრიგებს) ანალოგიით გამოყენებასთან მიმართებით სუს-მა 31/01/2014 წ. №ას-771-732-2013 განჩინებაში განმარტა, რომ 32-ე მუხლის, როგორც სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგელი ნორმის ანალოგიის წესით გავრცელება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ დაუშვებელი იყო, სხვა საქმეში (18/05/2018 წ. №ას-190-190-2018 განჩინება) კი სასამართლომ წილის კომპენსაციაზე შპს-ის პარტნიორის მოთხოვნის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად სწორედ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლი მიუთითა (პარ. 15-15.1., 17.2.3.).

ხელმძღვანელი ორგანო (დირექტორი)

კანონპროექტით საკანონმდებლო დონეზე ხდება იმის რეგლამენტირება, რომ დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში შეუზღუდავია (არ შეიძლება შეიზღუდოს), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირისათვის (კონტრაჰენტისთვის) ცნობილი იყო უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ.

პრაქტიკაში შესაძლოა წარმოიშვას სიტუაცია, როდესაც პარტნიორთა კრებაზე (სამეთვალყურეო საბჭოზე) ხმათა თანაბარი გადანაწილების გამო ან სხვა გარემოების არსებობისას პარტნიორების მიერ შპს-ის დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, რითაც არსებითი საფრთხე ექმნება სამეწარმეო საზოგადოების ფუნქციონირებას. მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, კანონპროექტი ადგენს, რომ ასეთ გამოუვალ ვითარებაში საზოგადოების პარტნიორი ან კრედიტორი უფლებამოსილია, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს, რომელიც დროებითი ღონისძიების სახით მიიღებს გადაწყვეტილებას კომპანიის ხელმძღვანელი ორგანოს წევრის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის თაობაზე.

თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელმძღვანელი პირი თანამდებობაზე ინიშნება არა უმეტეს 3 წლით. უფლებამოსილების ვადა მიიჩნევა გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით, თუ მისი ამოწურვის შემდეგ დირექტორის ცვლილების რეგისტრაცია ან ახალი ვადის განსაზღვრა არ მოხდება. რაც შეეხება დირექტორის გამოწვევისა და მასთან სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს, პროექტი ცალსახად ადგენს, რომ პარტნიორთა კრება/სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთებისა და საფუძვლის მითითების გარეშე გაათავისუფლოს ხელმძღვანელი პირი დაკავებული თანამდებობიდან და რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ზღუდავს აღნიშნულ უფლებას, ბათილია. ამასთან, კანონპროექტი აკონკრეტებს, რომ სასამსახურო ხელშეკრულება არ წარმოადგენს შრომით კონტრაქტს და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება შრომის კოდექსის რეგულაციები. თუ სასამსახურო ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი მხარე დირექტორია, მან აღნიშნულის თაობაზე სულ ცოტა ერთი თვით ადრე წერილობითი ფორმით უნდა შეატყობინოს შესაბამის ორგანოს, რომლის მოწვევის ვალდებულებაც მას ეკისრება. ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების შეწყვეტისას ახალი ხელმძღვანელი პირი არჩეულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.

მსგავსად მოქმედი კანონმდებლობისა, კანონპროექტის მიხედვით, ხელმძღვანელი პირის (დირექტორის) ცენტრალური ვალდებულება საზოგადოების საქმეების გაძღოლისას ზრუნვის მოვალეობის (Duty of Care) ჯეროვნად შესრულებაში (ე.ი. „მართლზომიერად და კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერებით“ მოქმედებაში) მდგომარეობს, რომელზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ დირექტორს არ შეიძლება დაეკისროს მის მიერ მიღებული სამეწარმეო გადაწყვეტილების შედეგად საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ მას „გონივრულად შეეძლო ევარაუდა“, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებდა „საკმარისი და სანდო ინფორმაციის საფუძველზე, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად და ინტერესთა კონფლიქტის ან სხვათა ზეგავლენის გარეშე.“ დაკისრებული კეთილსინდისიერების მოვალეობის ჯეროვანი დაცვა დირექტორის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს.

გარდა დირექტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტისა, პროექტი ხელმძღვანელი პირის მიმართ აგრეთვე ითვალისწინებს კონკურენციის აკრძალვის, საქმიანი შესაძლებლობის მითვისების აკრძალვისა (დირექტორის ვალდებულება, პირადი სარგებლის მისაღებად არ გამოიყენოს საზოგადოების საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული მისთვის ხელმისაწვდომი საქმიანი შესაძლებლობები) და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მოვალეობებს, რომელთა დარღვევის შემთხვევაში საზოგადოებას უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა ან დადებული გარიგებიდან მიღებული (მისაღები) სარგებლის გადაცემა/თავის სასარგებლოდ დათმობა. ზემოჩამოთვლილთაგან პირველი ორი ვალდებულება შეიძლება ძალაში დარჩეს დირექტორის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში. კონკურენციის აკრძალვის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირისათვის იმავე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმა სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

პარტნიორთა კრების მიერ ხელმძღვანელი პირის მიმართ საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა ან კომპრომისი (მორიგება) შესაძლებელია, თუ ამას არ შეეწინააღმდეგებიან ხმების სულ მცირე 10%-ის მფლობელი პარტნიორები. საზოგადოების ხელმძღვანელს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ დაეკისრება მაშინაც, როდესაც იგი პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად მოქმედებდა. აკრძალულია წესდებით ან სასამსახურო ხელშეკრულებით ხელმძღვანელი პირის გათავისუფლება განზრახი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.

რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ნიშანდობლივია, რომ მოქმედ კანონთან შედარებით კანონპროექტი გაცილებით უფრო დეტალურად და სიღრმისეულად აწესრიგებს საზოგადოების რეორგანიზაციისა და არსებობის შეწყვეტის საკითხებს. საწარმოს გარდაქმნისა და შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებები, როგორც წესი, მიიღება კენჭისყრაში მონაწილე ხმების 3/4-ის უმრავლესობით. ამასთან, შპს-ის კომანდიტურ საზოგადოებად გარდაქმნის შემთხვევაში აგრეთვე მოითხოვება ყველა იმ პარტნიორის თანხმობა, რომელიც კომპლემენტარი უნდა გახდეს, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნისათვის საჭიროა ყველა პარტნიორის თანხმობა. რეორგანიზაციის ფორმებზე საუბრისას განსაკუთრებით აღსანიშნავია საზოგადოების შერწყმისა და გაყოფის პროცესის შედარებით დაწვრილებითი რეგულირება, სახელდობრ, კანონპროექტი განსაზღვრავს შერწყმის და გაყოფის სხვადასხვა სახეებს, შერწყმის/გაყოფის გეგმისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ადგენს გეგმის პროექტის გამოქვეყნების აუცილებლობას და ა.შ. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ რეორგანიზაციის პროცესში მყოფი საზოგადოების კრედიტორებს უფლება ენიჭებათ, 3-თვიან ვადაში მოითხოვონ საზოგადოების მიმართ არსებული მოთხოვნების უზრუნველყოფა, თუ შეძლებენ იმის დამტკიცებას, რომ რეორგანიზაციის შედეგად მათ დაკმაყოფილებას საფრთხე ექმნება. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს რეორგანიზაციაში მონაწილე შპს-ის იმ პარტნიორთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმს, რომლებმაც კრებაზე ხმა გარდაქმნის საწინააღმდეგოდ მისცეს, კერძოდ, ასეთ პარტნიორს უფლება აქვს კრების ჩატარებიდან 20 დღის ვადაში მოითხოვოს საზოგადოებისგან თავისი წილის სამართლიან ფასად გამოსყიდვა, წილის გამოსყიდვის ფასზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი შეუძლია წილის სამართლიანი ფასის დადგენის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

რაც შეეხება შპს-ის არსებობის შეწყვეტას, კანონპროექტი აღნიშნულ პროცესს სამი თანმიმდევრული და ურთიერთდაკავშირებული სტადიის (დაშლა, ლიკვიდაცია და რეგისტრაციის გაუქმება) ჭრილში განიხილავს. უფრო კონკრეტულად, საზოგადოების დაშლა შესაძლოა განხორციელდეს ნებაყოფლობით (პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე), მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციატივით ან სასამართლოს მიერ. საზოგადოების დაშლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კრების მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით. ყურადღება უნდა გამახვილდეს სასამართლოს მიერ პარტნიორის სარჩელის საფუძველზე საზოგადოების დაშლის მექანიზმზე, რომელიც ნოვაციაა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. პროექტის მიხედვით, სამეწარმეო საზოგადოება სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დაიშალოს მხოლოდ „მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას“ – თუ ერთ-ერთი პარტნიორი ბრალეულად დაარღვევს წესდებით ან კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ არსებით მოვალეობას ან თუ პარტნიორისთვის ამგვარი მოვალეობის შესრულება შეუძლებელია და ვეღარ ხდება საზოგადოების მიზნის მიღწევა (მაგ. კრებაზე ხმების თანაბრად გაყოფის გამო). ამასთან, აღნიშნულ სიტუაციაში პარტნიორს, რომელსაც აქვს საზოგადოების არსებობის გაგრძელების ინტერესი, შეუძლია საზოგადოების დაშლის შესახებ სასამართლოში განცხადების შემტან პარტნიორს შესთავაზოს წილის სამართლიან ფასად გამოსყიდვა და ამ გზით თავიდან აიცილოს საზოგადოების დაშლა. ფასზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში გამოსყიდვის სამართლიანი ფასი დგინდება სასამართლოს მიერ.

ლიკვიდაციის პროცესი გულისხმობს საზოგადოების აქტივების გაყიდვის, ვალდებულებების გასტუმრებისა და დარჩენილი ქონების პარტნიორთა შორის გადანაწილების ეტაპს. საგულისხმოა, რომ მესამე პირთა უკეთ ინფორმირების მიზნით, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საზოგადოების საფირმო სახელწოდებას ემატება სიტყვები „ლიკვიდაციის პროცესში”. სასამართლო უფლებამოსილია, მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, პარტნიორთა 10%-ის განცხადების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდატორის გათავისუფლების ან/და ახალი ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ. ქონების განაწილება პარტნიორთა შორის შეიძლება დაიწყოს მხოლოდ საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან და ვალდებულებების გასტუმრებიდან 5 თვის შემდეგ (სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიძლება შემცირდეს 3 თვემდე, თუ წარმოდგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ საზოგადოების ვალდებულებები დაფარულია და საფრთხე არ ემუქრება მესამე პირთა ინტერესებს). ლიკვიდაციის სტადიის დასრულების შემდგომ მარეგისტრირებელი ორგანო, ლიკვიდატორ(ებ)ის მიმართვის საფუძველზე, აუქმებს სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციას, რაც იწვევს მისი, როგორც იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტას. ლიკვიდირებული საწარმოს დოკუმენტაცია შენახულ უნდა იქნეს მისი შექმნიდან/ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 6 წლის განმავლობაში. თუ რეგისტრაციის გაუქმების შემდგომ წარმოიშობა დამატებითი სალიკვიდაციო მოქმედებების განხორციელების საჭიროება, სასამართლო დაინტერესებული პირის განცხადებით ნიშნავს იმავე ან ახალ ლიკვიდატორ(ებ)ს საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის ბოლომდე მისაყვანად.

ხანდაზმულობა და გასაჩივრების ვადები

პროექტში ცალკე თავი აქვს დათმობილი ხანდაზმულობის, შეცილებისა და გასაჩივრების ვადების რეგულირებას. მოთხოვნათა ხანდაზმულობის ზოგადი ვადა განსაზღვრულია 5 წლით, შეცილების ზოგადი ვადა კი 6 თვეს შეადგენს. ამასთანავე, ცალკე მუხლითაა განსაზღვრული პარტნიორთა კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილი სუბიექტები და გასაჩივრების ვადები. გადაწყვეტილების შეცილების ვადაა შეტყობიდან 1 თვე (არა უგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვისა), ხოლო კანონის ან წესდების მოთხოვნათა უხეში დარღვევით ჩატარებული კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შეადგენს 1 წელს გადაწყვეტილების მიღებიდან (გადაწყვეტილების ან ინფორმაციის დამალვის შემთხვევაში პროექტი აღნიშნული 1-წლიანი ვადის ათვლას უკავშირებს იმ მომენტს, როდესაც შეცილებაზე უფლებამოსილი პირისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების არსებობა). დასახელებული ნორმა იმპერატიულად გამორიცხავს გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენას.

გარდამავალი დებულებები

კანონპროექტი ითვალისწინებს 2-წლიან გარდამავალ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც არსებული შპს-ების მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემების ახალ კანონთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეესტრს უფლება აქვს, საზოგადოებას დაუდგინოს ხარვეზი და მისცეს დამატებითი ვადა კანონის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი – გააუქმოს შპს-ის რეგისტრაცია. თუ რეგისტრაციაგაუქმებულ საწარმოს დარჩება ქონება, ლიკვიდაციის პროცესს ახორციელებენ სასამართლოს მიერ პარტნიორის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე დანიშნული ლიკვიდატორები.

დამატებით ინფორმაციას კანონპროექტისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თაობაზე გაეცანით აქ, რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) წასაკითხად კი მიჰყევით ამ ბმულს.

© 2025 Nexus LLC

იურიდიული კომპანია ნექსუსი

თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/