
2022 წლის 1 ივნისიდან საქართველოში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი ამოქმედდა, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამომხმარებლო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება და აღმოიფხვრა მომხმარებელთა შესახებ კანონმდებლობაში წლების მანძილზე არსებული ნორმატიული ვაკუუმი.
ახალ კანონს, რომელიც საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა, მომხმარებელთა დაცვის სფეროში არაერთი თანამედროვე სტანდარტი შემოაქვს და განსაზღვრავს სათანადო საკანონმდებლო გარანტიებს. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულების, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებისა (ე.წ. right of withdrawal) და უსამართლო კომერციული პრაქტიკის აკრძალვის მარეგულირებელი ნორმები. გარდა ამისა, შეიქმნა ხელყოფილი უფლებების აღდგენის უფრო მოქნილი მექანიზმი.
სტატიის დასაწყისში მოკლედ ვისაუბრებთ „ინფორმირებული მომხმარებლის“ სტანდარტზე, რომლის დაცულობის უზრუნველყოფა კანონის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს, მისი ძირითადი ნაწილი კი დაეთმობა ხელშეკრულებიდან დასაბუთების გარეშე გასვლის უფლებისა და ნაკლიანი პროდუქტის მიწოდების სამართლებრივი შედეგების მიმოხილვას, რაც, ვფიქრობთ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის.
მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება
„ინფორმირებული მომხმარებლის“ სტანდარტი გულისხმობს გამყიდველის (ე.წ. „მოვაჭრის“) ვალდებულებას, ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებელს1 მიაწოდოს უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქტთან (საქონელი2 ან მომსახურება) დაკავშირებით, რაც მას ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.
უფრო კონკრეტულად, მომხმარებელს სახელმწიფო ენაზე, „მკაფიოდ და გასაგებად“ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, მახასიათებლებისა და მწარმოებლის, მოვაჭრის ვინაობის, მისამართის (არსებობის შემთხვევაში აგრეთვე ტელეფონის ნომრისა და ელფოსტის მისამართის), პროდუქტის ფასის3, ძირითადი და დამატებითი ხარჯების, კანონისმიერი გარანტიების, არსებობის შემთხვევაში − ფასის გადახდის, პროდუქტის მიწოდებისა და კომერციული გარანტიის პირობების, ხელშეკრულების ვადის, მომხმარებლის ვალდებულებების, პრეტენზიების განხილვის წესისა და ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების შესახებ, აგრეთვე კანონის მე-5 მუხლში მითითებული სხვა ინფორმაცია, რაც მომხმარებლისთვის თავისთავად ცხადი არ არის.
აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება წვრილმან ყოფით გარიგებებზე, რომლებიც ხელშეკრულების დადებისთანავე სრულდება.
თუ პროდუქტის ფასი 30 ლარს აღემატება, კანონი მოვაჭრეს ავალდებულებს ხელშეკრულების დისტანციურად4 ან „სარეწის გარეთ“5 დადებისას, მომხმარებელს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, დამატებით მიაწოდოს მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების, ვადისა და წესის შესახებ (თუ ხელშეკრულებაზე უარის თქმა შესაძლებელია, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს სპეციალური მითითება, რომ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, უარის თქმის უფლება არ არსებობს), დისტანციური ხელშეკრულებიდან გასვლისას საქონლის დაბრუნებასთან ასოცირებული ხარჯების შესახებ (თუ, ჩვეულებრივ, საქონლის ფოსტით დაბრუნება შეუძლებელია) და სხვა. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხელშეკრულებაზე უარის თქმის ფორმა, რომლის შევსებითაც მომხმარებელი შეძლებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების რეალიზებას.
სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში ზემოაღნიშნული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიეწოდოს წერილობითი ფორმით, ქაღალდზე ან, მომხმარებლის თანხმობით, სხვა „ხანგამძლე მატარებელზე“6, ხელშეკრულების დისტანციურად დადებისას კი − დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით.7
ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ მომხმარებლისთვის ერთმნიშვნელოვნად ცხადი უნდა იყოს, თუ მისი რომელი ქმედება ჩაითვლება ისეთი შეკვეთის განთავსებად, რაც გადახდის ვალდებულებას წარმოშობს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ვალდებულება არ წარმოიშობა. გარდა ამისა, სავაჭრო ვებგვერდზე ადვილად ხელმისაწვდომი და აღქმადი უნდა იყოს ინფორმაცია მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და გადახდის საშუალების შესახებ.
მომხმარებლის ჯეროვნად ინფორმირებასთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთი ყოველთვის ეკისრება მოვაჭრეს.
ხელშეკრულებიდან დასაბუთების გარეშე გასვლის უფლება
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას დისტანციურ ან სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა (იხ. ქვემოთ). ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ასევე არ არსებობს, თუ პროდუქტის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
აღნიშნული 14-დღიანი ვადა აითვლება შემდეგნაირად:
- მომსახურების შეძენის შემთხვევაში − შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან;
- საქონლის შეძენის შემთხვევაში − საქონლის მომხმარებლისთვის (ან მომხმარებლის მიერ მითითებული პირისთვის, გარდა გადამზიდველისა) გადაცემიდან.
ამასთან, თუ საქონლის შეკვეთა ხდება ნაწილ-ნაწილ, ვადის ათვლა დაიწყება ბოლო ნივთის (ნაწილის) მიღებიდან, ხოლო საქონლის რეგულარულად (ე.ი. წინასწარ დადგენილი პერიოდულობით) მიწოდებისას − ნივთის პირველად მიღებიდან.
თუ მომხმარებელი ინფორმირებული არ იყო ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ, საქონლის/მომსახურების დაბრუნება დასაშვებია 14-დღიანი ვადის გასვლიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთან, თუ მოვაჭრე 14-დღიანი ვადის ათვლის მომენტიდან (იხ. ზემოთ) 12 თვის განმავლობაში აცნობებს მომხმარებელს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების არსებობის თაობაზე, პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღებიდან 78 კალენდარული დღის ვადაში.
საქონლის დაბრუნებისას დაუშვებელია მომხმარებლისთვის რაიმე ტიპის ჯარიმის ან ხარჯის დაკისრება, მათ შორის, ანაზღაურებას არ ექვემდებარება არც ტრანსპორტირების ხარჯი, თუ მომხმარებელმა ისარგებლა სტანდარტული მიწოდების სერვისით.
თუმცა დაბრუნებული ნივთი უნდა იყოს დაუზიანებელ მდგომარეობაში (შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო სახე), მხედველობაში არ მიიღება ნივთით ისეთი სარგებლობა, რომელიც დაკავშირებულია მისი ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. მაშინაც კი, როცა საქონლის ფასი სხვაგვარი სარგებლობის შედეგად შემცირდა, მომხმარებელს არ მოუწევს ზიანის ანაზღაურება, თუ იგი მოვაჭრის მიერ სრულად არ იყო ინფორმირებული ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობაზე.
კანონი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია. კერძოდ, მომხმარებელს არ შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან, თუ:
- მოვაჭრემ სრულად გასწია მომსახურება. ამის მიუხედავად, უარის თქმა შესაძლებელია, თუ მომსახურების დაწყებამდე მოვაჭრემ არ მიიღო მომხმარებლის წინასწარი თანხმობა და მომხმარებელმა არ იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღებით დაკარგავდა უარის თქმის უფლებას;
- საქონელი/მომსახურება სპეციალურად მომხმარებლისთვის დამზადდა ან აშკარად მის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული;
- ხელშეკრულების საგანია უძრავი ქონების არასაცხოვრებელი მიზნით გადაცემა, საქონლის გადაზიდვა, სატრანსპორტო საშუალების ქირავნობა, კვების ორგანიზება ან დასვენებასთან დაკავშირებული მომსახურება და, ამასთან, ხელშეკრულებაში მითითებულია შესრულების კონკრეტული თარიღი/პერიოდი;
- საქონელი მალფუჭებადია ან აქვს მოკლე შენახვის ვადა;
- საქონლის ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა, რის გამოც მისი დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის დაცვის ან ჰიგიენური მიზეზების გამო;
- მიწოდების შემდეგ საქონელი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა ნივთს;
- გასაწევია გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურება;
- მიწოდების შემდეგ დაირღვა დალუქული აუდიო/ვიდეოჩანაწერის ან პროგრამული უზრუნველყოფის ლუქი;
- მიწოდების საგანია ჟურნალ-გაზეთები ან სხვა პერიოდული გამოცემა, გარდა სააბონენტო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული მიწოდებისა;
- მიწოდების საგანია სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთი და არ არსებობს მისი დაბრუნების სახელშეკრულებო უფლება;
- ხელშეკრულება დადებულია საჯარო აუქციონზე;
- მომხმარებელს ციფრული შინაარსი9 მიეწოდა არამყარი მატარებლით10. ამასთან, უარის თქმა დასაშვებია, თუ შესრულება დაიწყო მომხმარებლის წინასწარი თანხმობის გარეშე და იგი არ იყო ინფორმირებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების დაკარგვის თაობაზე;
- კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
უარის თქმის უფლება ასევე არ ვრცელდება საფინანსო და სადაზღვევო სფეროებში დადებულ ხელშეკრულებებზე.11 ამის მიუხედავად, აღნიშნული უფლება არსებობს, თუ სესხის ხელშეკრულება დაიდო სარეწის გარეთ, უზრუნველყოფილია იპოთეკით და მომხმარებელს სესხით სარგებლობა არ დაუწყია.
ხელშეკრულებიდან გასვლის იურიდიული შედეგია რესტიტუცია, ე.ი. მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ყველაფერი, რაც მისი შესრულებით მიიღეს. უფრო კონკრეტულად:
- მოვაჭრემ გადახდილი თანხა უნდა დააბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, 14 კალენდარული დღის ვადაში. თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს იმავე საშუალებით, რაც მომხმარებელმა ფასის გადახდისას გამოიყენა (ქეში, ბარათი, ა.შ.). ამასთან, მომხმარებელს შეუძლია თანხმობა განაცხადოს ანაზღაურების სხვა მეთოდზე, თუ ამით დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა;
- მომხმარებელმა საქონელი უნდა დააბრუნოს დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში. საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი მომხმარებელს ეკისრება გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვაჭრის მიერ არ იყო წინასწარ ინფორმირებული აღნიშნული ხარჯების თაობაზე. ამასთან, თუ ხელშეკრულება დაიდო სარეწის გარეთ და მომხმარებელს საქონელი სახლში მიეწოდა, მოვაჭრემ თავად უნდა უზრუნველყოს საქონლის დაბრუნება, თუ საქონლის მახასიათებლებიდან გამომდინარე მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.
მოვაჭრე უფლებამოსილია არ დააბრუნოს თანხა მანამ, სანამ არ მიიღებს საქონელს ან საქონლის დაბრუნების დამადასტურებელ საბუთს. აღნიშნული უფლება არ წარმოიშობა, თუ მოვაჭრე თვითონ არის პასუხისმგებელი საქონლის უკან წაღებაზე.
საქონლის მიწოდების ვადა და მომხმარებლის უფლებები ნაკლიანი პროდუქტის მიღებისას
თუ მხარეები სხვა წესზე არ შეთანხმებულან, მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს დაყოვნების გარეშე, მაგრამ არაუგვიანეს ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღისა.
მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოვაჭრეს უნდა მიეცეს დამატებითი ვადა, რომელიც უნდა იყოს გონივრული. დამატებითი ვადის დაწესება არ მოითხოვება, თუ აშკარაა რომ მას შედეგი არ ექნება ან მომხმარებელმა თავისი ვალდებულების შესრულება მოვაჭრის მიერ ვალდებულების დროულ შესრულებას დაუკავშირა. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამ შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია დაუყოვნებლივ აანაზღაუროს მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხა.
ნაკლის მქონე საქონლის მიღებისას მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება, ფასის პროპორციულად შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ნაკლის გამოსწორება უნდა მოხდეს საქონლის უსასყიდლო შეკეთებით ან შეცვლით, გონივრულ ვადაში.
თუ დეფექტიანი საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია ან თუ მოვაჭრემ ნაკლი არ გამოასწორა გონივრულ ვადაში, რის გამოც მომხმარებელმა ინტერესი დაკარგა შესრულებისადმი ან თუ ნაკლის გამოსწორება მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ფასის პროპორციულად შემცირება ან გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. მოვაჭრე არაა ვალდებული, უზრუნველყოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, თუ ეს ობიექტურად შეუძლებელია ან მისთვის შეუსაბამოდ დიდ ხარჯს წარმოშობს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მეორე რიგის უფლებებით (ფასის შემცირება ან კონტრაქტიდან გასვლა და ზიანის ანაზღაურება). პროდუქტის უმნიშვნელო ნაკლი ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.
მნიშვნელოვანი კანონისმიერი გარანტიაა მომხმარებლის უფლება, წარადგინოს საქონლის ნაკლთან დაკავშირებული პრეტენზიები, თუ შესაბამისი დეფექტი საქონლის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა. ამრიგად, კანონისმიერი გარანტიის ზოგადი ვადა 2 წელს შეადგენს და მისი შემცირება ხელშეკრულებით დაუშვებელია.12 ამასთან, თუ მომხმარებელმა დეფექტი საქონლის მიღებიდან 6 თვის გასვლამდე აღმოაჩინა, პრეზუმირდება, რომ ის მიწოდების მომენტშიც არსებობდა. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება.
დეფექტიანი მომსახურების შემთხვევაში (მათ შორის, თუ ადგილი ჰქონდა სერვისის გაწევის ვადის გადაცილებას) მოვაჭრეს უნდა მიეცეს ნაკლის გამოსწორების დამატებითი ვადა, რაც უნდა იყოს გონივრული. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მომხმარებელს უფლება აქვს მოვაჭრის ხარჯით სხვა პირისგან მიიღოს მომსახურება/აღმოფხვრას ნაკლი, მოითხოვოს ფასის შემცირება ან გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
დამატებითი ვადის დაწესება არ მოითხოვება, თუ ნაკლის გამოსწორება ობიექტურად შეუძლებელია ან მოვაჭრისთვის შეუსაბამოდ დიდ ხარჯს წარმოშობს, აგრეთვე თუ აშკარაა რომ მას შედეგი არ ექნება ან მომხმარებელმა თავისი ვალდებულების შესრულება მოვაჭრის ვალდებულების დროულ შესრულებას დაუკავშირა.
თუ მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რის გამოც სერვისის დროულად მიღება შეუძლებელია, მოვაჭრე ვერ მოითხოვს შესაბამის კომპენსაციასა და გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, თუ მომხმარებელმა ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
მომხმარებელს, რომლის უფლებები მოვაჭრის არამართლზომიერი ქმედების შედეგად დაირღვა, შეუძლია მიმართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (ხოლო თუ შესაბამის სფეროს ჰყავს უფლებამოსილი მარეგულირებელი ორგანო − ამ ორგანოს) ან პირდაპირ სასამართლოს.
სამომხმარებლო სამართლის საკითხებზე კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციისა და მომსახურების მისაღებად დაგვირეკეთ დღესვე ან შეავსეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმა.
- კანონის მიზნებისთვის „მომხმარებელი“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც საქონელს ან მომსახურებას იძენს უპირატესად პირადი მოხმარებისთვის. ამრიგად, თუ პროდუქტი შეძენილია, მაგალითად, პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად, აღნიშნულ ტრანზაქციაზე კანონის მოქმედება არ გავრცელდება. ↩︎
- ტერმინი „საქონელი“ მოიცავს მოძრავ ნივთებს, აგრეთვე მოძრავ ნივთში განთავსებულ ან/და ციფრული ფორმით გავრცელებულ ქონებრივ სიკეთეს. „ციფრული შინაარსის“ განმარტება იხ. მე-9 სქოლიოში. ↩︎
- ვრცლად ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს „საქონელსა და მომსახურებაზე ფასის აღნიშვნის სახელმძღვანელო“. ↩︎
- მაგალითად, საქონლის გაყიდვა Facebook პლატფორმის ან მოვაჭრის ვებსაიტის გამოყენებით. დისტანციურად არ მიიჩნევა კონტრაქტი, თუ მხარეები მის პირობებზე „სარეწში“ შეთანხმდნენ (განმარტება იხ. მე-5 სქოლიოში). ↩︎
- „სარეწი“ (business premises) ნიშნავს ნებისმიერ ობიექტს, სადაც მოვაჭრე ახორციელებს კომერციულ საქმიანობას, ხოლო „სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება“ (off-premises contract) ეწოდება ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო სარეწის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (მაგალითად, ქუჩაში ან მომხმარებლის სახლის წინ) და რომლის დადებაც საჭიროებს მხარეთა ფიზიკურ თანაყოფობას (ე.ი. არ არის დისტანციური ხელშეკრულება). ამასთან, თუ ხელშეკრულების დადების შესახებ შეთავაზება (ოფერი) მიღებულია სარეწის გარეთ, მხარეთა ფიზიკური თანაყოფობისას, მომხმარებლის მიერ თუნდაც სარეწში ან დისტანციური საშუალებით დაუყოვნებლივ გაკეთებული აქცეპტიც „სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებას“ წარმოშობს. სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება ასევე მოვაჭრის მიერ პროდუქტის გაყიდვის ხელშესაწყობად ორგანიზებული ექსკურსიის ფარგლებში დადებული კონტრაქტი. სანოტარო ბიუროში გაფორმებული ხელშეკრულება სარეწის გარეთ დადებულად არ ითვლება. ↩︎
- durable medium, რაც გულისხმობს ნებისმიერ ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხანგრძლივ შენახვასა და უცვლელ რეპროდუცირებას. ↩︎
- ამასთან, თუ ხელშეკრულება იდება დისტანციურად და არ არის საკმარისი დრო და ადგილი ზემოაღნიშნული ინფორმაციის სრულად მისაწოდებლად, მოვაჭრე ვალდებულია, ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებელს მიაწოდოს მხოლოდ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, ხოლო სხვა სავალდებულო ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოს დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით. ↩︎
- ვფიქრობთ, კანონში შეცდომაა და უნდა ეწეროს 14 დღე. შდრ. მომხმარებლის უფლებების შესახებ 2011/83/EU დირექტივის მუხლი 10(2). ↩︎
- „ციფრული შინაარსი“ (digital content) ნიშნავს ციფრული ფორმით წარმოებულ ან მიწოდებულ მონაცემებს, როგორიცაა, მაგალითად, კომპიუტერული პროგრამა, აპლიკაცია, თამაში, მუსიკა, ვიდეო და ტექსტი. შდრ. მომხმარებლის უფლებების შესახებ 2011/83/EU დირექტივის მუხლი 2(11). ↩︎
- მყარ მატარებლად მიიჩნევა, მაგალითად, CD, DVD, USB-ფლეშ-მეხსიერება. ↩︎
- დამტკიცებული კრედიტის დასაბუთების გარეშე დაბრუნების უფლებასთან დაკავშირებით იხ. „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ მე-4 მუხლის 101 და მომდევნო პუნქტები. ↩︎
- აღნიშნული არ ვრცელდება მეორადი საქონლის შეძენაზე, რა დროსაც მოვაჭრის პასუხისმგებლობის პირობები მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება. ↩︎
© 2025 Nexus LLC
იურიდიული კომპანია ნექსუსი
თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/
