სესხის ხანდაზმულობა

სესხის ხანდაზმულობა სამართლებრივი კონცეფციაა და ეწოდება მდგომარეობას, როდესაც მსესხებელს უფლება აქვს, უარი თქვას გამსესხებლისთვის სესხად მიღებული თანხის დაბრუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვალი ფაქტობრივად არსებობს და გადაუხდელია.

სესხის ხანდაზმულობის სწორად გამოთვლა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის:

  • როდის წარმოეშვა გამსესხებელს ვალის დაბრუნების მოთხოვნის უფლება; 
  • გაცემული სესხი ერთიანად უნდა დაიფაროს თუ ნაწილ-ნაწილ (გრაფიკის მიხედვით).

სესხის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. ეს ვადა აითვლება იმ თარიღის მომდევნო დღიდან, როდესაც გამსესხებელს მსესხებლის მიმართ წარმოეშვა გაცემული სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის ათვლა იწყება იმ თარიღის მომდევნო დღიდან, როდესაც დადგა სესხის დაბრუნების ვადა.

მაგალითად, თუ გამსესხებელმა მსესხებელს ასესხა 500 ლარი და სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2025 წლის 2 აპრილი, სესხის ხანდაზმულობის ვადა აითვლება 2 აპრილის მომდევნო დღიდან ანუ 2025 წლის 3 აპრილიდან. შესაბამისად, სესხის ხანდაზმულობის ბოლო ვადა იქნება 2028 წლის 3 აპრილი. აღნიშნული თარიღის შემდეგ სესხი ხანდაზმულად ჩაითვლება.

თუ სესხი გაცემულია გადახდის გრაფიკით, ხანდაზმულობის ვადა აითვლება არა ერთიანად, არამედ გრაფიკით გათვალისწინებული ყველა შესატანისთვის ცალ-ცალკე.

მაგალითად, თუ 2025 წლის 1 იანვარს გაცემული სესხი უნდა დაბრუნდეს 5 წელში, ყოველი წლის 1 დეკემბერს სესხის 1/5 ნაწილის გადახდით, ყოველწლიურად გადასახდელი ძირითადი თანხისა და პროცენტის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა გამოითვლება შემდეგნაირად:

  • 2025 წლის 1 დეკემბერს გადასახდელი თანხის ხანდაზმულობა აითვლება 2025 წლის 2 დეკემბრიდან,
  • 2026 წლის 1 დეკემბერს გადასახდელი თანხის ხანდაზმულობა აითვლება 2026 წლის 2 დეკემბრიდან,
  • 2027 წლის 1 დეკემბერს გადასახდელი თანხის ხანდაზმულობა აითვლება 2027 წლის 2 დეკემბრიდან,
  • 2028 წლის 1 დეკემბერს გადასახდელი თანხის ხანდაზმულობა აითვლება 2028 წლის 2 დეკემბრიდან,
  • 2029 წლის 1 დეკემბერს გადასახდელი თანხის ხანდაზმულობა აითვლება 2029 წლის 2 დეკემბრიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  • პერიოდულად (ყოველთვიურად, ყოველწლიურად, ა.შ.) გადასახდელი თანხების ხანდაზმულობა აითვლება თითოეული ასეთი თანხისთვის ცალ-ცალკე და შეადგენს სამ-სამ წელს;
  • არახანდაზმული იქნება დაფარვის გრაფიკის ის ნაწილი, რომლის გადახდის ვადა ბოლო 3 წლის განმავლობაში დადგა, დარჩენილი ნაწილი კი ხანდაზმულად ჩაითვლება. მაგალითად, თუ გამსესხებელი მსესხებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს 2030 წლის 1 აპრილს, მოთხოვნა არახანდაზმული იქნება მხოლოდ 2027 წლის 1 აპრილიდან (3 წელი უკუთვლით) წარმოშობილი დავალიანების ნაწილში; 
  • მცდარია მოსაზრება, რომ სესხის ხანდაზმულობა აითვლება დაფარვის გრაფიკის ბოლო თარიღიდან.

ვრცლად ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის ნიუანსებზე იხილეთ ჩვენს ბლოგში.

სესხის ხანდაზმულობა კრედიტორს არ ართმევს მოვალის მიმართ სარჩელის აღძვრისა და გასესხებული თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული უფლება მას აქვს მიუხედავად იმისა, ვადაგადაცილებული სესხი არახანდაზმულია თუ ხანდაზმული 20 წლის წინ გახდა, თუმცა თუ მოვალე თავის შესაგებელში მიუთითებს სესხის ხანდაზმულობაზე და სასამართლო დაადგენს, რომ ხანდაზმულობის ვადა მართლაც გასულია, მოვალეს არ დაეკისრება სესხად მიღებული თანხის კრედიტორისთვის დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ ვალი რეალურად არსებობს.

სესხის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულად მიიჩნევა მასზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო, ასევე სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული გირავნობა, იპოთეკა და თავდებობა.

კანონი ითვალისწინებს ხანდაზმული სესხის „გაცოცხლების“ შემთხვევებსაც. კერძოდ, თუ მსესხებელი კრედიტორის წინაშე პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს, რომ ვალი არსებობს, ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწყება. ვალის აღიარების შემთხვევაში საკმარისი არ არის მხოლოდ იმ ფაქტის დადასტურება, რომ ვალდებულება არსებობს – აუცილებელია იკვეთებოდეს მოვალის მზაობა არსებული ვალის დაფარვის თაობაზე. მაგალითად, მესამე პირის მიერ მოვალის ხანდაზმული დავალიანების ნაწილის დაფარვა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას და, შესაბამისად, ვადის თავიდან ათვლას არ გამოიწვევს, თუ გადახდა განხორციელდა მოვალის ნების გარეშე (იხ. მაგ. სუსგ საქმეზე №ას-824-2020, 01/12/2021 წ, პარ. 30-32).

ისიც აღსანიშნავია, რომ თუ დავალიანების ხანდაზმულობის ვადა გავიდა, მოვალეს ზიანი ადგება კრედიტინფოს ბაზაში ნეგატიური ფინანსური ვალდებულების შესახებ ჩანაწერის არსებობით, კრედიტორი კი უარს აცხადებს აღნიშნული ჩანაწერის გაუქმებაზე, მოვალეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს აღიარებითი სარჩელით, მოითხოვოს დავალიანების ხანდაზმულად ცნობა და კრედიტინფოს ბაზიდან დავალიანების შესახებ ინფორმაციის ამოღება. მოვალის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია კრედიტინფოს ბაზაში ხელმისაწვდომი იქნება სესხისთვის „ხანდაზმულის“ სტატუსის მინიჭებიდან 5 წლის განმავლობაში.    

ვრცლად იხ. „როგორ გავიგო სესხის ხანდაზმულობა?

© 2025 Nexus LLC

იურიდიული კომპანია ნექსუსი

თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/