საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ საოჯახოსამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შვილების მიერ მშობლებისაგან სარჩოს, იგივე ალიმენტის მიღების უფლებას. აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, წინამდებარე სტატიაში გვსურს შემოგთავაზოთ რელევანტური კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ერთგვარი მიმოხილვა, რაც, ვფიქრობთ, სასარგებლო და საინტერესო იქნება საალიმენტო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების თაობაზე ინფორმაციის მიღების მსურველი მკითხველებისათვის.
მშობლები თანაბრად არიან ვალდებული, არჩინონ თავიანთი შვილები
სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში: სსკ) 1212-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, ხოლო იმავე კანონის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელსა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
როგორც ვხედავთ, სსკ შვილების რჩენის ვალდებულებას აკისრებს „მშობლებს“, ე.ი. როგორც ბავშვის მამას, ისე დედას, რადგან, ზოგადი წესის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ (მშობელთა თანაბრობის პრინციპი). ამასთან, მნიშვნელობა არ ენიჭება მშობლების ქორწინებაში ყოფნის ფაქტს, კერძოდ, მაშინაც კი, როდესაც მშობლები ქორწინებაში არ იმყოფებიან (განქორწინებული არიან) ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ისინი ვალდებული არიან, არჩინონ საკუთარი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე (ხოლო შრომისუუნარო შვილები სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც) და იზრუნონ მათ განვითარებასა და კეთილდღეობაზე.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „მშობლების უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძველია შვილის წარმომავლობა და არა ამ წარმომავლობის ფაქტის დამოწმება. მშობლის უფლება-მოვალეობები შვილის მიმართ წარმოიშობა ბავშვის დაბადებიდან და არა იმ მომენტიდან, როცა მამობა სასამართლო წესით იქნა დადგენილი“ (იხ. სუსგ №ას-2-2-2011, 31 მაისი, 2011 წელი). აღნიშნულიდან გამომდინარე, მცდარია საზოგადოების ნაწილში დამკვიდრებული შეხედულება იმის შესახებ, რომ ალიმენტის გადახდა შესაძლოა დაეკისროს მხოლოდ ქორწინებაში დაბადებული ბავშვის მამას.
კანონი არ აწესებს ყოველთვიური ალიმენტის მინიმალურ ოდენობას
სსკ-ის თანახმად, ალიმენტის ოდენობა დგინდება მშობელთა ურთიერთშეთანხმებით (სსკ-ის 1213-ე მუხლი), ხოლო მშობლებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები მოცემულია სსკ-ის 1214-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, მას განსაზღვრავს სასამართლო „გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში“. ამრიგად, კანონი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯების მინიმალურ ოდენობას არ ითვალისწინებს და ალიმენტის მოცულობის დადგენას ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აკისრებს დავის განმხილველ სასამართლოს.
არსებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, თუ მშობელი არ არის დასაქმებული და, შესაბამისად, არ გააჩნია სტაბილური ფიქსირებული შემოსავლი, ალიმენტის მინიმალური ოდენობა შეიძლება განისაზღვროს თვეში საშუალოდ 250 ლარით (იხ. მაგ. სუსგ №ას-608-2022, 21 ოქტომბერი, 2022 წელი). სხვა საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 15 წლის ჯანმრთელი არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდისთვის ყოველთვიურად 300 ლარის ალიმენტის დაკისრება გონივრულად მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე (ბავშვის მამა) მოვალეთა რეესტრში იყო რეგისტრირებული და მის კმაყოფაზე კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა (იხ. სუსგ №ას-443-2024, 26 ივლისი, 2024 წელი; №ას-806-2021, 22 თებერვალი, 2022 წელი).
თუმცა, როგორც ეს ზემოთ აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობა არ აწესებს ალიმენტის მინიმალურ/მაქსიმალურ ზღვარს, არც მისი ოდენობის გამოანგარიშების სპეციალურ ფორმულას და სარჩოს განსაზღვრა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ხდება საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების (მათ შორის, ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის, შრომისუნარიანობის, არასრულწლოვანი შვილების ასაკის, რაოდენობის, ყოველთვიური მატერიალური საჭიროებებისა და ა.შ.) ანალიზის შედეგად.
ალიმენტის გადახდასთან ერთად, მშობელს შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა განსაკუთრებული გარემოებებით (მაგალითად, ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, სწავლის საფასურის გადახდის აუცილებლობით და სხვა) გამოწვეულ დამატებით ხარჯებში. დამატებით ხარჯებში მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროითა და განსაზღვრული სახსრების გადახდით. დამატებით ხარჯებში მონაწილეობის დაკისრების სამართლებრივი წინაპირობაა, რომ მშობელი, რომელსაც დაეკისრება დამატებით ხარჯებში მონაწილეობა იხდიდეს ალიმენტს (ვრცლად იხ. სუსგ №ას-907-2023, 10 ოქტომბერი, 2023 წელი, პარ. 86).
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს
დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ბავშვის რეალურ საჭიროებებსა და მშობლის შემოსავალს (ქონებრივი მდგომარეობას) შორის გონივრული და სამართლიანი ბალანსის დადგენის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-506-506-2018, 20 სექტემბერი, 2018 წელი).
აღნიშნულ პროცესში სასამართლოთა მიერ მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ ალიმენტის გადამხდელის ქონებრივი მდგომარეობა და შრომისუნარიანობა, არამედ ასევე მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, მათი პროფესიული უნარ-ჩვევებებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით მოიძიონ დამატებითი შემოსავლები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ყოველთვიური მატერიალური საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა (მაგალითად, არასრულწლოვანი შვილი სხვა ქორწინებიდან) რიცხვი, სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობა და სხვა (იხ. მაგ. სუსგ №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წელი). გარდა ამისა, ისიც გაითვალისწინება, თუ ვისთან ერთად ცხოვრობს ბავშვი, კერძოდ, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს, ვიდრე მეორე მშობელს. ამრიგად, ასეთ შემთხვევაში მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯის პროპორციულად (თანაბრად) განაწილება არ ხდება.
ნიშანდობლივია, რომ ალიმეტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოები ხელმძღვანელობენ ბავშვის ინტერესების უპირატესობის პრინციპით (the best interests of a child), რომლის ფარგლებშიც ისინი ამოწმებენ, თუ რამდენად საკმარისია ალიმენტი სარჩენი პირის ნორმალური განვითარებისათვის.
საალიმენტო მოთხოვნის იძულებით განხორციელება დასაშვებია უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს
ალიმენტის მოთხოვნის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელით, მიუხედავად იმ ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობდან (სსკ-ის 1234-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
ალიმენტი, როგორც წესი, გადაიხდება მომავალი პერიოდისათვის. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას (სსკ-ის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილი). შესაბამისად, სარჩელის აღძვრამდე განვლილი პერიოდის (წინა 3 წლის პერიოდის) ალიმენტის დაკისრება მხოლოდ ზემოაღნიშნულ საგამონაკლისო შემთხვევაშია დასაშვები.
კანონი ითვალისწინებს ალიმენტის როგორც გაზრდის, ისე მისი შემცირების შესაძლებლობას
სსკ-ის 1221-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც იმ მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომელიც ალიმენტს იხდის მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ეს მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ალიმენტის დაკისრების შემდეგ ადგილი აქვს ალიმენტვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. „მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია, ადრე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შემცირდეს, ხოლო კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია, ალიმენტი გაიზარდოს“ (სუსგ №ას-303-290-2015, 13.05.2015 წ.)
რაც შეეხება პირის საალიმენტო დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლებას, აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით (1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
მშობლის უსახსრობა არ წარმოადგენს ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების საკმარის საფუძველს
ალიმენტვალდებული პირის (მშობლის) ქონებრივ მდგომარეობას სასამართლო აფასებს საქმეში არსებული მტკიცებულებების (როგორიცაა, მაგალითად, შემოსავლების სამსახურის ცნობა პირის მიერ კონკრეტულ პერიოდში მიღებული შემოსავლის შესახებ) ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, საოჯახო საქმეთა განხილვა ხასიათდება ინკვიზიციურობის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ (სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილი), ე.ი. სასამართლო შეზღუდული არაა მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
საალიმენტო ვალდებულებებზე საუბრისას განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მშობლის არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ალიმენტის მოცულობის შემცირებას ან მისი გადახდისაგან პირის განთავისუფლებას.
სსკ-ის თანახმად, შვილის რჩენა და მისი არსებობისათვის აუცილებელი ნორმალური პირობების უზრუნველყოფა არათუ მშობლის უფლება, არამედ მისი უპირობო მოვალეობაა. აქედან გამომდინარე, ამ მოვალეობის განხორციელება ვერ იქნება დამოკიდებული ვალდებული პირის ნება-სურვილსა და ქმედებებზე. მარტივად რომ ვთქვათ, მშობელს არ შეუძლია თავიდან აიცილოს საალიმენტო ვალდებულებები მაშინაც კი, როდესაც იგი არ მუშაობს ან მის მიერ ფაქტობრივად მიღებული შემოსავალი საკუთარი საარსებო მოთხოვნილებების სრულფასოვნად დაკმაყოფილებისთვისაც კი არ არის საკმარისი (მაგალითად, რადგან ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილით იფარება სასესხო ვალდებულებები).
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ალიმენტის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი ანუ ალიმენტვალდებულ პირს რეალურად უნდა შეეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილება მიიღებდა ფორმალურ ხასიათს, რაც შეუსაბამო იქნებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის საკანონმდებლო (და საერთაშორისო) გარანტიებთან. სწორედ ამიტომ, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მშობლის ინტერესებსა და ბავშვის მოთხოვნილებებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის საჭიროებას იმ ფუნდამენტური პირობით, რომ აღნიშნულ შეპირისპირებულ სიკეთეთა შორის უპირატესობა ყოველთვის უკანასკნელს უნდა მიენიჭოს.
ალიმენტის გადახდევინების საქმეთა მიმართ გათვალისწინებულია მთელი რიგი საპროცესო შეღავათები
რაც შეეხება წმინდა პროცესუალურ საკითხებს, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ე.ი. სარჩელი სასამართლოს წარედგინება საერთო განსჯადობისაგან განსხვავებული წესით (განსაკუთრებული განსჯადობა).
ასევე ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში: სსსკ) თანახმად, მოსარჩელე, რომელიც სარჩელით ითხოვს ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებას, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების (ე.ი. ბაჟის) გადახდის ვალდებულებისაგან.
გარდა ამისა, იმავე კანონის მიხედვით, ალიმენტის გადახდევინების შესახებ საქმეები განიხილება დაჩქარებული წესით, კერძოდ, სასამართლოს მიერ სარჩელის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
ამასთანავე, სასამართლოს შეუძლია მხარის თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს ალიმენტის მიკუთვნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. ე.ი. მითითებული გადაწყვეტილებები შეიძლება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მაშინაც კი, როდესაც საქმის სასამართლო წესით განხილვა დასრულებული არაა, რაც ასევე ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზენაესობის პრინციპის გამომხატველია და აღნიშნულ ინტერესთა ეფექტურად დაცვას ემსახურება.
ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაულია
საუკეთესო შემთხვევაში, ალიმენტვალდებული პირის მიერ ალიმენტის გადახდა ხორციელდება ნებაყოფლობით, თუმცა პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის გამო აუცილებელი ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების მექანიზმების ამოქმედება.
ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია ალიმენტვალდებული პირის დამსაქმებელი კომპანიის კანონისმიერი მოვალეობა დასაქმებულის ხელფასიდან ალიმენტის თანხის დაკავებისა და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადარიცხვის თაობაზე, კერძოდ, სსკ-ის 1233-ე მუხლის შესაბამისად, სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაცია ალიმენტის გადამხდელს ხელფასიდან (პენსიიდან, დახმარებიდან და სხვ.) ყოველთვიურად უკავებს ალიმენტს წერილობითი განცხადების (თუ გადახდა ხდება ნებაყოფლობით) ან სააღსრულებო ფურცლის (იძულებითი აღსრულების დროს) საფუძველზე და უხდის ან უგზავნის განცხადებაში ან სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებულ პირს არა უგვიანეს სამი დღისა ხელფასის (დახმარების, პენსიის და სხვ.) გაცემის დღიდან. ამრიგად, მაშინაც კი, როდესაც ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირი თავს არიდებს თავისი საალიმენტო მოვალეობების შესრულებას, კანონი ითვალისწინებს საკმაოდ მოქნილ მექანიზმს იმისათვის, რომ უფლებამოსილმა პირმა შეძლოს კუთვნილი თანხების მიღება და თავის საკეთილდღეოდ მოხმარება.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
© 2025 Nexus LLC
იურიდიული კომპანია ნექსუსი
თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/
