როგორ გავიგო სესხის ხანდაზმულობა?

წინამდებარე ბლოგში ვუპასუხებთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ჩვენთვის ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს, კერძოდ: რაში მდგომარეობს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი? რას შეადგენს, საიდან აითვლება და როგორ გამოიანგარიშება სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა? როგორ ხდება სესხის ხანდაზმულად ცნობა? რა გარემოებები განაპირობებს ხანდაზმული სესხის გაცოცხლებას (ვადის დენის თავიდან დაწყებას)? რა ეფექტი აქვს ხანდაზმულობის ამოწურვას დამატებით მოთხოვნებზე? და რამდენი ხნის განმავლობაში ფიქსირდება ხანდაზმული მოთხოვნა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ბაზაში?

რას ნიშნავს სესხის ხანდაზმულობა?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის ცნების განმარტებას არ იძლევა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, „სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა, ანუ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამ ვადის გასვლა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას.“

საგულისხმოა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლა არ იწვევს კრედიტორის მოთხოვნის გაუქმებას, არამედ მოვალეს ანიჭებს უფლებას, რომ უარი განაცხადოს კრედიტორის დაკმაყოფილებაზე და მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით მოითხოვოს სარჩელის უარყოფა. ხანდაზმულობის გასვლა არ გულისხმობს არც კრედიტორის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის უფლების დაკარგვას. კრედიტორი უფლებამოსილია, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც აღძრას სარჩელი მოვალის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, საერთო წესების დაცვით წარმოებაში მიიღოს წარდგენილი სარჩელი და განიხილოს შესაბამისი დავა, თუმცა თუ მოვალე თავის შესაგებელში ხანდაზმულობის საფუძვლით უარყოფს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო ვალდებულია, შეფასება მისცეს აღნიშნულ საკითხს და ხანდაზმულობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში უარი თქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამრიგად, ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით არ ხდება, მოთხოვნის ხანდაზმულობას სასამართლო მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს. (იხ. მაგ. სუსგ საქმეზე №ას-1288-2019, 04/03/2021 წ, პარ. 137, 142-143).

როგორც უკვე ითქვა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოვალე უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. თუ მოვალე ვალდებულებას ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ შეასრულებს, მას არ აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის უკან დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამოქალაქო კოდექსი დაუშვებლად მიიჩნევს მხარეთა შეთანხმებით ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლას (მაგალითად, ხანდაზმულობის მოქმედების გამორიცხვას, ხანდაზმულობის ვადის ხანგრძლივობის ან დაწყების მომენტის განსხვავებულად მოწესრიგებას და სხვა).

რამდენია სესხის ხანდაზმულობის ვადა?

სამოქალაქო კოდექსი სახელშეკრულებო მოთხოვნების, მათ შორის, სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადად 3 წელს განსაზღვრავს. ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სესხი/კრედიტი უძრავი ქონებით (იპოთეკით) არის უზრუნველყოფილი.

აქედან გამომდინარე, მოთხოვნის მფლობელმა პირმა (კრედიტორმა) ვალდებული პირის (მოვალე) წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი სწორედ აღნიშნული პერიოდის – 3 წლის განმავლობაში უნდა წარადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვალე უფლებამოსილია, თავის შესაგებელში მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მარტივი შედავებით1 უარი განაცხადოს მოსარჩელის დაგვიანებული მოთხოვნის შესრულებაზე.

როგორ გამოითვლება სესხის ხანდაზმულობის ვადა?

ზოგადად, ხანდაზმულობის ვადა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან იწყებს დენას, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი მიიჩნევა დრო, როცა პირმა (კრედიტორმა) შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

სამოქალაქო კოდექის 123-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, – მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. შესაბამისად, იმ სამწლიანი ვადის დენა, რომელიც დაიწყო 2024 წლის პირველ აპრილს, დასრულდება 2027 წლის იმავე თვის იმავე რიცხვში. რაც შეეხება ვადის დასასრულს, თუ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა ამოწურულად ჩაითვლება ამ დღის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს.

აღსანიშნავია, რომ სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის წესი შესასრულებელი ვალდებულების სპეციფიკაზეა დამოკიდებული, კერძოდ, უმნიშვნელოვანესია იმის განსაზღვრა, ვალდებულება ერთდროულად უნდა შესრულდეს თუ გარკვეული პერიოდულობით (ნაწილ-ნაწილ).

ერთიანად შესასრულებელი ვალდებულებები

მაგალითად, თუ გამსესხებელსა და მსესხებელს შორის 1,000 ლარის სესხად გაცემის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში სესხით სარგებლობის ვადად მითითებულია 30 დღე, რომელიც იწურება 2024 წლის 24 აპრილს და მოვალე დადგენილი ვადის მიხედვით არ დააბრუნებს სესხად მიღებულ თანხას, გამსესხებლის (კრედიტორის) მოთხოვნა მსესხებლის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე წარმოშობილად ჩაითვლება აღნიშნული 30-დღიანი ვადის გასვლის მომდევნო დღეს, ე.ი. 2024 წლის 25 აპრილიდან. ამრიგად, გამსესხებელს შეუძლია, მსესხებლის წინააღმდეგ სარჩელით მიმართოს სასამართლოს მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან (2024 წლის 25 აპრილიდან) 3 წლის განმავლობაში, კერძოდ, 2027 წლის 25 აპრილამდე. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სამწლიანი ვადის უკანასკნელი დღე (2027 წლის 25 აპრილი) ემთხვევა არასამუშაო დღეს (კვირას), სარჩელის წარდგენის ბოლო ვადად მიჩნეულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე (2027 წლის 26 აპრილი).

პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები

ხანდაზმულობის ვადის ათვლის სპეციფიკური წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს. თუმცა ვადის ხანგრძლივობა აქაც 3 წელს შეადგენს, მითითებული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა აითვლება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი თითოეული მოთხოვნისათვის (გრაფიკით გათვალისწინებული ვადამოსული თანხისათვის) ცალ-ცალკე.

ვთქვათ, 2025 წლის 6 იანვარს კომერციულ ბანკ A-სა და მსესხებელ B-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ფიზიკური პირისათვის სამომხმარებლო კრედიტის გაცემის შესახებ, რომლის თანახმად, ბანკმა მოვალეს ასესხა 500 ლარი. სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ აღნიშნული კრედიტი უპროცენტოა. კონტრაქტის თანახმად, მსესხებელ B-ს მიერ საკრედიტო ვალდებულებების შესრულება (ძირითადი თანხის დაბრუნება) უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ქვემოწარმოდგენილი დაფარვის გრაფიკის მიხედვით:

Nგადახდის თარიღიგადასახდელი თანხა (GEL)
1.31/01/2025100
2.28/02/2025100
3.30/03/2025100
4.30/04/2025100
5.30/05/2025100
 სულ:500

გრაფიკის თანახმად, საკრედიტო დავალიანების სრულად დაფარვის თარიღია 2025 წლის 30 მაისი. ამის მიუხედავად, მსესხებლის მიერ დასაბრუნებელი კრედიტის მთლიან თანხაზე ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა მითითებული თარიღის მომდევნო დღიდან არ აითვლება, რადგან განსახილველ შემთხვევაში სახეზეა „პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები“ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობით. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც ბანკის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 19.03.2015 წ. საქმე №ას-868-830-2014). ამასთანავე, როგორც აღინიშნა, თითოეული ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია.

ამრიგად, მსესხებელ B-ს მიერ 31/01/2025 წ. გადასახდელი 100 ლარისთვის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დენა დაიწყება 01/02/2025-დან და ამოიწურება 01/02/2028; 28/02/2025 წ. გადასახდელი 100 ლარისთვის – დაიწყება 01/03/2025-დან და ამოიწურება 01/03/2028; 30/03/2025 წ. გადასახდელი 100 ლარისთვის – დაიწყება 01/04/2025-დან (30/03/2025 ემთხვევა არასაბანკო დღეს,2 კვირას, შესაბამისად, გადახდა შეიძლება განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა – 31/03/2025 წ.) და ამოიწურება 03/04/2028 (2028 წლის 1-2 აპრილი ემთხვევა არასამუშაო დღეებს, შაბათ-კვირას) და ა.შ.

ბუნებრივია, ხანდაზმულობის ვადების გამოთვლის იგივე მეთოდი გამოიყენება სარგებლიანი3 კრედიტის შემთხვევაშიც. მაგალითად, თუ მსესხებელმა B-მ ყოველთვიურად 100 ლარის ნაცვლად უნდა გადაიხადოს 120 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 100 ლ., პროცენტი კი 20 ლ., იანვრის თვეში (31/01/2025 წ.) გრაფიკით გადასახდელი თანხის (120 ლ.) გადაუხდელობის გამო ბანკის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა აითვლება 01/02/2025 წ.-დან და დასრულდება 01/02/2028 წელს, თებერვლის თვეში შესატანი 120 ლარის გადაუხდელობის გამო ვადის დენა დაიწყება 01/03/2025-დან, დასრულდება 01/03/2028 და ა.შ.

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ ხანდაზმულობას განაპირობებს: მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია იმ ნაწილში, რომლითაც იგი სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის თარიღიდან (უკუთვლით) 3 წელზე ადრე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას ითხოვს, ხოლო აღნიშნულ თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში წარმოშობილი ვალდებულებების ნაწილში მისი მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება (შდრ. სუსგ 16/10/2019 წ. საქმე №ას-986-2019, პარ. 20, 53-54; 06/11/2018 წ. საქმე №ას-902-2018, პარ. 43).

რა იწვევს ხანდაზმული სესხის გაცოცხლებას?

სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მოვალის (ან სხვა ვალდებული პირის, მაგალითად, სოლიდარული თავდების) მხრიდან გარკვეული სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მოქმედების განხორციელების შედეგად ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება, ხოლო განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება. იურიდიულად ამ მოვლენას „ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა“ ჰქვია, სალაპარაკო ქართულში კი – სესხის გაცოცხლება.

კოდექსის 137-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად განიხილავს მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე მოთხოვნის არსებობის აღიარებას „ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად“. ამ უკანასკნელ შემთხვევაში („სხვაგვარად“) აშკარად გამოკვეთილი უნდა იყოს მოვალის ნება ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით,4 მაგალითად, ვალის აღიარების თაობაზე ხელწერილის შედგენით (როდესაც მსესხებელი გამსესხებლის წინაშე აფიქსირებს, რომ კონკრეტულ ვადაში შეასრულებს ნაკისრ ფულად ვალდებულებას), ახალ გრაფიკზე (სესხის რესტრუქტურიზაციაზე) დათანხმებით და ა.შ.

მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეში მსესხებელს ბანკის მიმართ მნიშვნელოვანი დავალიანება გააჩნდა. მას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად შეჰქონდა თანხა მხოლოდ 10 ლარის ოდენობით, რომელიც უაქცეპტო წესით იჭრებოდა კრედიტორის (ბანკის) მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული არ წარმოადგენდა ვალდებულების დაფარვისაკენ მიმართულ მოვალის ნებელობით ქმედებას და, შესაბამისად, მოვალის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულების „სხვაგვარ აღიარებას“, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას გამოიწვევდა (იხ. სუსგ 30/04/2018 წ. №ას-384-358-2017, პარ. 33-35).

საგულისხმოა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის მიზნებისათვის აღნიშნული ვადა გასული არ უნდა იყოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღიარება უნდა განხორციელდეს ხანდაზმულობის ვადაში, მის ამოწურვამდე. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მაგალითად, პროცენტის გადახდით არ შეიძლება თავიდან დაიწყოს ვადის დენა. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ მოვალის მიერ ვალდებულების (თუნდაც მარტივი) აღიარება ასევე იურიდიული ძალის მატარებელია, თუკი ეს აღიარება შეიცავს მოვალის გაცნობიერებულ ნებას, რომ იგი ვალდებულებას შეასრულებს (იხ. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ მოვალე ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე კრედიტორის წინაშე გარკვეული შესრულების განხორციელების გზით (მაგალითად, პროცენტის გადახდით) ან „სხვაგვარად“ (მაგალითად, ნაწილობრივი შესრულებით ან ვალის აღიარების ხელწერილზე/ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, რომელშიც აშკარად არის გამოკვეთილი მისი ნება ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით) აღიარებს ვალის არსებობას, გასული ხანდაზმულობის ვადა მხედველობაში არ მიიღება და 3-წლიანი ვადა თავიდან აითვლება. ამასთან, თუ კონკრეტული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უკვე გასულია და ამის მიუხედავად მოვალე თუნდაც ვალის მარტივი/ცალმხრივი აღიარების გზით არაორაზროვნად გამოთქვამს მზაობას ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, ასეთი აღიარება ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად სამართლებრივი ძალის მქონე ქმედებად მიიჩნევა და, შესაბამისად, მოვალეს წარმოუშობს მის მიერ მიცემული დაპირების შესრულების ვალდებულებას (იხ. მაგ. სუსგ 05/12/2017 წ. №ას-679-633-2017, პარ. 24).

რა მოსდით დამატებით მოთხოვნებს სესხის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ?

სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის შესაბამისად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც.

მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სესხის/კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ სამართალურთიერთობაში ძირითადად მიიჩნევა მოთხოვნა გასესხებული ფულადი რესურსის („ძირი თანხის“) გამსესხებლისათვის დაბრუნების თაობაზე, დამატებითი მოთხოვნები კი შეიძლება დაკავშირებული იყოს სესხზე დარიცხული სარგებლის (პროცენტის) ან/და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებასთან, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების იძულებითი წესით რეალიზაციასთან და ა.შ. მაშასადამე, კოდექსის 145-ე მუხლის საფუძველზე, სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების წამყვან მოთხოვნასთან ერთად ხანდაზმულად მიიჩნევა ასევე მისი დამატებითი მოთხოვნაც სესხზე დარიცხული პროცენტების ან/და პირგასამტეხლოს გადახდევინების შესახებ მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

იმავე ლოგიკით, თუ ნასესხები თანხის დაბრუნების ძირითადი მოთხოვნა ხანდაზმულია, ხანდაზმულად მიიჩნევა აგრეთვე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული (მაგალითად, იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული) ნივთის რეალიზაციის თაობაზე დამატებითი (აქცესორული) მოთხოვნაც. რა საკვირველია, ხანდაზმულობის ვადის გასვლა პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს თავდების მიმართ მოთხოვნის იძულებით აღსრულებაზეც, კერძოდ, თავდებს შეუძლია მოვალის კუთვნილი ხანდაზმულობის შესაგებლის გამოყენების გზით (ე.ი. ხანდაზმულობის მოტივით) უარი განაცხადოს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუნდაც ძირითად მოვალეს უარი ჰქონდეს ნათქვამი აღნიშნული შესაგებლის გამოყენებაზე.

როგორ ხდება ხანდაზმული სესხის გაუქმება?

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის“ მე-4 მუხლის მე-12-13 პუნქტების თანახმად, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ერთიან ბაზაში მონაცემთა სუბიექტის (მსესხებელი, თანამსესხებელი, თავდები, ა.შ.) შესახებ ინფორმაცია მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ბიუროს მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომია ვადაგადაცილებული საკრედიტო/სასესხო ვალდებულებისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისას (კრედიტორის განცხადების საფუძველზე) „ხანდაზმული მოთხოვნის“ სტატუსის მინიჭებიდან 5 წლის განმავლობაში.

აღნიშნული 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ბიუროს მონაცემთა ბაზიდან მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შემცველი ჩანაწერის ამოღება, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.

თუ დავალიანების ხანდაზმულობის ვადა გასულია, ბიუროს მონაცემთა ბაზაში კი კვლავ ფიქსირდება ჩანაწერი მსესხებლის ნეგატიური ფინანსური ვალდებულების შესახებ, რომლის გაუქმებაზეც სესხის გამცემი უარს აცხადებს, მსესხებელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის (ძირი, პროცენტი, პირგასამტეხლო) ხანდაზმულად ცნობა და ბიუროს მონაცემთა ბაზიდან დავალიანების შესახებ ინფორმაციის ამოღება.5

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით განხორციელებული ე.წ. ხანდაზმული ვალების ჩამოწერის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ვებსაიტ vali.ge-ზე ასახული, 2018 წლის 1 იანვრამდე ვადაგადაცილებული და 2,000 ლარამდე (ჩათვლით) ძირი თანხის მქონე კრედიტების განულებას, მხოლოდ ერთჯერად ხასიათს ატარებდა და დღეის მდგომარეობით პრობლემური სესხების ჩამოწერის მსგავსი მექანიზმი აღარ მოქმედებს. დამატებით შევნიშნავთ, რომ პორტალმა vali.ge ფუნქციონირება დაასრულა 2019 წლის 31 დეკემბერს.


  1. უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობა ფაქტია ისევე, როგორც ფაქტის საკითხია, მაგალითად, მოვალის მიერ კრედიტორისგან გარკვეული თანხის სესხად აღება. ამასთან, ხანდაზმულობაზე შედავებისას სავალდებულო არ არის, მოპასუხემ (მოვალემ) დაასახელოს ის კონკრეტული თარიღი, საიდანაც მისი სესხი იქცა ხანდაზმულად, არამედ საკმარისია თავის შესაგებელში მიუთითოს, რომ მოთხოვნა დაგვიანებულია. მაგალითად, მოვალის შედავება შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს – “ამდენ ხანს არ მოუთხოვია ვალდებულების შესრულება“. სიტყვა „ხანდაზმულის“ გამოყენება აუცილებელი არაა. იხ. სუსგ №ას-1063-1023-2016, 17.02.2017 წ. ↩︎
  2. თუ საკრედიტო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ტერმინი „საბანკო დღე“ განიმარტება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონის შესაბამისად და ნიშნავს კალენდარულ დღეს, როდესაც ხორციელდება გადარიცხვის ოპერაციები საქართველოს ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) მეშვეობით, ე.ი. ნებისმიერი დღე, გარდა შაბათ-კვირისა და სახელმწიფოს მიერ დაწესებული უქმე დღეებისა. ↩︎
  3. ზოგადი ინფორმაციისათვის, „არასარგებლიანი“, ე.ი. უპროცენტო, კრედიტი არ არსებობს. საბანკო კრედიტი თავისი ბუნებით ყოველთვის სარგებლიანია. ↩︎
  4. სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მოვალის მხრიდან მხოლოდ ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურება (კონსტატაცია) საკმარისი არ არის, არამედ აუცილებელია, მოვალემ გასცეს დაპირება ვალდებულების შესრულების თაობაზე. იხ. სუსგ №ას-374-347-2010, 09/11/2010 წ. ↩︎
  5. როგორც ზემოთ ითქვა, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება უნდა მოხდეს შესაგებელში. იხ. მაგ. სუსგ №ას-193-2023, 20/09/2023 წ. ვალის ხანდაზმულად აღიარების შესახებ სარჩელი (ე.წ. „აღიარებითი სარჩელი“), როდესაც მოვალეს არავინ ედავება დავალიანების ანაზღაურებაზე, როგორც წესი, დაუშვებელია. იხ. სუსგ №ას-572-531-2017, პარ. 1.3.3., 15/11/2017 წ. აღიარებითი სარჩელის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იმ ზიანის დემონსტრირება, რომელიც მოვალეს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიერ ნეგატიური საკრედიტო სტატუსის მინიჭებით ადგება. ↩︎

© 2025 Nexus LLC

იურიდიული კომპანია ნექსუსი

თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/