სესხის ხელშეკრულება შეიძლება არსებობდეს როგორც სასყიდლიანი, ისე უსასყიდლო ფორმით. ხელშეკრულების სასყიდლიანობას ძირითადად მხარეთა შორის სესხით სარგებლობისათვის გადასახდელ პროცენტზე შეთანხმება განაპირობებს. ამასთან, საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა მთლიანად ხელშეკრულების მონაწილეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული და, ამგვარად, სრულიად მართლზომიერია სესხის გაცემა როგორც პროცენტით, ისე მის გარეშე.
გარდა პროცენტისა, ხელშეკრულებით შესაძლოა გათვალისწინებული იყოს სასესხო რესურსით სარგებლობის სხვადასხვა ხარჯი და მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებითსამართლებრივი საშუალებები (მაგ. სესხის გაცემის/გადავადების საკომისიო, საურავი/ჯარიმა ვალდებულების დარღვევისათვის, ა.შ.), რომელთა აკუმულირება და მსესხებლისათვის ერთობლივად დაკისრება ხშირად ხდება ამ უკანასკნელის ჭარბვალიანობისა და გადახდისუუნარობის მთავარი მიზეზი. აღნიშნული მასშტაბური პრობლემის დასაძლევად „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ (სამოქალაქო კოდექსი, კოდექსი) ეტაპობრივად განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებების შეტანა, რითაც დაწესდა გარკვეული საკანონმდებლო შეზღუდვები მოვალის ფინანსური ტვირთის მოცულობასთან დაკავშირებით.
წინამდებარე სტატიაში საუბარი გვექნება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით დადგენილ მსესხებელთა ფინანსური დაცვის გარანტიებზე, კერძოდ, სესხის საპროცენტო განაკვეთების ლიმიტებსა და სესხზე დარიცხული ფინანსური ხარჯების ზღვრულ ოდენობებზე. აქვე შევნიშნავთ, რომ მითითებული ნორმატიული რეგულაციების ნაწილი არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ზოგიერთ სუბიექტზე, რის შესახებაც ინფორმაცია ტექსტში სქოლიოს სახით არის წარმოდგენილი.
1. სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ სესხებზე მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია წლიური 50%-იანი ლიმიტით. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს მითითებულ ზღვარს (50%-ს)! ეს შეზღუდვა თანაბრად მოქმედებს იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხების მიმართ.
„ეფექტური საპროცენტო განაკვეთის“ ლეგალური დეფინიცია მოცემულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №194/04 ბრძანების1 დანართ №1-ში2, რომლის მიხედვით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი (ესგ) არის სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი (საპროცენტო, საკომისიო, დაზღვევის, ქონების ღირებულების შეფასების, ა.შ.), მსესხებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით („ფინანსური ხარჯის“ განმარტება და ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების ფორმულა მოცემულია იმავე დანართის მე-3-მე-4 მუხლებში. ესგ-ის კალკულატორი იხ. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე).
2. იპოთეკური სესხის თვიური საპროცენტო განაკვეთი
იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი „არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.“3 ამასთანავე, დაცული უნდა იყოს სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი.
ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი, გარდა იპოთეკის ნოტარიულად დამოწმებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯებისა.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შესახებ საჭირო მონაცემების სანახავად მიჰყევით ამ ბმულს და გახსენით ფაილი „საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე“ (სტრიქონი L3.22.). სვეტიდან „საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, სულ“4 აიღეთ წინა წლის (იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით) მონაცემები (ძალაშია 1 მარტიდან), მათი საშუალო არითმეტიკული გაამრავლეთ 2.5-ზე და მიღებული შედეგი გაყავით 12-ზე. მაგ. ზემოაღნიშნული ფორმულის შესაბამისად, 2019 წელს გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების საშუალო არითმეტიკულია 11.8%, რომელსაც ვამრავლებთ 2.5-ზე და ვყოფთ 12-ზე, რაც მიახლოებით 2.46%-ს უდრის.
ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ლიმიტი ვრცელდება მხოლოდ იმ სესხის ხელშეკრულებებზე, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულია იპოთეკა. ამრიგად, საბლანკო (არაუზრუნველყოფილ) ან თუნდაც გირავნობით (მაგ. ავტომობილით, შპს-ის წილით) უზრუნველყოფილ სესხებზე კანონის ზემომითითებული მოთხოვნა არ მოქმედებს. ისიც საგულისხმოა, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილ ხელშეკრულებებში ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის მითითება სავალდებულოა.
3. ფინანსური ხარჯისა და პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობა
ნებისმიერი ტიპის 1) საკომისიოს, 2) ფინანსური ხარჯის (გარდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში გათვალისწინებული ხარჯებისა), 3) პირგასამტეხლოსა და 4) ფინანსური სანქციის (მაგ. ჯარიმის) ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ს თითოეული დღისათვის (ანუ წელიწადში დაახლოებით 98.55%-ს)! ამასთან, აღნიშნული დღიური ლიმიტის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება მსესხებლისათვის 1) ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს/ჯარიმის სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის, აგრეთვე 2) სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს (იხ. ქვემოთ, მე-4 პარ.) დაკისრება.
მაგალითი: მსესხებელი X გამსესხებელი Y-ისაგან სესხის სახით მიღებულ თანხასა და მასზე დარიცხულ პროცენტს ფარავს კონკრეტული გადახდის გრაფიკის მიხედვით, რომლის შესაბამისად, შესატანების გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველი თვის 10 რიცხვში. ვთქვათ, X-მა ფინანსური სიძნელეების გამო მაისის თვეში ვერ შეძლო სესხის დროულად მომსახურება (თავისი პერიოდული ვალდებულების შესრულება) და თანხა გადარიცხა 1 დღის დაგვიანებით. ამ შემთხვევაში, კოდექსის ზემომითითებული დანაწესიდან გამომდინარე, Y უფლებამოსილია, X-ს დააკისროს მხარეთა შორის არსებული სესხის კონტრაქტით გათვალისწინებული ვადაგადაცილების ჯარიმა არაუმეტეს 20 ლარის ოდენობით (ამასთან, ვადაგადაცილების სრულად აღმოფხვრამდე (ხანგრძლივობას მნიშვნელობა არ აქვს) აღნიშნული სანქციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ), აგრეთვე სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირის 0,27%.
სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე დარიცხული ნებისმიერი 1) საკომისიოს, 2) ფინანსური ხარჯის (მათ შორის, პროცენტისა და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში გათვალისწინებული ხარჯების), 3) პირგასამტეხლოსა და 4) ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას!5
მაგალითი: თუ მსესხებელი X დაარღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და შეწყვეტს გრაფიკით შეთანხმებული ყოველთვიური შესატანის გადახდას, ვადაგადაცილების მთელ პერიოდში სესხზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს, ჯარიმის, ა.შ. ჯამურმა მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს ვადის გადაცილების თარიღისათვის სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 150%-ს.
4. წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ზღვრული ოდენობა
დაუშვებელია სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში მსესხებლისათვის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს (პირგასამტეხლოს/ჯარიმის/ნებისმიერი ფორმის საჯარიმო სანქციის) დაკისრება, რომელიც აღემატება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2%-ს!
მაგალითი: თუ მსესხებელი X სესხს ფარავს წინსწრებით (ე.ი. შეთანხმებულ ვადაზე ადრე), გამსესხებელი Y, რომელიც აღნიშნული ქმედების გამო ვეღარ შეძლებს X-საგან დარჩენილ პერიოდზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის მიღებას, უფლებამოსილია, კონტრაგენტს სესხის ვადაზე ადრე დაფარვისათვის დააკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიო/ჯარიმა/პირგასამტეხლო არაუმეტეს მიმდინარე ნარჩენი ძირის 2%-ის ოდენობით. მითითებულ ლიმიტს ზემოთ მსესხებლისათვის იმავე საფუძვლით ნებისმიერი სახის საკომისიოს ან/და ფინანსური სანქციის დაკისრება კანონსაწინააღმდეგოა.6
აღსანიშნავია, რომ სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა (სესხის ძირითადი თანხის ნაშთი) არ მოიცავს სესხის გადავადების, რეფინანსირების ან/და რესტრუქტურიზაციის შედეგად სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნაზარდს. ამასთანავე, ვადის გადაცილების სრული აღმოფხვრა არ გულისხმობს ვადაგადაცილების აღმოფხვრას სესხის რესტრუქტურიზაციით (მაგ. დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს სესხის ძირითად თანხაში კაპიტალიზაცია და ახალი გრაფიკის შედგენა), რეფინანსირებით (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით. ე.ი. არსებული სასესხო დავალიანების დაფარვა იმავე გამსესხებლის მიერ ახალი სესხის გაცემით) ან/და გადავადებით (სესხის ხანგრძლივობის გაზრდა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსესხებელმა სრულად გადაიხადა ვადის გადაცილებისას დაკისრებული პირგასამტეხლო, ჯარიმა და სხვა ხარჯები (ასეთის არსებობისას). აქედან გამომდინარე, მსესხებლის მიერ ვადაგადაცილების დავალიანების დაფარვამდე ზემოჩამოთვლილი გზებით კანონით დადგენილი ლიმიტების გადაჭარბება დაუშვებელია.
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №194/04 ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“. ↩︎
- დოკუმენტის გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ. ↩︎
- ციტირებული დანაწესი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე. ↩︎
- საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის ლიმიტის დაანგარიშებისას სესხის ვალუტისა (აშშ დოლარი) და მსესხებლის სტატუსის (ფიზიკური პირი) გათვალისწინებით იხელმძღვანელა არა ზემომითითებული, არამედ სვეტში „უცხოური ვალუტით“/„ფიზიკურ პირებზე“ მოცემული სტატისტიკური მონაცემებით (იხ. სუსგ №ას-74-74-2018, 13/07/2018 წ, პარ. 11.3. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი), რაც, ვფიქრობთ, არ ემყარება კანონის სწორ ინტერპრეტაციას (იხ. 25/12/2013 წ. საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (დოკუმენტის ნომერი: 1864-რს) განმარტებითი ბარათი, გვ. 2-3). დღეის მდგომარეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით არსებითად არ უმსჯელია. ↩︎
- საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისათვის სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგი ოდენობის გამოანგარიშებისას გასათვალისწინებელი 625-ე მუხლის განმარტებები იხ. სებ-ის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №194/04 ბრძანებაში (სქოლიო 1). ↩︎
- ამასთან, თუ Y ფინანსური ორგანიზაციაა (მაგ. ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია), იგი ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ მე-11 მუხლის დებულებათა მიხედვით და კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს/პირგასამტეხლოს გადახდა მოითხოვოს მხოლოდ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის შესატყვისი პროცენტული ლიმიტის ფარგლებში. ↩︎
© 2025 Nexus LLC
იურიდიული კომპანია ნექსუსი
თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/
