
ბოლო დროს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად წარმოადგენს შექმნილი მდგომარეობა ფორს-მაჟორს და, შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას. ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მისი ყველა ნეგატიური ეფექტის მიუხედავად ზოგადი პასუხი აღნიშნულ კითხვაზე არ არსებობს. მიზეზი ფორს-მაჟორის სამართლებრივი ინსტიტუტის სპეციფიკურობაში მდგომარეობს.
რა საკვირველია, მკითხველისათვის აუცილებელი სულაც არ არის აღნიშნული ინსტიტუტის ძირფესვიანად შესწავლა და არც წინამდებარე სტატია ისახავს მიზნად მის სიღრმისეულ მიმოხილვას, თუმცა უპრიანია ვიცოდეთ ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც ყველაზე ხშირად გაითვალისწინება კონკრეტული მოვლენის დაუძლეველ ძალად იდენტიფიკაციისას და წესები, რომელთა დაცვაც მოითხოვება პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც პირთა შორის არსებული სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი ცენტრალური სამართლებრივი აქტია, არ შეიცავს დაუძლეველი ძალის ანუ ფორს-მაჟორის (ფრანგ. „აღმატებული ძალა“) განმარტებას. პრაქტიკაში ხელშეკრულების მხარეები როგორც წესი თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რა მიიჩნევა დაუძლეველ ძალად და როგორ უნდა იმოქმედონ მათ შესაბამისი ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში. ხშირად მხარეები თუმცა ითვალისწინებენ დაუძლეველი ძალის დადგომის ალბათობას, რასაც ასახავენ კიდეც ხელშეკრულებაში, ისინი განზრახ თუ გაუცნობიერებლად თავს იკავებენ ფორს-მაჟორის ცნების ამომწურავად განმარტებისაგან და შემოიფარგლებიან მხოლოდ გარკვეული მაგალითების მითითებით, რომლებიც ემსახურება მხოლოდ ტერმინის მნიშვნელობის უკეთ წარმოჩენას.
თვალსაჩინოებისათვის იხილეთ შემდეგი სახელშეკრულებო პირობა:
წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის დაუძლეველი ძალა ნიშნავს ისეთ შემთხვევას ან გარემოებას, რომელიც წარმოიშვა მხარის ნების გარეშე, მისი ქმედებისგან დამოუკიდებლად, რომლის განჭვრეტა შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადების დროს და რომლის კონტროლი აღემატება მხარის შესაძლებლობებს (მაგალითად, სტიქიური უბედურება, საომარი მოქმედება, სახელმწიფოს ამკრძალავი აქტი და სხვა).
სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპების თანახმად, როგორც წესი მოვალეს პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მისი ბრალით (განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით ან უმოქმედობით) არის გამოწვეული. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამომდინარე იქიდან, რომ დაუძლეველი ძალა გამორიცხავს პირის ბრალეულობას, სამოქალაქო სამართალი მოვალეს ათავისუფლებს დამდგარი ზიანის ანაზღაურებისა და ვალდებულების შეუსრულებლობის სხვა უარყოფითი შედეგებისაგან.
და მაინც, რა მიიჩნევა ან შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ფორს-მაჟორად მხარეთა შეთანხმების არარსებობის პირობებში?
ფორს-მაჟორად არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს გარემოება, რომლის წარმოშობა მოვალის ბრალეული ქმედებით ან უმოქმედობით არის განპირობებული. ხშირად ფორს-მაჟორი განიმარტება, როგორც მოულოდნელი და უჩვეულო მოვლენა, რომლის თავიდან აცილება კონკრეტულ სიტუაციაში შეუძლებელი იყო საჭირო წინდახედულობისა და გულისხმიერების გამოვლენის შემთხვევაშიც და, ამასთანავე, რომლის მოქმედების პირობებში კონკრეტული ვალდებულებ(ებ)ის შესრულება ობიექტურად აღემატება მოვალის შესაძლებელობებს. ამრიგად, მხოლოდ პირის სუბიექტური მოსაზრება, რომ ესა თუ ის მოვლენა გადაულახავია და შეუძლებელს ხდის მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას1 მხედველობაში არ მიიღება.
თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „ფორს-მაჟორი, ანუ დაუძლეველი ძალა შეუძლებელს ხდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, ამდენად, ფორს-მაჟორული სიტუაცია ნიშნავს მხარეთა დამოუკიდებლად, ობიექტურად არსებულ ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობა გამორიცხავს მოვალის ბრალს. […] დაუძლეველი ძალის შეფასების დროს მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტული სამართლებრივი [sic] ურთიერთობას თუ რამდენად შეუძლებელი იყო მხარის ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაუძლეველი ძალის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება.“ (23/07/2009 წ. განჩინება საქმეზე #ას-30-367-09). აქვე შევნიშნავთ, რომ თუმცა ციტირებული მონაკვეთი არ წარმოადგენს ფორს-მაჟორის ერთადერთ, ამომწურავ ან თუნდაც „ოფიციალურ“ განმარტებას, ის გარკვეულ წარმოდგენას მაინც გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორც ესმის ქვეყნის უზენაეს სასამართლოს ხსენებული კონცეფციის ძირითადი არსი.
ნიშანდობლივია, რომ ფორს-მაჟორის დადგომა ავტომატურად არ წარმოადგენს პირის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს. თუ შესრულება ფორს-მაჟორულ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგაც შესაძლებელია და, ამასთანავე, კრედიტორს შესრულების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, ვალდებულება, როგორც წესი, მაინც უნდა შესრულდეს. ასეთ შემთხვევაში მოვალე თავისუფლდება მხოლოდ ვალდებულების დროულად (დაუძლეველი ძალის არსებობის პერიოდში) შეუსრულებლობით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების, ჯარიმისა თუ პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობისაგან.
ამრიგად ნათელია, რომ კონკრეტული გარემოების ფორს-მაჟორად კვალიფიკაცია ისევე, როგორც მისი შესაძლო სამართლებრივი შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაზე. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად პრაქტიკულ რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ კოვიდ-კრიზისის გამო ფორსმაჟორულ მდგომარეობაში აღმოჩენისას, რათა შეძლოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება:
1. კონტექსტი გადამწყვეტია. როგორც უკვე ითქვა, ქართული სამოქალაქო სამართალი არ შეიცავს დაუძლეველი ძალის ლეგალურ დეფინიციას. შესაბამისად, ყოველგვარი აბსტრაქტული მსჯელობა ფორს-მაჟორული სიტუაციის არსებობა-არარსებობისა და მისი სამართლებრივი შედეგების შესახებ აბსოლუტურად მიუღებელი და არაკვალიფიციურია. ის, რაც ერთი პირისათვის ან პირთა გარკვეული ჯგუფისათვის სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა ფორს-მაჟორულ გარემოებად, სხვა პირისათვის შესაძლოა იმავე სასამართლოს გადაწყვეტილებით არ ჩაითვალოს ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიოდ მიზეზად! ეს პრინციპი თანაბრად ვრცელდება საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შედეგებზეც! ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ფორს-მაჟორის არსებობასა და ვალდებულების შეუსრულებლობას შორის უნდა იკვეთებოდეს აშკარა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული უნდა იყოს დაუძლეველი ძალით, რისი მტკიცების ტვირთიც, ბუნებრივია, სწორედ მას აკისრია, ვინც უთითებს ფორს-მაჟორულ სიტუაციაზე, როგორც პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველზე.
2. წაიკითხეთ კონტრაქტის პირობები. სახელშეკრულებო თავისუფლებიდან გამომდინარე, მხარეებს უფლება აქვთ კონტრაქტის მეშვეობით თავად დაარეგულირონ სამართლებრივი ურთიერთობა ერთმანეთს შორის, მათ შორის, განსაზღვრონ იმ მოვლენათა ამომწურავი წრე, რომლებიც მიიჩნევა დაუძლეველ ძალად ხელშეკრულების მიზნებისათვის. თუმცა ერთი შეხედვით არახელსაყრელი სახელშეკრულებო ჩანაწერის არსებობა ავტომატურად არ გამორიცხავს დავის თქვენ სასარგებლოდ დასრულების შესაძლებლობას, გასათვალსიწინებელია, რომ მოსამართლეები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპს და, შესაბამისად, მხარეთა შორის ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების შინაარსს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში აუცილებელია ჩახედოთ ხელშეკრულებას და გაარკვიოთ, შეიცავთ თუ არა ის აღნიშნული საკითხის სპეციალურ რეგულირებას.
3. იმოქმდეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. ეს პუნქტი პრაქტიკულად წინა, მე-2 პუნქტის გაგრძელებას წარმოადგენს. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მხარეები ხელშეკრულებით ითვალისწინებენ ფორს-მაჟორული სიტუაციის შექმნისას გარკვეული პროცედურული წესების დაცვის აუცილებლობას, რაც ხშირად დაკავშირებულია მეორე მხარისათვის შეტყობინების გაგზავნასთან დაუძლეველი ძალის დადგომისა და მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. ზოგიერთი კონტრაქტი პირდაპირ იუწყება, რომ მხარე, რომელიც თავისი ბრალით არ დაიცავს გაწერილ პროცედურას (მაგ. არ გააკეთებს ან დროულად არ გააკეთებს შეტყობინებას), ავტომატურად დაკარგავს უფლებას, მიუთითოს დაუძლეველ ძალაზე, როგორც ვალდებულებების შესრულების სრული ან ნაწილობრივი შეუძლებლობის გამო პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველზე. მსგავსი შინაარსის მქონე პირობების არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმოქმედოთ მათ შესაბამისად და შეინახოთ ყველა საჭირო საბუთი (მაგ. შეტყობინების ჩაბარების დასტური), რათა თავიდან აიცილოთ აღნიშნული მოქმედების შეუსრულებლობის შესაძლო ნეგატიური შედეგები (ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და სხვა).
4. შესაძლებლობის ფარგლებში მიიღეთ ყველა აუცილებელი ზომა ზიანის მიტიგაციისათვის. სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპის მიხედვით, მხარის უმოქმედობა მაშინ, როდესაც მას შეეძლო თავისი მოქმედებით თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა კონტრაგენტისათვის მიყენებული ზიანი შესაძლოა გახდეს მისი სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში განახორციელოთ ყველა ის საჭირო ქმედება, რაც აუცილებელია ხელშეკრულების მეორე მხარის დასაცავად ვალებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი ზიანისაგან. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ სათანადო ზომების მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვება და შენახვა.
5. რჩევისათვის მიმართეთ კვალიფიციურ იურისტს. როგორც ვხედავთ, ფორ-მაჟორი თავისი არსით მეტად კომპლექსური ინსტიტუტია, რომლის სუბსტანცია და ეფექტები ხშირად იურისტებსა და სასამართლოებს შორისაც კი იწვევს კამათსა და აზრთა სხვადასხვაობას. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი დახმარებისათვის გირჩევთ მიმართოთ მხოლოდ კვალიფიციურ იურისტს, რომელიც არსებული კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და ავტორიტეტული სამართლის დოქტრინის ურთიერთშეჯერებით შეძლებს სათანადო იურიდიული კონსულტაციის გაწევასა და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოსა თუ არბიტრაჟში თქვენი ინტერესების ჯეროვნად დაცვას.
- ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისაგან განასხვავებენ შესრულების გართულებას, რაც, განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას, შესაძლოა გახდეს შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის საფუძველი. ↩︎
სტატია პირველად გამოქვეყნდა 2020 წლის 26 მარტს
© 2025 Nexus LLC, იურიდიული კომპანია ნექსუსი
თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/
