„ფიზიკური პირის დაკრედიტების დებულება“1 2020 წლის 15 აპრილიდან ახალი რედაქციით ამოქმედდა. აღნიშნული თარიღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა დებულების მანამდე მოქმედი რედაქცია, რომელიც ძალაში 2019 წლის 01 იანვრიდან შევიდა. ცვლილებების მიღება განპირობებული იყო რეგულაციის რიგი მოთხოვნების გარკვეულწილად შერბილებისა და პრაქტიკულ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით, რაც, საბოლოო ჯამში, გადახდისუნარიანი მოსახლეობის კრედიტზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას ისახავს მიზნად.
წინამდებარე ბლოგი ეძღვნება ახალი დებულებით გათვალისწინებული დაკრედიტების პრინციპებისა და იმ ძირითადი პირობების მოკლედ მიმოხილვას, რომლებიც მას რეგულაციის ძველი რედაქციისაგან განასხვავებს.
რა მიზანს ემსახურება ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულება?
2019 წლის 01 იანვარს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა რეგულაცია, რომლის შესაბამისად სესხის გამცემ ორგანიზაციებს აეკრძალათ ფიზიკური პირების დაკრედიტება და მათგან უზრუნველყოფის საშუალების (თავდებობა, იპოთეკა) მიღება მსესხებლის, თანამსესხებლისა და უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის (საკრედიტო რისკების სათანადო შეფასების) გარეშე.
ბრძანების ამოქმედებამდე პრაქტიკაში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაცემი სესხის მოცულობის განსაზღვრისას გაითვალისწინებოდა მხოლოდ მსესხებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და წარმოდგენილი უზრუნველყოფის საშუალების სავარაუდო საბაზრო ღირებულება, პირის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვისა და გადამოწმების გარეშე ან აღნიშნული ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს.
ახალი რეგულაცია, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ფიზიკური პირების დაცვას ჭარბვალიანობისა და ვალაუვალობისაგან (მდგომარეობა, როდესაც პირს ფინანსური სირთულეების გამო აღარ შეუძლია სესხის მომსახურება) ხოლო, მეორე მხრივ, ემსახურება საფინანსო სექტორის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობას.
რას გულისხმობს პასუხისმგებლიანი დაკრედიტება?
დებულების თანახმად, სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა მსესხებელ ფიზიკურ პირებზე, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებზე სესხის გაცემისას, აგრეთვე პირისაგან უზრუნველყოფის საშუალებების მიღებისას უნდა იხელმძღვანელონ „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპით“ (responsible lending), კერძოდ, დაკრედიტება განახორციელონ მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ და კრედიტი გასცენ იმ ოდენობით, რისი გადახდის უნარიც რეალურად შესწევს მსესხებელს/უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებელს2. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირის საკრედიტო ტვირთი უნდა იყოს მისი ფინანსური პოზიციის თანაზომიერი.
აღნიშნული წესი ვრცელდება როგორც ბანკებზე, ისე მიკრობანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, საკრედიტო კავშირებზე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებსა და „სესხის გამცემ სუბიექტებზე“, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს ნებისმიერ პირს ან პირთა ჯგუფს, რომლის მიმართაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.
დებულების მე-3 მუხლი, რომელიც ზემოჩამოთვლილ სუბიექტთა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების შესაბამის ქცევის წესებს ადგენს, იუწყება, რომ გადახდისუნარიანობის ანალიზი უნდა იყოს „დეტალური“ და „სესხის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის ღირებულება აღემატება სესხის მოცულობას.“
თუ პირის დაკრედიტება მოხდა გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე (იხ. დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი და მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი), დეფოლტის შემთხვევაში კრედიტის გამცემს შეუძლია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მხოლოდ უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებით (მაგალითად, იპოთეკის საგნის რეალიზაციით ან დასაკუთრებით). მსესხებლის სხვა ქონებაზე იგი აღსრულებას ვერ მიაქცევს. გამონაკლისია გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირება, რა დროსაც შესაბამისი სახელშეკრულებო ვალდებულებები უცვლელი რჩება.
ასევე მნიშვნელოვანია დანაწესი იმის თაობაზე, რომ სესხის რეფინანსირება და რესტრუქტურიზაცია უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რეფინანსირებული/რესტრუქტურიზებული ვალდებულებების დაფარვას და არა მსესხებლის ჯამური ვალდებულებების მოცულობის გაზრდას.
რამდენია სესხის მაქსიმალური ვადა?
დებულებით სხვადასხვა ტიპის სესხებისათვის (მაგალითად, იპოთეკური, სატრანსპორტო, „ჩვეულებრივი“ სამომხმარებლო) დაწესებულია მოქმედების მაქსიმალური ხანგრძლივობა, რომელიც 4-დან 20 წლამდე მერყეობს. უფრო კონკრეტულად:
- ლარში გაცემული იპოთეკური3 სესხები – 20 წელი;
- უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხები, თუ მსესხებლის ყოველთვიური შენატანისა და იმავე ვალუტაში არსებული შემოსავლის თანაფარდობით არ ირღვევა სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტები (იხ. ქვემოთ) – 20 წელი;
- უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხები, თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხი სხვადასხვა ვალუტაშია – 10 წელი;
- სამომხმარებლო სესხები, რომლებიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით – 10 წელი;
- არასამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სატრანსპორტო სესხები – 6 წელი;
- სხვა ტიპის სამომხმარებლო სესხები – 4 წელი.
რა არის სესხის მომსახურების კოეფიციენტი?
მარტივად რომ ვთქვათ, სესხის მომსახურების კოეფიციენტით (Payment-to-income ratio, იგივე PTI კოეფიციენტი) დგინდება იმ თანხის ზედა ზღვარი, რაც მსესხებლის მიერ ყოველთვიურად მიმართული უნდა იქნეს სასესხო დავალიანების დასაფარად (ანუ თვიური შენატანის მაქსიმალური ოდენობა) და გამოანგარიშდება, როგორც სესხზე ყოველთვიური გადასახდელების შეფარდება მსესხებლის ყოველთვიურ წმინდა შემოსავლებთან.
დებულების თანახმად, სესხის გამცემ ორგანიზაციას ეკრძალება პირის დაკრედიტება ან მისგან უზრუნველყოფის საშუალების მიღება, თუ დაცული არ არის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტები, კერძოდ:
| ყოველთვიური წმინდა შემოსავალი (ლარში ან მის ეკვივალენტ უცხოურ ვალუტაში) | სესხი უცხოურ ვალუტაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემოსავალიც იმავე ვალუტაშია) | სესხი ლარში (ან უცხოურ ვალუტაში, თუ მსესხებლის შემოსავალი იმავე ვალუტაშია) |
| <1,500 | 20% | 25% |
| >=1,500 | 30% | 50% |
მაგალითად, თუ პირის ყოველთვიური წმინდა შემოსავალი 3,000 ლარია, სესხი კი ეროვნულ ვალუტაში აქვს აღებული, მას შეუძლია სესხს თვიურად „მოემსახუროს“ მაქსიმუმ 1,500 ლარის (3,000-ის 50%) ოდენობით, ხოლო თუ სესხი აშშ დოლარშია – 900 ლარის (3,000-ის 30%) ფარგლებში.
რა არის სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი?
სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტით (Loan-to-value ratio, იგივე LTV კოეფიციენტი) დგინდება გასაცემი სესხის მაქსიმალური ოდენობა მის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით (ე.ი. პირველი უკანასკნელის რამდენ პროცენტს არ უნდა აჭარბებდეს) და გამოითვლება, როგორც სესხის მოცულობის თანაფარდობა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასთან.
ფიზიკურ პირზე იპოთეკური სესხის გაცემა დასაშვებია მხოლოდ ქვემოწარმოდგენილი LTV მაჩვენებლების დაცვის პირობით. ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის მიმართ, თუ მისი ვადა 4 წელს აღემატება.
სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალური მაჩვენებელი
| ლარში გაცემული სესხისთვის | 90% |
| უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხისთვის | 70% |
მაგალითად, 100,000 ლარის საბაზრო ღირებულების მქონე უძრავი ქონების შესაძენად შეძლებთ მაქსიმუმ 90,000 ლარის (100,000-ის 90%) იპოთეკური სესხის აღებას.
რით განსხვავდება დაკრედიტების ახალი დებულება მანამდე მოქმედი რეგულაციისგან?
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ „ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ“ 2020 წლის 13 მარტის დებულებით ახლებურად განისაზღვრა სესხის მომსახურების (PTI) კოეფიციენტები, მათ შორის, კატეგორიები შემცირდა ოთხიდან ორამდე, აგრეთვე გამარტივდა მათი გამოანგარიშების წესი.
ისიც საგულისხმოა, რომ მსესხებლებისთვის, რომლებიც შემოსავალს საზღვარგარეთ იღებენ, იპოთეკური სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალური მაჩვენებელი გაიზარდა 60%-დან 70%-მდე (ამჟამად – 80%), რაც იმას ნიშნავს, რომ იმავე ღირებულების სანივთო უზრუნველყოფით (უძრავი ქონებით) უფრო მეტი ოდენობის კრედიტის გაცემაა ნებადართული.
გაიზარდა სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა, რომელიც დამოკიდებულია კრედიტის ტიპზე და 4-დან 20 წლამდე მერყეობს (ნაცვლად 15-ისა, როგორც ეს ძველ რეგულაციაში იყო).
ამასთან, დებულების მიხედვით, ყოველთვიური წმინდა შემოსავლისა და სესხის მომსახურების კოეფიციენტის გამოთვლის პროცესში სესხის გამცემ სუბიექტებს უფლება ენიჭებათ, შეიმუშაონ და გამოიყენონ ადეკვატური შიდა პოლიტიკა-პროცედურები იმ პირთა წმინდა შემოსავლის გამოთვლის მიზნებისათვის, რომლებიც შემოსავლებს არარეგულარული („ყოველთვიურისგან განსხვავებული“) პერიოდულობით იღებენ.
გარდა ამისა, თუ ფიზიკური პირის შემოსავლის დადასტურება შეუძლებელია საბანკო ანგარიშიდან სახელფასო ამონაწერით ან სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით (მაგალითად, პირი ხელფასს „ქეშის“ სახით იღებს), მისი ფინანსური ანალიზის ჩატარება დასაშვები ხდება როგორც მონაცემებზე დაფუძნებული (მაგალითად, რაოდენობრივი/სტატისტიკური) მოდელის გამოყენებით, ისევე მსესხებლის საქმიანობის სფეროსა და შემოსავლის მოცულობის დასადგენად კონკრეტული მოქმედებების (საქმიანობის ადგილზე ვიზიტი, მსესხებლის შემოსავლების მოცულობის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, ა.შ.) განხორციელებით, რაც აგრეთვე ასახული უნდა იყოს სესხის გამცემი ორგანიზაციის შესაბამის შიდა პოლიტიკა-პროცედურებში. მითითებული ორგანიზაციები, რა საკვირველია, პასუხისმგებელი რჩებიან თავიანთი პოლიტიკა-პროცედურების დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები (ფულადი ჯარიმა).
ვისზე არ ვრცელდება ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების მოთხოვნები?
სესხის მომსახურებისა (PTI) და სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტები არ გაითვალისწინება სამეწარმეო მიზნობრიობით სესხების გაცემისას, აგრეთვე იპოთეკური სესხის მიმართ, თუ მსესხებელი შემოსავალს საზღვარგარეთ იღებს და LTV კოეფიციენტის 80%-იანი ლიმიტი დაცულია ფულადი სახსრების სახით არსებული თანამონაწილეობით.
გარდა ამისა, დებულება არ ვრცელდება:
- ფიზიკურ პირზე, თუ დაკრედიტების შედეგად მისი სასესხო ვალდებულებების ჯამი 1,000,000 ლარს (ან ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) გადააჭარბებს;
- სესხის გამცემ ორგანიზაციასთან არსებული სესხის რესტრუქტურიზაციაზე, თუ ამით ვალდებულების მოცულობა არ იზრდება;
- გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემულ ისეთ სესხებზე, რომლებიც სრულადაა უზრუნველყოფილი მოძრავი ქონებით (მაგალითად, ლომბარდული სესხები);
- 2019 წლის 1 იანვრამდე სესხის გამცემ ორგანიზაციასთან არსებული სასესხო ნაშთების რეფინანსირებაზე;
- უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებელზე, თუ:
- იპოთეკით იტვირთება არასაცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონება (მაგალითად, მიწა ან კომერციული ფართი);
- იპოთეკის საგანია საცხოვრებელი უძრავი ქონება (მაგალითად, ბინა ან ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი), კრედიტი გაცემულია დებულების მოთხოვნათა შესაბამისად და უძრავი ქონების მესაკუთრის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში სულ მცირე კიდევ ერთი საცხოვრებელი უძრავი ქონება ირიცხება;
- ფიზიკურ პირზე, რომელიც სესხის გაცემამდე იმ უძრავი ქონების მესაკუთრე იყო, რომლის შეძენის მიზნობრიობითაც ხდება მისი დაკრედიტება;
- სტუდენტურ სესხებზე, გარკვეული წინაპირობების არსებობისას.
დებულებით ასევე დადგენილია სხვა გამონაკლისები, რომლებიც წინამდებარე სტატიაში განხილული არ არის.
ამ და სხვა საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანების ტექსტს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე ან ეწვიოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებსაიტს მისამართზე https://www.nbg.gov.ge/.
- დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. ↩︎
- იგულისხმება სხვის სახელზე გაცემული კრედიტის სანივთო (იპოთეკა) ან ვალდებულებითი (თავდებობა) უზრუნველყოფა. ↩︎
- ე.ი. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომელიც გაიცა უძრავი ქონების შეძენა/მშენებლობა/რემონტის მიზნობრიობით. ↩︎
© 2025 Nexus LLC
იურიდიული კომპანია ნექსუსი
თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/
