დაგროვებითი პენსია: ვინ და როგორ მართავს თქვენს საპენსიო აქტივებს?

2019 წლის 1 იანვრიდან, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: კანონი) საფუძველზე ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. აღნიშნული სისტემის ფარგლებში აკუმულირებული ფინანსური რესურსის[1] მართვის უფლებამოსილება სსიპ საპენსიო სააგენტოს მიენიჭა. თუმცა საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილია საპენსიო სქემაში მონაწილეობის ზოგადი წესები და პირობები, კერძოდ, ვისთვის არის სავალდებულო მონაწილეობა, რა პრინციპითა და მოცულობით ხორციელდება საპენსიო შენატანების დაფინანსება, ა.შ., მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს საკმარის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად მიემართება მათი კუთვნილი ქონება შენატანების განხორციელების შემდეგ. წინამდებარე ბლოგში ვეცდებით, პასუხი გავცეთ ამ კითხვას და მკითხველს გავაცნოთ ის ძირითადი დებულებები, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით.         

დასაწყისში უნდა აღინიშნოს, რომ საპენსიო სქემის განხორციელებასა და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს სსიპ საპენსიო სააგენტო. საპენსიო აქტივების კეთილსაიმედო ინვესტირების მიზნით სააგენტოში შეიქმნა საინვესტიციო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო პოლიტიკას და ამ მიზნით შეიმუშავებს „საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს“. ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებაზე, შეფასებასა და მართვაზე პასუხისმგებელია მთავარი რისკის ოფიცერი/რისკის კონტროლის სამსახური. სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობისა და გადაწყვეტილებების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. საპენსიო აქტივები სამართავად შეიძლება გადაეცეს ერთ ან მეტ სპეციალიზებულ აქტივების მმართველ კომპანიას, რომლებსაც საინვესტიციო საბჭო შეარჩევს კონკურსის წესით. საპენსიო აქტივების აღრიცხვასა და შენახვას უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარი.

კანონის თანახმად, საპენსიო აქტივების (მონაწილეთა საპენსიო ანგარიშებზე აღრიცხული აქტივების) ინვესტირება ხორციელდება მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებისა და „კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების“ შესაბამისად, რაც გულისხმობს რეალური საინვესტიციო მოგების (პროცენტის სახით მიღებული ამონაგების) მაქსიმიზაციას, ინვესტიციების დივერსიფიცირებას, ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციასა და ლიკვიდურობის შენარჩუნებას.

კანონი ითვალისწინებს სამი სახის საინვესტიციო პორტფელს, რომლებშიც დასაშვებია მონაწილის სახსრების დაბანდება: დაბალრისკიანი (კანონში – „ნაკლებად რისკიანი“) საინვესტიციო პორტფელი, საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი. დასახელებული პორტფელები ერთმანეთისაგან განსხვავდება რისკიანობითა და მოსალოდნელი შემოსავლიანობით (რაც უფრო მაღალია რისკი, მით უფრო მეტია პორტფელზე მოსალოდნელი უკუგება (საპროცენტო განაკვეთი)). ამასთან, კანონის თანახმად, თითოეული მათგანის კომპოზიცია (აქტივთა კლასების მიხედვით) უნდა აკმაყოფილებდეს ქვემომითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს (ლიმიტებს): 

1. დაბალრისკიანი პორტფელი:

ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მაგ. სადეპოზიტო სერტიფიკატები, ვადიანი დეპოზიტები) − 75%-მდე;

ბ) სასესხო ფასიანი ქაღალდები (მაგ. სამთავრობო და კორპორაციული ობლიგაციები) − 100%-მდე;

გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები (მაგ. ჩვეულებრივი აქციები) − 20%-მდე;

2. საშუალორისკიანი პორტფელი:

ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები − 50%-მდე;

ბ) სასესხო ფასიანი ქაღალდები − 75%-მდე;

გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20-40%-მდე;

დ) სხვა აქტივები − 10%-მდე;

3. მაღალრისკიანი პორტფელი:

ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები − 25%-მდე;

ბ) სასესხო ფასიანი ქაღალდები − 50%-მდე;

გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 40-60%-მდე;

დ) სხვა აქტივები − 10%-მდე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი შეზღუდვებია დაწესებული ინვესტიციების უცხოური ვალუტით დენომინირებულ ინსტრუმენტებში განთავსებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს: დაბალრისკიანი პორტფელის 20%-ს, საშუალორისკიანი პორტფელის 40%-ს, მაღალრისკიან პორტფელში 60%-ს.  

კანონის ამოქმედებიდან (06/08/2018 წ.) პირველი 5 წლის მანძილზე მონაწილეთა საპენსიო აქტივები განთავსდება მხოლოდ დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში[2], ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სასურველი პორტფელის არჩევის უფლება ექნება მონაწილეს, რომელიც საკუთარი რისკ-ტოლერანტობის გათვალისწინებით განსაზღვრავს დაბანდების ყველაზე ოპტიმალურ ფორმას და აღნიშნულ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი ფორმით აცნობებს სააგენტოს სქემაში გაწევრებიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, თუ სქემის მონაწილე არ მიიღებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, მასზე ავტომატურად გავრცელდება კანონის ზოგადი ნორმები, რომელთა შესაბამისად, 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მაღალრისკიან პორტფელში, 40-დან 50 წლამდე მონაწილის აქტივებისა − საშუალორისკიან პორტფელში, ხოლო 50 ან მეტი წლის მონაწილის აქტივების − დაბალრისკიან პორტფელში. 2021 წლის 1 იანვრიდან ზოგიერთი კატეგორიის მონაწილეებს (იხ. 29.1-2 მუხლი), შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, აგრეთვე მიეცემათ აქტივების მმართველი კომპანიის არჩევის უფლება. ამასთან, შესაძლებელი იქნება როგორც არჩეული ინვესტირების ფორმის, ისე აქტივების მმართველი კომპანიის შეცვლა, თუმცა არანაკლებ 1-წლიანი პერიოდულობით.

საინვესტიციო სტრატეგია და პრინციპები, რომელთა შესაბამისად  უნდა განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება და, ზოგადად, მათ მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება განისაზღვრება საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით. კანონის მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტი უნდა გადაისინჯოს სულ მცირე წელიწადში ერთხელ და აუცილებლობის შემთხვევაში, შექმნილი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე (მაგ. საფინანსო ბაზრებზე არასახარბიელო ტენდენციების არსებობისას) განხილულ იქნეს მასში სათანადო ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობა. ნიშანდობლივია, რომ დღეის მდგომარეობით საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი (დროებითი რედაქცია) დამტკიცებულია მხოლოდ ფულადი სახსრებისა და მასთან გათანაბრებული ფინანსური ინსტრუმენტებისათვის, ხოლო სხვა კლასის ინსტრუმენტებისათვის შემუშავებული დოკუმენტის პროექტი განხილვის პროცესშია.[3]     

საინვესტიციო ჰორიზონტი (Investment Horizon) ესაა დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც იგეგმება ინვესტიციის განთავსება კონკრეტული კლასის აქტივებში ან საინვესტიციო პორტფელში. ზოგადად, მისი ხანგრძლივობა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დამოკიდებულია ინვესტორის საინვესტიციო მიზნებსა და რისკებისადმი ტოლერანტობაზე: რაც უფრო მცირეა ვადა, მით უფრო ნაკლებად რისკიანია პორტფელი.  კანონის მიხედვით, თითოეული ტიპის პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს განსაზღვრავს საინვესტიციო საბჭო კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგი პრინციპების დაცვით: დაბალრისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი არ უნდა იყოს 5 წელზე ნაკლები, საშუალორისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს დაბალრისკიანი პორტფელის ჰორიზონტს, ხოლო მაღალრისკიანი საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს საშუალორისკიანი პორტფელის ჰორიზონტს.    

საპენსიო აქტივების დაბანდება დასაშვებია მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. კანონი განსაზღვრავს იმ უცხოური და ეროვნული ვალუტით დენომინირებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჩამონათვალს, რომლებშიც შეიძლება განხორციელდეს ინვესტირება. კერძოდ, ასეთ ინსტრუმენტებს მიეკუთვნება: ფულადი სახსრები (მ.შ. საბანკო ანგარიშები, თუ შესაბამისი ბანკის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და მისი ლიცენზია ძალაშია), სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ადგილობრივი მთავრობის მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სასესხო ფასიანი ქაღალდები, კორპორაციული ბონდები, რომლებიც განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით, საწარმოთა აქციები და გლობალური დეპოზიტარული ხელწერილები (GDR), რომლებიც განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და რომლებით ვაჭრობაც ხორციელდება საფონდო ბირჟაზე, ღია საფონდო ინსტრუმენტები (open-end funds/mutual funds) და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა ფინანსური ინსტრუმენტები. ნებისმიერი ზემომითითებული ინსტრუმენტისთვის ან/და ემიტენტისთვის მინიმალურ დასაშვებ რეიტინგსა და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოთხოვნებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

საპენსიო აქტივების ინვესტირება იკრძალება:

ა) აქტივებში, რომელთა გასხვისებაც კანონით დაუშვებელია;

ბ) ფინანსურ დერივატივებში: ოფციონები, ფიუჩერსული და ფორვარდული ხელშეკრულებები, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;

გ) უძრავ ქონებაში ან სხვა ფიზიკურ (მატერიალურ) აქტივებში;

დ) აქტივების მმართველი კომპანიის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, საინვესტიციო საბჭოს წევრის ან მასთან აფილირებული პირის ნებისმიერ ქონებაში;

ე) აქტივების მმართველი კომპანიის ან მასთან აფილირებული პირის ფასიან ქაღალდებში;

ვ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ინსტრუმენტებში.

ამასთან, დაუშვებელია აქტივების 15%-ზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის ფასიან ქაღალდებში, გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა (06/08/2023 წლიდან ინვესტირების ლიმიტი შემცირდება 5%-მდე), აგრეთვე ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის ფლობა (გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა).  

ისიც საგულისხმოა, რომ კანონი კრძალავს საპენსიო აქტივების გასხვისებას აქტივების მმართველ კომპანიაზე, რომელიც მომსახურებას უწევს ამ საპენსიო აქტივებს; სამეთვალყურეო საბჭოს წევრზე; საინვესტიციო საბჭოს წევრზე ან ნებისმიერ მათგანთან აფილირებულ პირზე.


[1] დღეის მდგომარეობით საპენსიო ფონდის მოცულობა მიახლოებით 800 მლნ. ლარს შეადგენს. https://www.pensions.ge/ (ბოლო გამოხმობა: 27.05.20).

[2] სააგენტოს ოფიციალური განცხადებით, დღემდე თანხების ინვესტირება განხორციელდა მხოლოდ ადგილობრივი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებზე. https://www.pensions.ge/public-information/news/statement-by-the-investment-board-of-the-pension-agency-on-the-start-of-the-investment-process (ბოლო გამოხმობა: 27.05.20); https://www.pensions.ge/public-information/news/the-pension-agency-has-started-the-investment-process (ბოლო გამოხმობა: 27.05.20).   

[3] https://www.pensions.ge/public-information/news/8th-session-of-the-investment-board-of-the-pension-agency-was-held (ბოლო გამოხმობა: 27.05.20); https://www.pensions.ge/public-information/news/statement-by-the-investment-board-of-the-pension-agency-on-the-start-of-the-investment-process (ბოლო გამოხმობა: 27.05.20).

თქვენთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/

©NEXUS

იურიდიული კომპანია „ნექსუსი“

დატოვე კომენტარი