რა სიახლეებს გვთავაზობს გადახდისუუნარობის ახალი კანონი?

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების გადახდისუუნარობის საკითხებს არეგულირებს, არაერთხელ (და სრულიად სამართლიანად) გამხდარა მწვავე განხილვისა და კრიტიკის საგანი – კანონი აშკარად მოძველებული და არარელევანტურია; გადახდისუუნარობის სისტემის სამართლებრივი და ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროა მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. თანამედროვე დასავლურ მოდელებზე დაფუძნებული ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების გრძელი და შრომატევადი პროცესი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტის მიღებით დაგვირგვინდა, რომელიც ამჟამად საპარლამენტო განხილვის დაწყების მოლოდინშია.

წინამდებარე სტატიაში გვსურს ვისაუბროთ იმ ძირითად ცვლილებებსა და სიახლეებზე, რომლებსაც ითვალისწინებს კანონპროექტის არსებული რედაქცია და ამით გარკვეულწილად პასუხი გავცეთ კითხვას, თუ რას შეიძლება ველოდოთ გადახდისუუნარობის სისტემის დაგეგმილი ძირეული რეფორმისაგან.   

დასაწყისში უნდა აღინიშნოს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი ცალსახად ორიენტირებულია რეაბილიტაციის გზით მოვალე საწარმოს/ბიზნესის არსებობის შენარჩუნებაზე, რასაც აბსოლუტური უპირატესობა ენიჭება გაკოტრების რეჟიმთან შედარებით. აღნიშნულის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს დანაწესი იმის შესახებ, რომ რამდენიმე განცხადების არსებობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია პირველ რიგში განიხილოს ის განცხადება, რითაც რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყებაა მოთხოვნილი და მხოლოდ მისი დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში გადავიდეს გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ თუნდაც უფრო ადრე წარმოდგენილი და დასაშვებად ცნობილი განცხადების განხილვაზე.

კანონპროექტის მეორე, თანაბრად მნიშვნელოვანი ფუძემდებლური პრინციპი მდგომარეობს კრედიტორთა კოლექტიურ (და არა ცალკეული, ინდივიდუალური კრედიტორების) დაკმაყოფილებაში, რაც მრავალი განვითარებული ქვეყნის გადახდისუუნარობის მარეგულირებელი კანონმდებლობს ფუნდამენტს წარმოადგენს და, ამრიგად, სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებასთან.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტით შემოთავაზებულ სიახლეებს შორის განსაკუთრებით თვალშისაცემია ისეთი ცნებებისა და ინსტიტუტების შემოღება, როგორიცაა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, რეაბილიტაციის ზედამხედველი, რეგულირებული შეთანხმება,  სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალე და ა.შ.

კანონპროექტის თანახმად, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ავტორიზებულ პირი, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს რეაბილიტაციის (გაკოტრების) მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ფუნქციები. ამრიგად, დაუშვებელია პირი დაინიშნოს, მაგალითად, რეაბილიტაციის მმართველად, თუ ის იმავდროულად არ ფლობს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციას.

რაც შეეხება რეგულირებულ შეთანხმებას, ის წარმოადგენს სასამართლოს გარეთ კრედიტორებსა და მოვალეს შორის მიღწეულ კომპრომისს, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება მოვალის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებით კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას. ამრიგად, ხსენებული მექანიზმი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორებისთვის ნათელია, რომ მოვალის გაკოტრებითა და ლიკვიდაციით იმაზე ნაკლები სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე მისი საქმიანობის გაგრძელებით და, ამასთანავე, არ არსებობს საქმის სასამართლო წესით გადაწყვეტის საჭიროება. რეგულირებული შეთანხმების დადება და შესრულება დასაშვებია მხოლოდ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მონაწილეობით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი გადახდისუუნარობის საქმისწარმოებაში უაღრესად დიდ როლს აკისრებს საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება კრედიტორთა მოთხოვნების წარდგენა, კრების მოწვევა, სასამართლო განჩინებების, კრედიტორთა კრების, კომიტეტის, მმართველებისა და სხვა სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ოქმებისა და სხვა ტიპის დოკუმენტების ოფიციალურად გამოქვეყნება და შესაბამისი ადრესატისთვის ჩაბარება (ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნების მომენტიდან).

ნიშანდობლივია, რომ კანონპროექტი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობისას პრეზუმირებულია მოვალის გადახდისუუნარობა (მაგალითად, როდესაც მისი მთლიანი ვალდებულებების ჯამი აღემატება მთლიანი აქტივების ჯამს). პროექტით შემოთავაზებული ნოვაციაა ისიც, რომ სასამართლოსათვის გადახდისუუნარობის (რეაბილიტაციის რეჟიმის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის) თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება ენიჭება როგორც თავად მოვალესა და მის კრედიტორს, ისე რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს, რეაბილიტაციის მმართველსა და გაკოტრების მმართველს (ამ ორ უკანასკნელ შემთხვევაში მხოლოდ შესაბამისი რეჟიმის კონვერსიის მოთხოვნით). ამასთან, როდესაც გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ინიციატორი კრედიტორია, კანონპროექტი, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, ითვალისწინებს კრედიტორის მხრიდან მოვალისათვის გადახდისუუნარობის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ჩაბარების, ხოლო მოვალის მიერ მათთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციისა და პოზიციის სასამართლოსათვის წარდგენის სავალდებულოობას.

რაც შეეხება განცხადების დაუშვებლად ცნობის საფუძვლებს, სასამართლო ვალდებულია უარი თქვს განცხადების დასაშვებად ცნობაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს კანონის ფორმალურ მოთხოვნებს და ხარვეზი დროულად არ იქნება გამოსწორებული; თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოვალე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს თავის მიერ მოთხოვნილი გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში საპროცესო ხარჯების დაფარვას; ან თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოვალე რეალურად არ არის გადახდისუუნარო ან არ იმყოფება მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა წარმოადგენს გადახდისუუნარობის მასის (რასაც მოქმედი კანონით „სამეურვეო ქონება“ ეწოდება) მიმართ მორატორიუმის ამოქმედების წინაპირობას. მორატორიუმი ემსახურება გადახდისუუნარობის მასის სტატუს კვოს შენარჩუნებას და კანონპროექტი ამომწურავად განსაზღვრავს მორატორიუმის ღონისძიებათა ჩამონათვალს, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია მოვალის ქონების დასაცავად გამოიყენოს დამატებითი ღონისძიებებიც.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტის თანახმად, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება/აღიარებასა და კრედიტორთა რეესტრის შედგენას უზრუნველყოფს არა სასამართლო, არამედ მმართველი (რეაბილიტაციის ზედამხედველი), რაც ამ პროცედურის მოქნილობასა და გაჭიანურების თავიდან არიდებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, მისასალმებელია ჩანაწერი, რომელიც კრძალავს მმართველის მიერ ისეთი პირგასამტეხლოსა და ვადამოუსვლელი პროცენტის აღიარებას (რეესტრში შეტანას), რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება დავალიანების ძირითადი თანხის 10%-ს. ასევე აღსანიშნავია, რომ საკითხს კრედიტორისათვის კრებაზე ხმის უფლების მინიჭების შესახებ (მათ შორის, როდესაც სადავოა კრედიტორის მოთხოვნა ან მისი მოცულობა) წყვეტს სასამართლო რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნიდან 30 დღის ვადაში.

ახლებურადაა მოწესრიგებული სამეურვეო ქონებასთან („გადახდისუუნარობის მასა“) დაკავშირებული საკითხებიც: პირველი არსებითი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ გადახდისუუნარობის მასაში არ შედის პირობადებული საკუთრების ობიექტი და ლიზინგის საგანი, რომლის შესყიდვის უფლებაც აქვს მოვალეს. ამასთანავე, განსაკუთრებით მისასალმებელი და პროგრესულია კანონპროექტის დებულებები გადახდისუუნარობის მასიდან ცალკეული ნივთების ამორიცხვის (გამოცალკევების) შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნული ეხება ქონებას, რომელიც ორმხრივი სახელშეკრულებო ვალდებულების არსებითად შესრულების გამო საკუთრებაში უნდა გადაეცეს მესამე პირს. გარდა ამისა, ანალოგიური გამონაკლისია დაწესებული ისეთ ნივთებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართ პრაქტიკულად დასრულებულია სააღსრულებო წარმოება და სახეზეა უფლებამოსილ პირის საკუთრებაში მათი გადაცემის ყველა სამართლებრივი წინაპირობა. თუმცა აქვე საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ცალკეული ქონების გადახდისუუნარობის მასიდან გამოყოფა ნეგატიურად აისახება მოვალის რეაბილიტაციის რეჟიმზე, მმართველს უფლება აქვს, არ დააკმაყოფილოს დაინტერესებული პირის მიმართვა ქონების გამოყოფაზე, თუ მოვალის რეაბილიტაციის შედეგად გარანტირებულია ასეთი პირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

გარდა ამისა, რეაბილიტაციის რეჟიმის მიმდინარეობისას კრედიტორს, რომლის მოთხოვნა გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ცალკეული ნივთ(ებ)ით არის უზრუნველყოფილი (იპოთეკარები, მოგირავნეები) შეუძლია სასამართლოს მიმართოს უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულ ქონებაზე მორატორიუმის გაუქმების შუამდგომლობით. სასამართლო დააკმაყოფილებს აღნიშნულ შუამდგომლობას მხოლოდ მაშინ, თუ დარწმუნდება, რომ ამით არ შეილახება კრედიტორთა კოლექტიური და თანაბარზომიერი დაკმაყოფილების პრინციპი და მოთხოვნილი ქონება აუცილებელი არაა რეაბილიტაციის მიზნებისათვის. ხსენებული კრედიტორები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ ასევე გაკოტრების რეჟიმში, კერძოდ, მათ უნარჩუნდებათ უფლება, რომ პირველ რიგში დაკმაყოფილდნენ იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამოღებული თანხებით, ხოლო ერთ ნივთზე რამდენიმე სანივთო უზრუნველყოფის საშუალების არსებობისას, პრიორიტეტი განისაზღვრება ზოგადი წესების (რეესტრში მოცემული რიგითობის) შესაბამისად.

რაც შეეხება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას, კანონპროექტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება გაქვითვის უფლებაზე გავლენას არ ახდენს, თუ კრედიტორს მისი რეალიზება გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გახსნის დროს უკვე შეეძლო, ხოლო განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ წარმოშობილი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მმართველის (ან, ზედამხედველის თანხმობით, მართვაში მყოფი მოვალის) მიერ.

ისიც საინტერესოა, რომ კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების (რასაც კანონპროექტში „საცილო ქმედებები“ ეწოდება) შეცილებაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ მხოლოდ მმართველები (ხოლო თუ მოვალე მართვაში რჩება – რეაბილიტაციის ზედამხედველი) და არა კრედიტორები, როგორც ეს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მოქმედ კანონშია. ასევე ფართოვდება შეცილებას დაქვემდებარებული ქმედებების ცნება, კერძოდ, ის მოიცავს არა მხოლოდ გარიგებებს (ხელშეკრულებებს), არამედ რეალურ აქტებსა და სხვა ტიპის ქმედებებს.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტის მიხედვით, მოვალის რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე და ამავე გადაწყვეტილებით ნიშნავს რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველს. ამასთან, მმართველის (ისევე, როგორც რეაბილიტაციის ზედამხედველისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის) შერჩევა ხდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მიერ, საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპით. სასამართლო ცალკეულ შემთხვევებში ასევე უფლებამოსილია, რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის ნაცვლად მართვაში დატოვოს კეთილსინდისიერი მოვალე ამ უკანასკნელისათვის რეაბილიტაციის ზედამხედველის დანიშვნის პირობით. ეს მაშინ ხდება, როდესაც მოვალის გულისხმიერების, ცოდნის, გამოცდილებისა და კრედიტორების ინტერესების გათვალისწინებით სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ მოვალის მართვაში დატოვება საუკეთესო გზაა რეაბილიტაციის რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელებისათვის.

როგორც ეს სტატიის დასაწყისში ითქვა, გადახდისუუნარობის ახალი კანონის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, რეაბილიტაციას აშკარა პრიორიტეტი ენიჭება გაკოტრებასთან შედარებით. თუმცა მხოლოდ აღნიშნული უპირატესობის საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირება არ არის რეაბილიტაციის რეჟიმთან დაკავშირებით კანონპროექტის ერთადერთი სიახლე. ასევე საგულისხმოა, რომ მოდიფიკაცია განიცადა თავად რეაბილიტაციის ცნებამ, რომელიც, პროექტის მიხედვით, მოიცავს არა მხოლოდ მოვალის, როგორც იურიდიული პირის (სამართალსუბიექტის), გადარჩენისკენ მიმართულ ღონისძიებებს, არამედ აგრეთვე მოვალის ბიზნესის შენარჩუნებას ამ უკანასკნელის მოვალე სუბიექტისაგან (კომპანიისგან) გამოცალკევებითა და მოვალის შემდგომი ლიკვიდაციით. ხსენებული მექანიზმის მოქნილება გაცილებით უკეთ უზრუნველყოფს კრედიტორთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო მოვალე სუბიექტის გადარჩენა ობიექტურად შეუძლებელი ან არამიზანშეწონილია.

რეაბილიტაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კვლავაც კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაში მდგომარეობს, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, თითოეული კრედიტორი უნდა დაკმაყოფილდეს მინიმუმ იმ ოდენობით, რასაც იგი მოვალის იმთავითვე გაკოტრების შედეგად მიიღებდა. ამასთან, აუცილებელი წინაპირობაა, რომ რეაბილიტაციის გეგმის რეალიზება შედეგობრივი თვალსაზრისით კრედიტორთა უმრავლესობისათვის გაკოტრების რეჟიმზე მომგებიანი იყოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს მოვალის მართვაში დატოვებისა (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ) და გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლის (კონვერსიის) შესაძლებლობა. რაც შეეხება რეაბილიტაციის კრედიტორთა დაკმაყოფილებას, დასაშვებია აღნიშნულის განხორციელება როგორც ფულადი, ისე არაფულადი ფორმით, მაგალითად, მოვალე საწარმოს წილების გადაცემით ან ხსენებულ საწარმოში დასაქმებით.      

გარდა ზემოხსენებულისა, განსაკუთრებით მისასალმებელია შემოთავაზებული ცვლილებები გაკოტრების რეჟიმში გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციის მეთოდთან დაკავშირებით. კერძოდ, გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია, მოვალის ქონების რეალიზაცია განახორციელოს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, იგი აღარაა ვალდებული ქონების გასხვისება მოახდინოს მხოლოდ აუქციონის გზით, ერთიანი კომპლექსის სახით, არამედ გადახდისუუნარობის მასიდან მაქსიმალური ამონაგების (შემოსავლის) მიღების მიზნით არჩევანი უნდა გააკეთოს რეალიზაციის ყველაზე მომგებიან ფორმაზე, იქნება ეს ქონების გასხვისება ერთიანი კომპლექსის სახით, ნაწილ-ნაწილ თუ მოქმედი ბიზნესის სახით (ამასთან, თუ მოვალე წარმოადგენს „სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე“ პირს, რომლის საქმიანობის შეჩერება არსებით ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, ქონების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმგვარი ფორმით, რომ შენარჩუნელ იქნეს მისი საქმიანობის უწყვეტობა). თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გაკოტრების მმართველის მიერ ერთპიროვნულად ხდება, ნებისმიერ კრედიტორს აქვს უფლება, შესთავაზოს მას რეალიზაციის ის მეთოდი, რაც კრედიტორის აზრით მოცემულ სიტუაციაში ყველაზე ადეკვატურია.

კიდევ ერთი სიახლე, რაც „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტით არის გათვალისწინებული, მდგომარეობს იმაში, რომ გაკოტრების საქმისწარმოების დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება (ასეთის არსებობისას) ნაწილდება მოვალის პარტნიორებს შორის, მათი წილის პროპორციულად და, ამრიგად, აღარ გადაეცემა სახელმწიფოს. ამასთანავე, მოქმედი კანონისგან განსხვავებით, კანონპროექტი ითვალისწინებს გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციის რეჟიმში კონვერსიის შესაძლებლობას.

გარდა ამისა, კანონპროექტში ცალკე თავი ეძღვნება საერთაშორისო გადახდისუუნარობას, სადაც მოქმედ კანონთან შედარებით გაცილებით დეტალურადაა მოწესრიგებული საზღვარგარეთ გახსნილ გადახდისუუნარობის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

რაც შეეხება პროცესის ხარჯებს, გადახდისუუნარობის განცხადებაზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს გადახდისუუნარობის მასის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 500 და არაუმეტეს 10,000 ლარისა. ამასთან, თუ განმცხადებელი კრედიტორია, იგი ბაჟის სახით იხდის მოთხოვნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5,000 ლარისა ფიზიკური პირისთვის და არაუმეტეს 10,000 ლარისა იურიდიული პირისთვის, ხოლო განმცხადებელი მოვალე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან (ბაჟი გადაიხდება მოვალის ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან). 

დაბოლოს, კანონპროექტის გარდამავალ და დასკვნით დებულებებში ვკითხულობთ, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამდე დაწყებული წარმოებების გაგრძელება და დასრულება განხორციელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მოქმედი კანონის შესაბამისად, რომელიც ახალი კანონის სრულად ამოქმედებისთანავე დაკარგავს ძალას.

შეგახსენებთ, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის ამოქმედება 2020 წლის 01 ივნისიდან იგეგმებოდა.  

კანონპროექტის ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

© 2025 Nexus LLC

იურიდიული კომპანია ნექსუსი

სხვა საკანონმდებლო ცვლილებები და სიახლეები იხ. ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/