ქართული სამოქალაქო სამართლის ფუძემდებლური პრინციპის თანახმად, რომელიც ხშირად ლათინური ბროკარდით „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) მოიხსენიება, მხარეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. თუმცა არსებობს გამონაკლისი სიტუაციები, რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განუხრელად დაცვას შეუძლებელს ან არაგონივრულს ხდის. წინა პოსტებში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შემთხვევებზე, როდესაც ვალდებული მხარე შეიძლება კანონის ძალით დროებით ან მუდმივად განთავისუფლდეს თავისი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისაგან, როდესაც ადგილი აქვს შესრულების შეუძლებლობას (დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი)) ან მოითხოვოს ხელშეკრულების მოდიფიკაცია და მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი, როდესაც სახეზეა ხელშეკრულების დადების საფუძვლის ისეთი ცვლილება, რომ ვალდებულ მხარეს სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების გათვალისწინებით არ შეიძლება მოეთხოვოს ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით ნაკისრი უწინდელი პირობებით. ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი სიტუაცია ავტომატურად არ წარმოადგენს არც ფორს-მაჟორს და არც შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების სამართლებრივ საფუძველს. ამრიგად, ბლანკეტური პასუხი კითხვაზე, დაეკისრება თუ არა პირს სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ვალდებულების დარღვევისათვის არ არსებობს. ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკურობისა და თავისებურებების გათვალისწინება და შეფასება საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე.
წინამდებარე პოსტით, ვაგრძელებთ რა კორონავირუსთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრობლემებზე მსჯელობას, გვსურს მოკლედ მიმოვიხილოთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გათვალისწინება, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება მათთვის, ვისთვისაც კორონა-პანდემიის პირობებში სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება შეუძლებელი ან გაძნელებულია:
1) პირველ რიგში მიზანშეწონილია წაიკითხოთ შესაბამისი ხელშეკრულება (ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი) და გადაამოწმოთ, ხომ არ შეიცავს ის მოვლენათა მიმდინარე სცენარით განვითარების შემთხვევაში (პანდემიის/ეპიდემიის/დაავადების გავრცელება, სახელმწიფოს ამკრძალავი აქტი, კარანტინი ან უფრო ზოგადად – ისეთი გარემოების დადგომა, რაც შეუძლებელს ხდის ან ართულებს ვალდებულების შესრულებას) მხარეთა უფლება-მოვალეობების სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას (მაგ. რომელი მხარის რისკის სფეროში ექცევა შესაბამისი მოვლენა, იძლევა თუ არა მხარე ვალდებულების შესრულების გარანტიას, ა.შ.). აღნიშნულის არსებობისას აუცილებელია იმოქმედოთ სახელშეკრულებო დებულებების შესაბამისად, რომელთაც, როგორც წესი (თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მაგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 348-ე მუხლის ბ პუნქტი, რომელიც კანონთან შეუსაბამო სტანდარტულ პირობებს ბათილად აცხადებს), აბსოლუტური უპირატესობა ენიჭება კანონის ზოგად ნორმებთან შედარებით. ამ მხრივ კანონმდებლის მიდგომა დისპოზიციურია.
2) თუ ხელშეკრულება საკითხის სპეციალურ რეგულირებას არ შეიცავს, საჭიროა დადგინდეს, შექმნილი ვითარება შესრულებას შეუძლებელს ხდის (მაგ. მთავრობის დადგენილება კრძალავს შესაბამის საქმიანობას. ე.წ. იურიდიული შეუძლებლობა), თუ უკიდურესად ართულებს (მაგ. ეკონომიკური შეუძლებლობა, როდესაც ვითარება ისე კარდინალურადაა შეცვლილი, რომ ეკონომიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით ვალდებულების დათქმული პირობებით შესრულების მოთხოვნა არაპროპორციულად და გაუმართლებლად ხელყოფს მოვალის ინტერესებს). აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ეს სტატიის დასაწყისში ითქვა, პირის ვალდებულებისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ ექსტრაორდინალურ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. ამრიგად, ზოგადი წესის თანახმად, მოვალე ყოველთვის ვალდებულია, გონივრულობის ფარგლებში (მათ შორის, დამატებითი ხარჯების გაწევით) მიიღოს ყველა სათანადო ზომა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და გამონახოს ვალდებულების შესრულების ალტერნატიული გზები მაშინაც კი, როდესაც ეს მისთვის ეკონომიკურად არამომგებიანია. ასეთ დროს ივარაუდება, რომ კრედიტორის ინტერესი შესრულებისადმი გადაწონის მოვალის მიერ შესრულების გართულებით განცდილ ჩვეულებრივ მატერიალურ დანაკარგს. ამასთან, არ დაგავიწყდეთ აღნიშნულ ქმედებათა განხორციელების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვება და შენახვა, რათა დავის შემთხვევაში შეძლოთ თქვენი კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და კრედიტორის მოთხოვნებისაგან თავის დაცვა.
3) შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს, თუ როგორი ტიპის შეუძლებლობას აქვს ადგილი (დროებითი, აბსოლუტური) და, ამის შესაბამისად გადაწყდეს, შექმნილი სიტუაცია მიზანშეწონილს ხდის კონტრაქტის მოქმედების შეჩერებას, თუ მის მოშლას (გასვლა, შეწყვეტა). აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა დაკავშირებულია მთელ რიგი ფაქტორების გაანალიზებასა და დაბალანსებასთან, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია ვალდებულების შინაარსი, შექმნილი დაბრკოლების (შემაფერხებელი გარემოების) ხანგრძლივობა და ეფექტები ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე, ამასთანავე, ხელშეკრულების ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით აუცილებელია დადგინდეს, დაბრკოლების აღმოფხვრის შემდეგ შეიძლება თუ არა კრედიტორს შენარჩუნებული ჰქონდეს იურიდიული ინტერესი შესრულების მიმართ და ა.შ.
4) თუ შესრულება ფაქტობრივად შესაძლებელია, თუმცა უკიდურესადაა გართულებული, მოვალეს შეუძლია იმოქმედოს სსკ-ის 398-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ ხელშეკრულების მოდიფიკაციას (შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებას) ისე, რომ დაცული იყოს ორივე მათგანის ინტერესები, შეუძლებლობისას კი (მათ შორის, როდესაც კრედიტორის უარი მისადაგებაზე იურიდიულად ანგარიშგასაწევია) დასაშვებია ხელშეკრულების მოშლა (გასვლა, შეწყვეტა) შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით. ამასთან, გარემოების შეცვლის შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი უსიამოვნება თუ დისკომფორტი ვერ გამოდგება სსკ-ის 398-ე მუხლის ამოქმედების საფუძვლად. მითითებული მუხლის გამოყენების მიზნებისათვის „გარემოების ცვლილება იმდენად უნდა ამძიმებდეს ერთ-ერთი მხარის მდგომარეობას, რომ მისგან ხელშეკრულების უპირობო შესრულების მოთხოვნა არათანაზომიერად უნდა ხელყოფდეს მის ინტერესებს.“ (იხ. მაგ. სუსგ №ას-1298-2018, 22/03/2019 წ. პარ. 101).
5) ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თუმცა ბრალის არარსებობა, როგორც წესი, გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობას ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის (არაჯეროვნად შესრულებისათვის), აღნიშნული იმას არ გულისხმობს, რომ თუ მხარე არამართლზომიერად განახორციელებს თავის უფლებებს (მაგ. გავა ხელშეკრულებიდან მაშინ, როდესაც ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა), მეორე მხარე ვერ შეძლებს მისგან არამართლზომიერი მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ არ არსებობს კონკრეტული,წინასწარ გაწერილი ფორმულა, რომლის ზედმიწევნით დაცვა სრულად გაგათავისუფლებდათ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი ყოველგვარი სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიებისა და მსგავსი გლობალური კრიზისების პირობებში, როგორც წესი, ადგილი აქვს ხელშეკრულების მონაწილე ყველა პირის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას, ყოველთვის მიზანშეწონილია, მხარეებმა კონსტრუქციული მოლაპარაკებითა და ურთიერთთანამშრომლობით იპოვონ საუკეთესო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, რითაც არა მხოლოდ უზრუნველყოფენ საკუთარი ინტერესების მაქსიმალურად ოპტიმალურად და ადეკვატურად დაცვას, არამედ, ამავდროულად გამორიცხავენ ისეთი სადავო შემთხვევების ფორმირებას, რომელთა გადაწყვეტა ხშირად დიდ დროსთან ან/და ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს ახალი ან დამატებითი კონტრაქტების გაფორმებით, რითაც ახლებურად განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობების წრე და იმ არსებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ბედი, რომლებიც გარემოებების არსებითად შეცვლის გამო აღარ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადეკვატურად (დაცვის ღირსად). ამასთან, ახალი კონტრაქტების დადებისას, ისევე, როგორც ძველი ხელშეკრულებების არსებულ რეალობასთან ადაპტირების პროცესში უპრიანია, თავი შეიკავოთ გარანტიების გაცემისა და რისკების საკუთარ თავზე აღებისაგან, განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდოთ ფასებისა და ვალდებულების შესრულების ვადების ხისტად ფიქსირებასა და საჯარიმო სანქციების (ჯარიმა, პირგასამტეხლო/საურავი) შემცველ დებულებებს, რადგან ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორი სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ასევე გირჩევთ, მომავალში მსგავსი გაურკვევლობების პრევენციის მიზნით როგორც ახალ, ისევე მოქმედ ხელშეკრულებებში შეიტანოთ შესაბამისი პირობები, რითაც ცალსახად და არაორაზროვნად დაარეგულირებთ ფორს-მაჟორთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს (განმარტება, რისკების გადანაწილება, შედეგები, ა.შ.) და, ამგვარად, თავიდან აირიდებთ ყოველ ჯერზე კანონის ზოგადი დანაწესების მიხედვით მხარეთა ინტერესების დაბალანსების, ქცევის კეთილსინდისიერების/გონივრულობის შეფასებისა და მსგავსი კომპლექსური იურიდიული საკითხების გადაწყვეტის რთულ და შრომატევად სამუშაოებს.
©NEXUS
იურიდიული კომპანია „ნექსუსი“
სხვა სამართლებრივი რეკომენდაციები იხ. ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/
