ნომინალიზმის პრინციპი ეროვნული ვალუტის გაუფასურების დროს

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანი თავისდა უნებურად აღმოჩნდა სრულიად ახალი და განსხვავებული რეალობის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კანონის ის დებულებები, რომლებიც გარკვეულ შეღავათებს უწესებს წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებების მატერიალიზაციის შედეგად შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ პირებს. დაუძლეველი ძალისა (ფორს-მაჟორი) და შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების სამართლებრივი ინსტიტუტების მიმოხილვის შემდეგ მიზანშეწონილად მიგვაჩნია გარკვეულწილად შევეხოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (სსკ) 389-ე მუხლს (ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას), რათა გავარკვიოთ, თუ რისი შეთავაზება შეუძლია მას ამ რთულ ვითარებაში ფულადი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი იმ პირებისათვის, რომელთა ვალდებულება „მყარ“ უცხოურ ვალუტაში ან მის ეკვივალენტ ეროვნულ ვალუტაშია დადგენილი.

სასამართლო პრაქტიკასა და სამართლის დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, სსკ-ის 389-ე მუხლი („თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.“) ქართულ სამოქალაქო სამართალში მოქმედი ე.წ. ნომინალიზმის პრინციპის გამოხატულებას წარმოადგენს. აღნიშნული პრინციპი, რომელსაც მრავალი განვითარებული ქვეყნის სამართლებრივი სისტემა იცნობს, იუწყება, რომ ფულადი ვალდებულებების შესრულებისას ვალდებულების წარმოშობიდან მის დაფარვამდე პერიოდში ფულის მსყიდველობითუნარიანობის ცვლილება არ გაითვალისწინება, არამედ გადამწყვეტია მხოლოდ ნომინალი (ფულადი ნიშნების (ერთეულების) რაოდენობა). ამრიგად, „1 ლარი უდრის 1 ლარს ნებისმიერ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, ხდება ფულის მსყიდველობითიუნარიანობის გაზრდა თუ შემცირება“. (იხ. სუსგ №ას-1298-2018, 22.03.2019 წ. პარ. 99)   

განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: 2017 წლის 01 იანვარს მოვალემ კრედიტორისაგან ისესხა 1000 დოლარი (პროცენტების გარეშე). ვალდებულების წარმოშობის (სესხის მიღების) დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება შეადგენდა 2.50 ლარს. სესხის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 01 იანვარი. ვთქვათ, ვალდებულების წარმოშობიდან მისი შესრულების ვადის დადგომამდე დროის მონაკვეთში ადგილი ჰქონდა ეროვნული ვალუტის დევალვაციას (გაუფასურებას აშშ დოლარის მიმართ) და 01.01.2019 არსებული კურსი აშშ დოლარსა და ეროვნულ ვალუტას შორის უკვე არის ₾2.70/$1 (1 დოლარი = 2.70 ლარს). მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი დევალვაციის გამო ვალის გასტუმრების დღეს ლარის მსყიდველუნარიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს იყო სესხის აღების დღეს (ვალი გამოსახული ლარებში: სესხის მიღება – 1000X2.50=2500ლ. სესხის დაბრუნება – 1000X2.70=2700ლ. სხვაობა – 200 ლ. (2700ლ.-2500ლ.)), ნომინალიზმის პრინციპის მიხედვით, აღნიშნული მოვლენა სამართლებრივი თვალსაზრისით შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება და, შესაბამისად, მოვალეს (მსესხებელს) მოუწევს კრედიტორისათვის კვლავ 1000 დოლარის (იგივე ნომინალი, რაც მისგან სესხის სახით მიიღო) დაბრუნება. ბუნებრივია, იგივე წესი მოქმედებს, თუ სხვა ტიპის სამართალურთიერთობაში, როდესაც სახეზეა ფულადი ვალდებულება (მაგ. ნასყიდობა განვადებით), ვალი გასტუმრებულ უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში და შესრულების ვადის დადგომის დღისათვის ლარის მსყიდველობითი უნარი ნორმალური ინფლაციის შედეგად შემცირებულია.   

ზემომოყვანილი მაგალითების გაანალიზების შემდეგ თუ მივუბრუნდებით სტატიის დასაწყისში ციტირებული 389-ე მუხლის დისპოზიციასა და გულდასმით წავიკითხვათ მას, დავინახავთ, რომ ხსენებული მუხლი შეიცავს ნომინალიზმის პრინციპის სრულიად საპირისპირო რეგულაციას, კერძოდ, მასში საუბარია, რომ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას მოვალემ გადახდა უნდა განახორციელოს „იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს“ მაშინ, როდესაც ნომინალიზმის პრინციპის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის დროს მოქმედ კურსს ყურადღება საერთოდ არ უნდა მიექცეს. საქმე იმაშია, რომ ქართულ სამართალში ნომინალიზმის პრინციპი თანამედროვე სახით რეალურად დამკვიდრდა არა სსკ-ის 389-ე მუხლის ამოქმედებით, არამედ მისი სასამართლოსეული ინტერპრეტაციებით.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2000 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავისი №3კ/428 გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად შეზღუდა 389-ე მუხლის ფარგლები და მისი მოქმედება გაავრცელა მხოლოდ 1) დენომინაციის (ქაღალდის ფულის ნიშნების სახელის გამოცვლა და მათი ნომინალური ღირებულების შემცირება. იხ. მაგ. 22/03/2019 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-831-831-2018, პარ. 15), 2) ვალუტის შეცვლისა (ქვეყანაში არსებული ფულის ნიშნის შეცვლა. იხ. სუსგ №3კ/428, 05/04/2000 წ.) და 3) ჰიპერინფლაციის (ძალიან მაღალი ინფლაცია, რომელიც ხშირად განისაზღვრება, როგორც ინფლაცია, რომლის ყოველთვიური დონე, დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში აღემატება 50 პროცენტს. იხ. 22/03/2019 წლის განჩინება საქმეზე №ას-1298-2018, პარ. 104) შემთხვევებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უზენაესი სასამართლოს შეხედულებით, თუ ქვეყანაში ადგილი არ ექნება დენომინაციას, ვალუტის შეცვლას ან ჰიპერინფლაციას, 389-ე მუხლის სიტყვა-სიტყვითი გამოყენება დაუშვებელია.  

ამასთანავე, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია ასევე, ფულის კურსის ნორმალური გაუარესების დროსაც, რადგანაც აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება. შესაბამისად, ნორმის ფუნქციური დანიშნულება მდგომარეობს შემდეგში: იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ფულის ნომინალს ცვლის ან კიდევ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ჰიპერინფლაციას[.] თუ სახელმწიფოს მიერ ნომინალის შეცვლას ან ჰიპერინფლაციას არ ექნება ადგილი, 389-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია“ (იქვე; იხ. ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარები, მუხლი 389, პარ. 8).     

გამომდინარე იქიდან, რომ ლარი საქართველოს ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალებაა, პრაქტიკაში ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც მხარეები ხელშეკრულების ფასს განსაზღვრავენ უცხოურ ვალუტაში, თანხის გადახდის ვალუტად კი უთითებენ ლარს (მაგ. „ნასყიდობის საფასური შეადგენს X აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით“. მხარეებს ასევე შეუძლიათ დათქვან სპეციალური კურსი). თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აღნიშნული ტიპის შეთანხმებები ექცევა მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (იხ. სსკ-ის 383-ე მუხლის მეორე წინადადება) და, შესაბამისად, იურიდიულად ნამდვილია.

უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ „ნომინალიზმის პრინციპი მიესადაგება მხოლოდ გადახდის ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შეცვლას და დაუშვებელია ამ პრინციპის გამოყენების საკითხის დასმა მაშინ, როდესაც საუბარია ეროვნული ვალუტის უცხო ქვეყნის ვალუტის კურსთან ცვალებადობაზე.” იხ. 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ას-1027-2021, პარ. 91.

ამდენად, ნომინალიზმის პრინციპი აქ არაფერ შუაშია და ურთიერთობის სამართლებრივ მოწესრიგებაში გამოიყენება მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების პირობები, ხოლო მათი შინაარსის არასრულყოფილებისა თუ ბუნდოვანებისას (მაგ. როდესაც დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელ დღეს მოქმედი კურსით უნდა იხელმძღვანელონ მხარეებმა) ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ინტერპრეტაციის ზოგადი პრინციპების შესაბამისად. თუ ხელშეკრულების სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტება სხვაგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს არა იმ კურსით, რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს (მაგ. ხელშეკრულების დადების დღეს) არსებობდა, არამედ ვალდებულების შესრულების დროისათვის არსებული სავალუტო კურსის შესაბამისად.

როგორც ვხედავთ, სსკ-ის 389-ე მუხლის სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობის მიუხედავად, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით მისი მოქმედების ფარგლები მკვეთრად შევიწროებულია, რის გამოც მითითებული საკანონმდებლო ნორმის გამოყენება ხდება მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში (დენომინაცია, ვალუტის შეცვლა, ჰიპერინფლაცია). ვინაიდან საქართველოში ზემომითითებულ პროცესებს ადგილი არ ჰქონია, დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების ტვირთის შემსუბუქების მიზნით სსკ-ის 389-ე მუხლის დებულებათა მოშველიება, დღეისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ იქნება ვალდებული მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მომტანი. თუმცა აღნიშნული თავისთავად არ გამორიცხავს სამართლებრივი დაცვის სხვა მექანიზმების ამოქმედების შესაძლებლობას მაშინ, როდესაც მოვალის ნებისა და მოქმედებისაგან დამოუკიდებლად ადგილი აქვს გარემოებათა ისეთ რადიკალურ ცვლილებას, როდესაც მისთვის შეუძლებელი ხდება ან უკიდურესად რთულდება სახელშეკრულებო ვალდებულებათა თავდაპირველი პირობებით შესრულება. ხსენებული მექანიზმებისა და საშუალებების თაობაზე საჭირო ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს სხვა პოსტებსა და სტატიებს ამავე ბლოგზე, ანდა ეწვიოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/.       

© 2025 Nexus LLC

იურიდიული კომპანია ნექსუსი

დატოვე კომენტარი