ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სსკ) ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ხელშეკრულების ერთ მხარეს ენიჭება კანონისმიერი უფლება მოითხოვოს მეორე მხარისაგან ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ხოლო უარის მიღების შემთხვევაში გავიდეს ხელშეკრულებიდან.  ეს მაშინაა დასაშვები, თუ სახეზეა შეცვლილი გარემოებები, უფრო კონკრეტულად კი – როდესაც „ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ“ (სსკ-ის 398-ე მუხლი).

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის გამოყენება დასაშვებია ამავე მუხლით გათვალისწინებული შემდეგი აუცილებელი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში: 1. შეცვლილმა გარემოებებმა უნდა გამოიწვიოს ვალდებულების შესრულების უკიდურესი დამძიმება; 2. გარემოება აშკარად უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების დადების შემდეგ; 3. გარემოებების შეცვლის გონივრულად გათვალისწინება ხელშეკრულების დადების დროს შესაძლებელი არ უნდა იყოს, ანუ შეცვლილი გარემოებები არ უნდა შედიოდეს დაზარალებული მხარის კონტროლის სფეროში; 4. ხელშეკრულებით არ უნდა იყოს გათვალისწინებული გარემოებების შეცვლის რისკის დაზარალებული მხარისათვის დაკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობა მოქმედებს და  398-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია; 5. ხელშეკრულების შესრულების გართულება გამოწვეული უნდა იყოს სწორედ აშკარად შეცვლილ გარემოებათა გამო, ანუ არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.“ (06/07/2010 წ. საქმე #ას-7-6-2010)

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად დასაშვებია სამართლებრივი თვალსაზრისით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი მდომარეობა მიჩნეულ იქნეს ხელშეკრულების დათქმული პირობებით შესრულებისაგან განთავისუფლებისა და, შესაბამისად, სსკ-ის 398-ე მუხლის დებულებების ამოქმედების საფუძვლად. ამ შეკითხვაზე ზოგადი პასუხის გაცემა შეუძლებელია გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და ყოველი საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა 398-ე მუხლის აუცილებელ წინაპირობებთან  უნდა შეფასდეს ზემოაღნიშნული ხუთპუნქტიანი ტესტით.    

სანამ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების ინსტიტუტის არსისა და თავისებურებების ნათელყოფის მიზნებისათვის ქვემოთ უფრო დაწვრილებით მიმოვიხილავთ სსკ-ის 398-ე მუხლის ძირითად ელემენტებს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მკითხველს განვუმარტოთ, რომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა გადაამოწმოთ, ხომ არ შეიცავს თქვენი ხელშეკრულება გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში მხარეთა უფლება-მოვალეობების, მათ შორის, რისკების გადანაწილების საკითხის, სპეციალურ მოწესრიგებას ან/და გარკვეული პროცედურული წესების დაცვის სავალდებულოობას (შეტყობინების გაგზავნა და მისთ.) თუ აღმოჩნდება, რომ ასეთი რეგულირება არსებობს და მის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ იკვეთება, მაშინ სასამართლო დავას გადაწყვეტს სწორედ მხარეების მიერ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების (ე.ი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების) შესაბამისად. მხარეთა შორის ამგვარი შეთანხმების არარსებობისას კი მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი:

1) ხელშეკრულების დადება დროში ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი გარემოებების ცვლილებას! თუ გარიგების საფუძვლის ცვლილებას ადგილი ჰქონდა (და მხარეთათვის ცნობილი იყო) ხელშეკრულების დადებამდე ან დადების მომენტში, ბუნებრივია, 398-ე მუხლი არ გამოიყენება.

2) გარემოებები უნდა შეიცვალოს არსებითად და ხსენებული ცვლილება მოვალისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებას უნდა ართულებდეს „უკიდურესად“, ე.ი. „იმ დონემდე, რომ [ვალდებულების] შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს“ (24/10/2017 წ. საქმე №ას-1096-1053-2016, პარ. 45).

3) აუცილებლად უნდა დგინდებოდეს აშკარა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გარემოებათა შეცვლასა და ვალდებულების შესრულების დამძიმებას შორის (შექმნილი ვითარება უნდა იყოს უშუალო მიზეზი დაზარალებული მხარის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის დათქმული პირობებით გაგრძელების შეუძლებლობისა)!

4) არახელსაყრელ პირობებში მყოფ მხარეს (მოვალეს) სარწმუნოდ უნდა შეეძლოს იმის დასაბუთება, რომ დაბრკოლების წარმოშობა მისთვის არ იყო წინასწარ (ანუ ხელშეკრულების დადების მომენტში) განჭვრეტადი და სავარაუდო. ზოგადი წესების თანახმად, ყოველი მხარე კონკრეტულ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში შესვლამდე ვალდებულია სათანადო წინდახედულებისა და გულისხმიერების გამოჩენითა და გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში გამოიკვლიოს და შეფასება მისცეს ყველა იმ არსებით გარემოებას, რაც აუცილებელია მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად. თუ მხარე თავისი დაუდევრობით ან გაუფრთხილებლობით ვერ შეძლებს სიტუაციის ობიექტურად შეფასებას, მას ერთმევა უფლება მომავალში 398-ე მუხლზე აპელირებით მოითხოვოს კონტრაქტის პირობების გადასინჯვა ან ხელშეკრულებიდან გასვლა.        

5) ასევე აღსანიშნავია კანონის ცალსახა დანაწესი იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების მოდიფიცირებასთან დაკავშირებით საბოლო სიტყვის უფლება გააჩნია კონტრაგენტს (მეორე მხარეს). დაზარალებულ მხარეს არ შეუძლია, სასამართლოს მეშვეობით თუ სხვა სამართლებრივი გზით აიძულოს მას შეცვლილ პირობებზე დათანხმება. თუმცა ამ მხრივ გასათვალისწინებელია სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები სამართალურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევისა და უფლების მართლზომიერად განხორციელების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეცვლილ გარემოებასთან ხელშეკრულების მისადაგების თაობაზე მხარეთა მოლაპარაკება უნდა დაემყაროს კეთილსინდისიერების პრინციპს. თუ მეორე მხარე შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებას არ დაეთანხმება და მის ქმედობაში არ იკვეთება არაკეთილსინდისიერი ქცევის ან/და უფლების ბოროტად გამოყენების ნიშნები, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, ისღა დარჩენია, რომ უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

6) ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებით სარგებლობა მკაცრადაა შეზღუდული კანონისმიერი მოთხოვნით, რომ ხელშეკრულებიდან გასვლამდე მხარეებმა სცადონ მისი მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების რეალიზაციამდე დაზარალებული მხარე ვალდებულია მოითხოვოს სახელშეკრულებო პირობების მისადაგება გარემოებების ცვლილებისადმი და აღნიშნული უფლება განახორციელოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეორე მხარისაგან მიიღებს უარს ან აღმოჩნდება, რომ ამგვარი მისადაგება შეუძლებელია. აქვე ხაზგასმით შევნიშნავთ, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა იწვევს არა ვალდებულების გაუქმებას, არამედ მის ტრანსფორმაციას შესრულებების უკან დაბრუნების იურიდიული შედეგით, გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობების დროს კი დგება ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგი, რაც შესაძლებელია სრულიად არ შეესაბამებოდეს დაზარალებული მხარის ინტერესებს. მაგალითად, ხელშეკრულებაზე უარი არ გაგათავისუფლებთ მიღებული სესხისა თუ კრედიტის უკან დაბრუნებისაგან. აქედან გამომდინარე, ხშირად კონტრაგენტის დაყოლიება კონტრაქტის მოდიფიკაციაზე გაცილებით უფრო გონივრული და სასარგებლოა მოვალისათვის, ვიდრე ხელშეკრულებაზე უარის თქმა.

დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ რიგ შემთხვევებში, საკითხის სირთულიდან გამომდინარე შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს სამართლებრივი დახმარებისათვის კვალიფიციური იურისტის დაქირავება, რომელიც პრობლემის ყოველმხრივ შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ შეძლებს თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი და ნაკლებად სარისკო გამოსავლის პოვნას, დაგეხმარებათ კონტრაგენტის დარწმუნებაში, რომ თქვენ მიერ შეთავაზებული პირობები ორივე მხარისათვის ოპტიმალური და მომგებიანია, დავის წარმოშობის შემთხვევაში კი უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების ჯეროვნად წარმოდგენასა და დაცვას დავის განმხილველი შესაბამისი ორგანოს (სასამართლო, არბიტრაჟი) წინაშე.

©NEXUS

იურიდიული კომპანია „ნექსუსი“

სხვა სამართლებრივი რეკომენდაციები იხ. ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/Nexuslawgroupllc/

დატოვე კომენტარი